"პარლამენტი, რომელსაც არცერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივა არ ჰქონია" – ექსპერტები დეპუტატების 4–წლიან საქმიანობას აფასებენ

"პარლამენტი, რომელსაც არცერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივა არ ჰქონია" – ექსპერტები დეპუტატების 4–წლიან საქმიანობას აფასებენ

person access_time2016-07-18 09:45:00

„ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდის პირველი მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა. 


მიღებულ კანონებზე მეტად ამ პარლამენტმა საზოგადოებას თავი უფრო იმ კანონპროექტებით დაამახსოვრა, რომელთა დამტკიცებისადმი დიდი მოლოდინი იყო, თუმცა მათი კანონად ქცევა ვერ მოხერხდა და ისინი დეპუტატებმა დასამტკიცებლად მომდევნო მოწვევის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დაუტოვეს.


"კომერსანტმა" მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და რეზონანსული კანონპროექტები გაიხსენა და ექსპერტების შეფასებებიც მოისმინა – რატომ ვერ მიიღო პარლამენტმა აქტიურად დაანონსებული კანონპროექტები და ინიციატივები, და რა დაკარგა ამით ქვეყანამ?


ერთ-ერთი ინიციატივა, რომლის მიღებაც ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში ვეღარ მოესწრო, ონლაინ სესხების კომპანიების რეგულირებას უკავშირდება.


ონლაინ სესხების შეზღუდვის საჭიროებაზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2016 წლის მარტში ისაუბრა. მაშინ მინისტრი აცხადებდა, რომ ონლაინ სესხების მიმართულებით რეგულირება უნდა არსებობდეს. მისი ინფორმაციით, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

 

"ალბათ უახლოეს მომავალში ჩვენ ვნახავთ ამ რეგულაციებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სესხებზე, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ეროვნული ბანკის პრეროგატივა და ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს ეს. ჩემი მონაცემებით, მათი ხედვა ემთხვევა ჩემს ხედვას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მიუხედავად ამ პათოსისა, რეგულაციების მიღება დღემდე ვერ მოხერხდა.


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი ამზადებს რეგულაციებს მთავრობასთან კონსულტაციით, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტის გატანა მიმდინარე პარლამენტის პირობებში ვეღარ მოესწრება. „პარლამენტი პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს და ის წინასაარჩევნო რეჟიმშია გადართული"-ამბობს ზურაბ კუკულაძე.


კიდევ ერთი კანონი, რომლის მიღებაც ამ პარლამენტის პირობებში ვერ მოხერხდა, თამბაქოს ინდუსტრიისთვის ახალ რეგულაციებს ეხება. ახალი რეგულირების შესახებ ამ დროისთვის მხოლოდ კანონპროექტი არსებობს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ შეიტანა, თუმცა მისი განხილვა საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო.

 

კანონპროექტისადმი პარლამენტში ერთგვაროვანი მიდგომა არ არსებობს, რამდენადაც დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი დოკუმენტის მიღება ნაჩქარევად არ შეიძლება.

გაჭიანურებული კანონპროექტების ნუსხაში ხვდება ანტიდემპინგური კანონიც. კანონის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2014 წლის იანვარში ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. კვირიკაშვილის თქმით, კანონის შემოღების მიზანი ადგილობრივი წარმოების არასამართლიანი კონკურენციისგან დაცვაა.


მაშინ კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ კანონმდებლობა ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებოდა და შეიძლება იმპორტიორისთვის მიუღებელი, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლისთვის მოსაწონი ყოფილიყო.


ყოფილი მინისტრისა და ამჟამად პრემიერის პროგნოზმა გაამართლა - ანტიდემპინგურ კანონპროექტს ბიზნესის ნაწილი მართლაც უარყოფითად შეხვდა და ეს კონკურენციის შეზღუდვად აღიქვა.

 


ანტიდემპინგური კანონპროექტი უკვე დიდი ხანია პარლამენტიდან მთავრობამ გამოითხოვა. როგორც პარლამენტარი თემურ მაისურაძე „კომერსანტთან" მიმდინარე წლის მაისში აცხადებდა, კანონპროექტში დასამატებელი იყო იმ დოკუმენტების სია, რომელიც საჭიროა დემპინგური ფასების ბრალდებით კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად. თუმცა, ამ დრომდე მთავრობას კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოსთვის არ დაუბრუნებია.


პარლამენტარი მაშინ ფიქრობდა, რომ კანონპროექტის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ „ვიღაცას ამის მიღება არ სურს".


ბიზნესმა დამატებით რეგულაციად აღიქვა "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტიც, რომლის ინიციატორი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია. კანონპროექტის განხილვები პარლამენტში მიმდინარეობდა, თუმცა, მისი დამტკიცება ამ დრომდე არ მომხდარა. კანონპროექტს ბიზნესის შენიშვნები ახლავს. ბიზნეს ასოციაციის განმარტებით, აღნიშნული კანონი ბევრი კომპანიის დახურვასა და გაკოტრებას გამოიწვევს.


კანონპროექტზე მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობს. კანონი 2014 წელს უნდა ამოქმედებულიყო.


2017 წლის 31 დეკემბრამდეა გადადებული სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა.


ბოლოს ავტოტექდათვალიერების შემოღების გადადების გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღეს. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ცვლილების გადადების ინიციატივით 2015 წლის თებერვალში მიმართა. შედეგად, ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ევროდირექტივებით კი სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ამოქმედების ვადა საქართველოს 2019 წლამდე აქვს.


ხელისუფლებამ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის ვადის გადატანის გადაწყვეტილებაც მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გასულ წელს ამ საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება და მსგავსი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა მიმდინარე წლის მარტიდან უნდა მომხდარიყო, ვადამ 2017 მომდევნო წლის 1 იანვრამდე გადაიწია.


ავტოდილერები კანონპროექტის ამოქმედებას ეწინააღმდეგებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ რეგულაციის ამოქმედებით უამრავი კომპანია გაკოტრდება.

 

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ამ მოწვევის პარლამენტის მუშაობა შეიძლება შეფასდეს როგორც სუსტი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ის, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ იყო ერთიანობა და არ იყო განსაზღვრული ეკონომიკური ხედვა.

 


„რაოდენობრივად ბევრი კანონპროექტი განიხილეს, თუმცა, ერთიანობა, ერთიანი ხედვა და ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკა არ იყო"-აცხადებს ჯგერენაია. მისი თქმით, არ უმუშავია არც პრემიერის ეკონომიკურ საბჭოს და არც პარლამენტის ეკონომიკურ კომიტეტებს.


ამ მოწვევის პარლამენტის მუშაობას საკმაოდ ნეგატიურად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი ეკა გეგეშიძე და ამბობს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არსებულ საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი ინიციატივით სავარაუდოდ არცერთი ეკონომიკური კანონპროექტი არ მიუღია. „მე ვერ დამისახელებთ ვერანაირ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა და ეს იყო პარლამენტის მიერ ინიცირებული"-აცხადებს გეგეშიძე.


მისი თქმით, მაგალითად, საგადასახადო კოდექსი, რაც აქამდე იყო, დღესაც დაახლოებით იგივეა. არანაირი ძირეული ცვლილება ამ მიმართულებით არ მომხდარა.

 

გეგეშიძე ამის მიზეზად სუსტ ეკონომიკურ ჯგუფს ასახელებს. მისი შეფასებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტიდან ახლანდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წავიდა, ფაქტობრივად, საკანონმდებლო ორგანო ნორმალური ეკონომისტის გარეშე დარჩა.

 

როგორც გეგეშიძე ამბობს, პარლამენტში არავინ არ არის ისეთი, რომელიც ნორმალურად წაიკითხავს აუდიტის ანგარიშებს და მოამზადებს პროგრამულ ბიუჯეტებს. მისი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტში ძალიან ბევრი იურისტია, ამ მხრივ ორგანო საკმაოდ წარმომადგენლობითია, თუმცა, ეკონომიკური ჯგუფი საკმაოდ სუსტად არის წარმოდგენილი.


„მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო თუ მოამზადებს კანონპროექტს. იმას მიიღებს პარლამენტი. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პარლამენტის ძირითადი ფუნქცია არის არამარტო მთავრობის დაკვეთების შესრულება, კანონპროექტების მიღება ან ჩასწორება, არამედ თავად უნდა მოახდინოს საჭიროებათა კვლევა და თვითონ გააკეთოს დამატებითი კანონები. არის გარკვეული კანონები, რომლებიც ამ 4 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანომ მიიღო, მაგრამ მათგან არცერთი პარლამენტის ეკონომიკური გუნდის მიერ ინიცირებული არ არის,"-აცხადებს გეგეშიძე.


როგორც ექსპერტი განმარტავს, ეკონომიკური პროფილის კომიტეტებში რამდენიმე სპეციალისტია, თუმცა ისინი პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან. როგორც გეგეშიძე ამბობს, აპარატი არ ქმნის ამინდს, რომ კანონპროექტის ინიცირება მოახდინოს. მისი თქმით, ამა თუ იმ კანონის საჭიროება პარლამენტის წევრმა უნდა იგრძნოს და არა აპარატის წარმომადგენელმა.


„პარლამენტში უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც კანონების წერა და მართვა იცის. ჩვენ კი პარლამენტში გყვავს ფეხბურთელი, მოჭიდავე, მსახიობი. საკანონმდებლო ორგანოში კულტურული სფეროს წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ, მაგრამ მათი რაოდენობა მინიმალური უნდა იყოს"-აცხადებს გეგეშიძე.


მისივე თქმით, სიები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში გამოქვეყნდა, ამ მიმართულებით „დამშვიდების" საშუალებას არ იძლევა. გეგეშიძის განცხადებით, წარდგენილ სიებში ეკონომისტები თითქმის არ არიან.


იმის შესახებ, რომ ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონების უმრავლესობა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერაა ინიცირებული, საკუთარ კვლევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ საუბრობს.

 

ექსპერტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტების ჩავარდნის მიზეზიც აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციაა.



საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“
access_time2019-12-14 10:00:30
„ნებისმიერი წარმატებული კომპანიისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი მენეჯმენტი ხვდება,რომ კმაყოფილი დასაქმებული ნიშნავს, კმაყოფილ მომხმარებელს. ამ მიმდგომით მიმდინარეობს ის სამუშაოები,რაც შემდგომში ქმნის ღირსეულ და კომფორტულ სამუშაო გარემო პირობებს“–ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ „ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლილი ბიბილაშვილმა და „დიო“-ს...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...


მსგავსი სიახლეები

up