"რეზონანსი": სამშენებლო კომპანიების მიზეზით ბოლო წლებში 20 ათასი ოჯახი დაზარალდა

"რეზონანსი": სამშენებლო კომპანიების მიზეზით ბოლო წლებში 20 ათასი ოჯახი დაზარალდა

access_time2016-07-14 15:00:04

სამშენებლო კომპანიების მიზეზით დაზარალებულთა რაოდენობა 20 ათას ოჯახს აღწევს. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, 2008 წლის შემდგომ პერიოდში, როცა დეველოპერთა უმეტესობა გაკოტრდა, 15 ათასი ოჯახი დაზარალდა, მათ შორის თითქმის ნახევარი “ცენტრ პოინტის” მობინადრეებზე მოდის. ეს სტატისტიკა მხოლოდ თბილისს მოიცავს. უცნობია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში, ბაზრის კვლევა ამ მიმართულებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.


სამშენებლო სფეროს სპეციალისტები უძრავი ქონების ბაზარზე გამოწვეულ მარცხს ნაციონალური მოძრაობის პერიოდში სამშენებლო კომპანიების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირებენ, კერძოდ, ბიზნესის ტერორს, რომელსაც მშენებლები ვერაფრით გაუმკლავდნენ.


სხვადასხვა დროს თაღლითურ გარიგებებსა და მომხმარებელთა მოტყუებაში მხილებული კომპანიების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა საზოგადოებას რამდენიმე მათგანმა თავი ხმაურიანი საქმეებით დაამახსოვრა. ცხადია, პირველობას “ცენტრ პოინტი” არავის უთმობს, თუმცა მობინადრეების წინაშე არანაკლები ბრალი მიუძღვით დანარჩენებსაც – “ევორდს”, “ოლიმპიურ ვარსკვლავს”, “მოდულს”, “ივერია სითის”. გაცილებით მეტია თაღლითი მცირე კომპანიები თუ ამხანაგობები. თითოეულთა საქმიანობა, მინიმუმ ორ დაუმთავრებელ საცხოვრებელ კორპუსს და ასეულობით დაზარალებულს ითვლის.


არასამთავრობო ორგანიზაცია “სამშენებლო ინსპექცია” რამდენიმე თვის წინ დაარსდა. მისი მიზანი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და დამზარალებულთა ბაზის შექმნაა. ორგანიზაციის წარმომადგენელი თამაზ ედიშერაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზარალებულთა აღნუსხვა და თითოეული შემოსული ინფორმაცია საფუძვლიანად მოწმდება.


“ზუსტი სტატისტიკა უძრავი ქონების ბაზრის დაზარალებულთა შესახებ არ არსებობს. აქამდე ამ მხრივ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ არსებობს არაოფიციალური მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება ვთქვათ, რომ დაზარალებულთა რაოდენობა 20 000 ოჯახს აღწევს. მარტო “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულთა რიცხვი 6200-ია და ესეც ზუსტი რაოდენობა არ არის, სინამდვილეში შეიძლება, მეტი იყოს.


მსხვილ კომპანიებზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენიმე ათეულს აღწევს იმ მშენებელთა რაოდენობა, რომლებიც მინიმუმ ერთ კორპუსს მაინც აშენებდნენ, არ გამოუვიდათ და თავი მიანებეს. ამასობაში კი მოქალაქეები დაზარალდნენ”, – ამბობს ედიშერაშვილი.


მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზრის დამცავი მექანიზმი, როგორც ასეთი, ქვეყანას არ გააჩნია. შესაბამისად, დიდია რისკიც. თავისთავად მომხმარებელსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.


 

“კონკრეტულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს მშენებლობის ხარისხი, ტექნოლოგია, კომპანიის ავტორიტეტი და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს. უამრავი კორპუსი დღეს თბილისში, ფაქტობრივად, წყალში დგას, მაგრამ ხალხი ცხოვრობს. წარმოდგენაც კი ჭირს, იმდენად დაუცველია დღეს უძრავი ქონების ბაზრის მომხმარებელი.


საქმე არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომპანიას, საკმაოდ ბევრი შეუსრულებელი ვალდებულება დაგროვდა. ახლა თითქოს რაღაც ძვრა შეინიშნება, მაგრამ თუკი ეს საქმეები გამოძიების იმედად დარჩა და სახელმწიფო ზრუნვის საგნად ვერ იქცა, მაშინ პრობლემები გარდაუვალია”, – აცხადებს ედიშერაშვილი.


როგორც აღვნიშნეთ, 2008 წლის ომის შემდეგ, დაზარალებულთა რიცხვმა 15 ათასი ოჯახი შეადგინა, ჯამში კი – 40 ათასი ადამიანი. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის ინფორმაციით, დაზარალებულთა ნაწილის მიმართ აღებული ვალდებულება სამშენებლო კომპანიებმა შეასრულეს, თუმცა რამდენიმე კომპანიის ათასობით მობინადრეს დღემდე აქვს პრობლემა.


უძრავი ქონების ბაზარზე რისკის დაზღვევის განსაკუთრებული მექანიზმი არ არის. ამიტომ ნებისმიერი მენაშენე ვალდებულია, მაქსიმალურად გაითვალისწინოს საფრთხე და ბინის ყიდვისას ნაუცბათევი გადაწყვეტილება არ მიიღოს.


“ბევრი ადამიანი მოტყუვდა, ზოგი “გადააგდეს”, რადგან კომპანია გაკოტრდა. ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე დაცვის მექანიზმი რისკს უკავშირდება. ოჯახი ბინის შეძენას ახერხებს ცხოვრებაში ერთხელ, ამას სჭირდება დაფიქრება და გარანტიის მიღება. გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. აუცილებელია, შეისწავლონ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმეები, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტები და სხვა. ნებისმიერი ასეთი ინფორმაციის მიღება დღეს მარტივია და ყველას შეუძლია.


ადამიანი, რომელიც 40-50 ათას დოლარს, ანუ მთელი ცხოვრების დანაზოგს იხდის უძრავ ქონებაში, ათასგზის უნდა დაფიქრდეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სხვადასხვა კომპანიის დაუდევრობით დაახლოებით 15 000 ოჯახი იყო დაზარალებული, ანუ 40 ათას ადამიანზე მეტი. დიდი ხნის განმავლობაში ისინი გაჩერებული მშენებლობების განახლების მოლოდინით ცხოვრობდნენ. მათგან 7000 “ცენტრ პოინტის” კლიენტი იყო, დანარჩენები – ყველა სხვა კომპანიის. ზოგი დაკმაყოფილდა, ზოგი – ვეღარ. სამწუხაროდ, ვერ მოგვარდა “ცენტრ პოინტის” პრობლემა. ზოგს სასამართლო დავა აქვს, ზოგს ყადაღა ადევს და ა. შ.” – ამბობს როსტომაშვილი.


მისი განცხადებით, სამშენებლო კომპანიები წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული რეპრესიების გამო დაზარალდნენ.

 

“ქვეყანამ აღიარა, რომ 9 წლის განმავლობაში იყო რეპრესია და ბიზნესის ჩაგვრა. ყველა ბიზნესი დატერორებული ჰყავდათ, მათ შორის არიან სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ფინანსურ ტერორს და გაკოტრდნენ. მაგალითად, ე. წ. სამხრეთ ოსეთში კომპანიებს სასტუმროები და სახლები ააშენებინეს ისე, რომ კომპენსაცია არ გადაუხადეს. სხვა კომპანიებს სახელმწიფო უწყებებისთვის ააშენებინეს შენობები. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მშენებლებს ყურძნის ჩაბარებას აიძულებდნენ ისე, რომ მათ მიერ გაწეულ ხარჯს არავინ ანაზღაურებდა. ასე თანდათან კომპანიები გაკოტრებამდე მიიყვანეს.


სხვადასხვა პერიოდში 7 სამშენებლო კომპანიის დირექტორმა თავი მოიკლა, მოხდა ტრაგედია და მისი გამომწვევი მიზეზით საზოგადოება არ დაინტერესდა. წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიების გამო, დეველოპერები აღმოჩნდნენ გამოუვალ მდგომარეობაში, რის შედეგს ახლაც იმკის ქვეყანა. დღგ-ის გადავადება, გათავისუფლება და სხვა შეღავათის გაწევა შარშან დაიწყო სახელმწიფომ, მაგრამ ეს ხდება ბოლო ერთი წელია, შედეგს ასე მალე ვერ მივიღებთ, დაგროვილი პრობლემების დაძლევას დრო სჭირდება”, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.


“ცენტრ პოინტის” ბედი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სამშენებლო კომპანიამ გაიზიაროს. გენპროკურატურაში აცხადებენ, რომ დაზარალებულთა მხრიდან უწყებაში არაერთი განცხადებაა შესული, რაზეც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.



„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
access_time2020-03-28 12:00:57
„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს,...

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს
access_time2020-03-28 13:00:00
ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dyson-მა, რომელიც მაღალი ხარისხის მტვერსასრუტებისა და თმის საშრობების წარმოებითაა ცნობილი, სასუნთქი აპარატების გამოშვება გადაწყვიტა. კომპანიამ 10 დღეში შეიმუშავა ახალი სასუნთქი აპარატის, სახელად CoVent დიზაინი და მას უკვე აქვს 10 000 ასეთი მოწყობილობის შეკვეთა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან.   Dyson-მა სასუნთქი აპარატები ციფრული ძრავის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა, რომელსაც სხვა პროდუქტებში აქამდე იყენებდა. წარმოების დასაწყებად ის...

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...


მსგავსი სიახლეები

up