საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა. კორონავირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 73 წლის პაციენტს დაუდგინდა.
კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა რთულია. მან თვითდინებით კლინიკას გვიან ღამით მიმართა. რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, მათთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დადებითი პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან დაახლოებით კლინიკაში ორი საათის წინ მიიღეს.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4505 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პაციენტი რჩება.
კორონავირუსისგან ჯამში 14 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge