10 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარს ახალი, შიდა მიმართულებები დაემატა.
Myrest.ge დაინტერესდა, თუ რა ვითარებაა ფრენის დამატებიდან თითქმის ერთი თვის თავზე და ჰყავს ,თუ არა მომხმარებელი ახალ მიმართულებებს. ამასთან დაკავშირებით, ტურისტულ სააგენტო „vanilla sky"-ის დავუკავშირდით, რომელიც შიდა მიმართულებების ბილეთების ექსკლუზიური გამყიდველია.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ქუთაისის მიმართულებების დამატებამ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია და ბილეთებზე მოთხოვნაც არის. რაც შეეხება ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით განხორციელებულ ავიარეისებს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კვირაში ოთხჯერ ხორციელდება, მასზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია.
ტურისტულ კომპანიაში ამბობენ, რომ ფრენები გათვლილია ადგილობრივ მოსახლეობაზე, თუმცა შიდა რეისებით უცხოელებიც აქტიურად სარგებლობენ.
რეისებს ავიაკომპანია „სერვისეარი" ასრულებს. მისი წარმომადგენლის თქმით, ქუთაისის მიმართულებებზე მოთხოვნა შედარებით დაბალია. ზაფხულზე ავიაკომპანიას ბათუმის მიმართულებით ფრენების დამატების იდეაც აქვს.
შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ახალი ავიამიმართულება ნატახტარი - ქუთაისისა და ქუთაისი - ნატახტარი 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით სრულდება. მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით ზრდასრულებისთვის 50 ლარი, ბავშვებისთვის - 35 ლარი, ჩვილებისთვის კი უფასოა.
ასევე, ორშაბათსა და პარასკევს სრულდება ფრენები შემდეგი მიმართულებით: მესტია - ქუთაისი და ქუთაისი - მესტია. მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით ზრდასრულებისთვის 40 ლარი, ბავშვებისთვის - 28 ლარი, ჩვილებისთვის კი უფასოა.