ქუთაისის მერიაში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი განცხადებას გადადგომის შესახებ დღეს დაწერს.
ამ დროისათვის გიორგი ჭიღვარიას თანამდებობიდან წასვლის ოფიციალური მიზეზი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მერის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს.
მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრები, გიორგი ჭიღვარიას შესაძლო გადადგომის მიზეზებზე ჯერ არ საუბრობენ და განცხადების გაკეთებას მოგვიანებით, მოვლენების განვითარების შესაბამისად აპირებენ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გიორგი ჭიღვარია შიდაპარტიულ და კლანურ დაპირისპირებას ეწირება.
გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს,(მეორე ტური) 87,95 %-ით აირჩიეს. მისმა კონკურენტმა, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.
გიორგი ჭიღვარია პროფესიით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიკოსია, იგი არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
მერად არჩევამდე გიორგი ჭიღვარია მუშაობდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობებზე: იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის შტაბის უფროსი, არის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, იყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.
რადიო თავისუფლება