საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაუარესებაზე NDI–ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც მიუთითებს. ორგანიზაციის მიერ გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა არ შეცვლილა, მათი უმეტესობა კი თვლის, რომ გაუარესდა.
„წინა კვლევის მსგავსად გამოიხატა, რომ მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები აწუხებს. მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დასაქმება, მზარდი ფასები და სიღარიბე. 66% თავს უმუშევრად თვლის. მხოლოდ მესამედი თვლის, რომ 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომაროება გაუმჯობესდა. 2012 წლის შემდეგ 82% ამბობს, რომ მათ ოჯახებში მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა." - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.
ამასთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ მათი და მათი ოჯახების მდგომარეობა გაუარესებულია, 17% კი ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
2016 წელს რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის დონე ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში უარესდებოდა, "კომერსანტი" უკვე წერდა.
რატომ ვერ ან არ მოახდინა გავლენა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ხელისუფლების მიერ გატარებულმა ეკონომიკურმა ღონისძიებებმა და რატომ აცხადებენ მოქალაქეები, რომ მათი სოციალური მდგომარეობა არ გამოსწორებულა? ეკონომისტების პოზიციით, 2016 წელს მთავრობას ისეთი აქტიური ნაბიჯები არ გადაუდგამს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ასახულიყო.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ვიცე–პრეზიდენტი, ეკონომისტი ვეფხია გიორგაძე „კომერანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ 2016 წელს არ ახსოვს მთავრობის მიერ მიღებული ისეთი ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახებოდა. გიორგაძის განცხადებით, შარშან ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური ღონისძიებები არაგონივრული იყო.
"ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, იმ ეკონომიკური პოლიტიკის გამოძახილია რომელსაც 2016 წელს დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებდა. ლარის გაუფასურებამ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობაზე განსაკუთრებულად იმოქმედა. არ მახსენდება მთავრობას ისეთი ეკონომიკური ღონისძიება გაეტარებინოს, რომელიც პირდაპირ მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახებოდა. 2016 წელს ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური ღონისძიებები არაგონივრული იყო." - განაცხადა გიორგაძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, შარშან მთავრობის მხრიდან ისეთი აქტიური ნაბიჯები არ გადადგმულა, რომ მოსახლეობას შვება ეგრძნო.
„2016 წელი რომ შევაჯამოთ, მთელი წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ისეთი ინიციატივა არ მახსენდება, რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა. მთელი წლის განმავლობაში საუბარი ესტონურ მოდელზე და ლარიზაციის პროექტზე იყო, რომელიც 2017 წლიდან ამოქმედდა. იგეგმება ასევე შედარებით მცირე პროექტების ამოქმედებაც. შარშან მთავრობის მხრიდან ისეთი აქტიური ნაბიჯები არ გადადგმულა, რომ მოსახლეობას შვება ეგრძნო. უფრო მეტად არსებულ პრობლემებთან გამკლავება ხდებოდა. მე რაიმეს გაუმჯობესებას წელსაც არ ველოდები." - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე