„დღეს არსებული პრობლემები საქართველოს ეკონომიკას თან სდევს დამოუკიდებლობის პირველი დღიდან.ესენია: ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, მიმდინარე ანგარიშის ქრონიკული დეფიციტი, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, დანგრეული ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა და სხვა. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა დღეს ეჭიდება სწორედ ამ მემკვიდრეობით პრობლემებს და თანმიმდევრულად, ეტაპობრივად აგვარებს მათ," - ასე უპასუხა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშში გაჟღერებულ ეკონომიკურ პრობლემებს.
ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პერსპექტივებზე კონკრეტული ფაქტებით და ციფრებით ისაუბრა.
კაპიტალის ბაზრის რეფორმა, საპენსიო რეფორმა, მიწის რეფორმა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება. ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, სამთო კურორტების გაფართოება, უცხოური ინვესტიციებიდა სხვა აქტუალურითემები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული უმუშევრობის პრობლემასთან, ცალკეული მოქალაქის დასაქმებასთან, კეთილდღეობასა და ცხოვრების დონის ამაღლებასთან - ამ საკითხებზე გააკეთა აქცენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.
„სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია და, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოა ის მომენტი, რომ ხელისუფლებას პრიორიტეტად აქვს დასახული არა მხოლოდ მიმდინარე, ამწუთიერი ცალკეული პრობლემების მოგვარება, არამედ მისი პროგრამა ემსახურება გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძვლის, ფუნდამენტის შექმნას," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შემდგომ გამართულ საპარლამენტო დებატებზე.