ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები - რეალობა და გამოწვევები

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები - რეალობა და გამოწვევები

access_time2017-11-04 19:00:52

12 წლის ედულა, შეიძლება ითქვას, რომ მეტროში გაიზარდა. დაახლოებით 3-4 წლის ასაკიდან მოწყალებას დედასთან ერთად ითხოვდა. როცა წამოიზარდა, დედამ ჩათვალა, რომ ამას მარტოც შეძლებდა. ედულა დღემდე ყიდის ხატებს და სანთლებს. არ დადის სკოლაში და თითქმის მთელ დღეს მეტროში ატარებს. ამბობს, რომ დღის განმავლობაში 30-დან 40 ლარამდე შოულობს.


ვინც მეტროთი მგზავრობს, ედულას ყველა ხვდება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ მისი ქუჩიდან გაყვანა ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, ედულა ქუჩაში მომუშავე ერთადერთი არასრულწლოვანი არ არის - აქ სხვა ბავშვებიც მუშაობენ, ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიღმა, ქუჩებში.


ზოგს შედარებით უმართლებს. 11 წლის გიორგი (სახელი შეცვლილია), რომელსაც წლების განმავლობაში საბურთალოზე, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრის წინ ეძინა, დღეს უკვე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს. სოციალური მუშაკები ყვებიან, რომ თავიდან ბიჭი სუპს პეშვით ჭამდა, “არ იცოდა, რა იყო კოვზი და ჩაის რომ უსხამდნენ, თითით ურევდა”.


საქართველოში 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას  მოგვცემდა. 10 წლის წინ ეს რიცხვი, 4 დიდ ქალაქში, 1500-ს აღწევდა. არც სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელსაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა ევალება და არც სტატისტიკის დეპარტამენტს არ აქვს ზუსტი მონაცემები, რამდენი ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში. თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე 908 ბავშვი აღრიცხეს. მათგან სახელმწიფო სერვისებით 215-მა ისარგებლა, ღამის თავშესაფარში ამ დროისთვის 9 ბავშვი იმყოფება, 146 კი დღის ცენტრის სერვისებით სარგებლობს.


ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა იკვლევს და წლის ბოლოს შედეგებსაც გაასაჯაროებს. ორგანიზაცია კვლევაზე იუნისეფის აზერბაიჯანის ოფისთან ერთად მუშაობს, ვინაიდან საქართველოში ქუჩაში მომუშავე ბევრი აზერბაიჯანელი ბავშვიც არის. ისინი მშობლებთან ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში და უმეტესად აფრიკის დასახლებაში ცხოვრობენ. კვლევის ავტორები ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს არა მხოლოდ რაოდენობრივად აღწერენ, ასევე მათ საჭიროებებს შეისწავლიან.


ომბუდსმენი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ “სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების ნაკლებად ეფექტიანია, განსაკუთრებით განათლების უფლების განხორციელების, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით”.


ქუჩაში ამ ბავშვების ფუნდამენტური უფლებები ირღვევა - ისინი არ არიან დაცულები ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ხდებიან შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლები, ვერ იღებენ განათლებას და სამედიცინო მომსახურებას.
 

რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო მიუსაფარ ბავშვებს


ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2014 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს და ორგანიზაცია კარიტას გეორგიკას ერთობლივი მუშაობის შედეგად მობილური ჯგუფები შეიქმნა, რომლებსაც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოგვარება უშუალოდ დაევალათ. მას შემდეგ დღემდე საქართველოში სულ 4 მობილური ჯგუფი მუშაობს, 3 თბილისში და 1 ქუთაისში.


მობილური ჯგუფის გამოძახება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05-ზე დარეკვით არის შესაძლებელი. გამოძახება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ბავშვის ქუჩაში ცხოვრების და მუშაობის მომსწრეა.


თითოეული მობილური ჯგუფი 4 ადამიანისგან შედგება: სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, მძღოლი და თანასწორ-განმანათლებელითანასწორ-განმანათლებელი გულისხმობს 18 წლის ან უფროს ადამიანს, რომელიც ბავშვობაში თავად იყო მიუსაფარი და რეაბილიტაციის გზა გაიარა.


ჯგუფს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ისინი ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებას ახდენენ, მათთან და მათ მშობლებთან კონტაქტს ამყარებენ და ცდილობენ, ბავშვი სახელმწიფო სერვისებში ჩართონ. სწორედ მობილურ ჯგუფებს ევალებათ ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების გამოვლენა, მათთან ვიზიტები, მათ შესახებ შესულ შეტყობინებებზე რეაგირება და ა. შ. პროგრამა მოიცავს ფსიქოლოგის მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიულ ან სტაციონარულ მომსახურებას, ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის მოძიება/მოწესრიგებას და სხვა.


სახელმწიფო სერვისებში დღის ცენტრები და თავშესაფრები იგულისხმება. საქართველოში სულ 6 თავშესაფარი არსებობს: 4 თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი - რუსთავში. დღის ცენტრიც, შესაბამისად, 6 - იმავე შენობაში. თავშესაფრები სახელმწიფოსა და ორგანიზაცია საქართველოს კარიტასის ერთობლივი მუშაობით 2014 წელს, მობილური ჯგუფების ჩამოყალიბების პარალელურად შეიქმნა.


style=border:
ფოტო: ტაბულა


თავშესაფრებში, რომელიც დღის ცენტრებიც არის, ბავშვებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ, ისწავლონ, მიიღონ ფსიქოლოგის მომსახურება. რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია ფსიქოთერაპევტიც. მათი კოლაბორაციის შედეგად დგება ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმა, რომლითაც შემდგომში 6 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობენ. 6 თვის შემდეგ კი მიღწეული შედეგის მიხედვით ინდვიდუალური განვითარების გეგმა თავიდან იწერება. თავშესაფარი დროებითი, გარდამავალი ადგილია, სადაც, რეაბილიტაციის გავლის შემდეგ ბავშვები ცხოვრებას მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში აგრძელებენ. თავშესაფარში ბავშვის ცხოვრების მაქსიმალური ვადა 18 თვეა.


საქართველოში 30-ზე მეტი საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს. ეს სახლები 10 არასრულწლოვანზეა გათვლილი - 6-დან 18 წლამდე ბავშვებზე, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება. აქ ცხოვრობენ ბავშვები, რომლებიც დიდი დიდი ინსტიტუციებიდან, ე.წ ბავშვთა სახლებიდან მათი დახურვის შემდეგ გადმოიყვანეს. 


მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 20 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის - დღეში 17 ლარს. თუმცა, სახელმწიფო/სოციალური მომსახურების სააგენტო ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვის პროცესში მრავალ სირთულეს აწყდება.


ბავშვის ნდობის მოპოვება


მას შემდეგ, რაც მობილური ჯგუფები ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს გამოავლენენ, ცდილობენ, ბავშვი თავშესაფარში მოიყვანონ. თუმცა, მცდელობა ყოველთვის წარმატებით არ მთავრდება.


სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი, ირინა წერეთელი ამბობს, რომ მთავარი მომსახურების მიმღები ბავშვის სურვილია.


“გავდივართ ველზე, ვამყარებთ კონტაქტს, ვესაუბრებით. რამდენიმე ვიზიტის შემდეგ თავადაც გვცნობენ და იხსნებიან. ბავშვი თავშესაფარში ერთი შეხვედრის შემდეგ არ მოვა - შეიძლება ამას დიდი დრო დასჭირდეს. მაგალითად, ბიჭთან, რომელიც ახლა გაჩვენეთ, დაახლოებით წელიწადნახევარია ვმუშაობთ და თავშესაფარში რამდენიმე დღის წინ მოვიდა. აბსოლუტურად ყველას ყავს მშობელი. როდესაც გოგონა არის 10-12 წლის და ეკითხები, რატომ ხარ ქუჩაში, გეუბნება, რომ აბა რითი ვიცხოვრო, მაშინ შენ მომეცი ფულიო, სახელმწიფო სერვისებზე კი უარს ამბობენ”.


თუ ბავშვი თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ რეაბილიტაციას სრულად არ გაივლის და “გარბის”, ის კვლავ ქუჩაში ხვდება და ადრინდელ ცხოვრებას უბრუნდება.


“ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. თუ ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და ბავშვი შეიძლება ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდეს, ასევე, თავისთავად ის ფაქტი, რომ ბავშვი ქუჩაშია, არ არის ნორმალური და რეაგირება მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორი უნდა იყოს რეაგირება, კონკრეტული შემთხვევის მიხედვით უნდა განიხილებოდეს. ეს არ არის ძალადობაზე დამყარებული სისტემა, ეს ნებაყოფლობითია. ბავშვთან, ასევე აუცილებლად ოჯახთან უნდა მიდიოდეს მუშაობა. შესაბამისმა სპეციალისტებმა უნდა გამოიკვლიონ ის მიზეზები, რის გამოც ბავშვი ქუჩაშია”, - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე.


რა ხდება, როცა ბავშვი ქუჩაში მუშაობს, მაგრამ მშობელი თავშესაფარში მის გაშვებაზე უარს ამბობს
 

ირინა წერეთელი: “თავდაპირველად მშობელს რამდენჯერმე ვაფრთხილებთ, თუ ის ამას არ გაითვალისწინებს, ვიძახებთ საპატრულო ეკიპაჟს, გამოიწერება ოქმი. ამას მოყვება ის, რომ ბოლოს და ბოლოს, სოციალურ მუშაკს მიყავს ბავშვები. მშობელს აქვს დრო დაფიქრებისთვის. თუმცა, მაგალითად, ერთ შემთხვევაში, მშობელი არაფერზე არ წამოვიდა, რის გამოც მას ბავშვები ჩამოართვეს და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ყველაფერი არის ინდივიდუალური და სოციალური მუშაკის გადასაწყვეტია იმის მიხედვით, გამოიკვეთა თუ არა ძალადობის ფაქტი, ბავშვი რას ყვება და ა.შ”.


ქუჩაში მომუშავე ბავშვების უმეტესობას მშობელი ჰყავს
 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 26-ე თავის 171-ე მუხლის მიხედვით, “არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე,- ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე”. თუმცა, ამ მუხლით დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.


ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ ცალკე სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და მას პროკურატურა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ჭრილში ერთიანად აღრიცხავს. 


2016 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სოციალურ მუშაკს მიენიჭა უფლება, საჭიროების შემთხვევაში ბავშვი აგრესორისგან პოლიციის გარეშე, დამოუკიდებლად. თუმცა, კანონის ამოქმედებიდან დღემდე მსგავსი პრაქტიკა არ ყოფილა. სოციალური მუშაკი ამბობს, რომ მათ პოლიციასთან მსგავს საკითხზე უთანხმოება ჯერ არ მოსვლია. “არის პოლიციელების კატეგორია, რომელიც დატრენინგებულია ამ მიმართულებით, არიან პოლიციელები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩვენ გვენდობიან და გვეუბნებიან, თქვენ რასაც იტყვით, იმას გავაკეთებო. შემთხვევა, რომ სოციალურ მუშაკს პატრული არ დაეთანხმოს, ქუჩაში მომუშავე ბავშვებთან მიმართებაში არ მომხდარა”, - ამბობს ირინა წერეთელი.


მეტრო


style=border:
ფოტო: Wikipedia


მობილურ ჯგუფებს ქალაქის ტერიტორია სამუშაო ერთეულებად აქვთ გადანაწილებული. მუშაობენ თბილისის და ქუთაისის ყველა უბანსა და დასახლებაში. თბილისში მათი უფლებამოსილება მეტროს ტერიტორიაზეც ვრცელდება, სადაც ყოველდღიურად ათობით ბავშვი მუშაობს. თუმცა, თბილისის მეტროში არსებული ვითარება, სხვა საკითხებთან ერთად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.


ირინა წერეთელი: “სირთულე ის არის, რომ როცა ქუჩაში ვხვდებით ბავშვს, გვაქვს მასთან გასაუბრების და გაცნობის საშუალება. მეტროში ბაქანზე არიან, გამოდიან და შედიან, მათ გარკვეული თანხის შეგროვების დავალება აქვთ და ჩვენ საერთოდ არ გვიჩერდებიან. უნდობლობის მომენტი აქვთ. ქუჩაში გვხედავენ ხოლმე, რამდენიმე მისვლის შემდეგ გვეჩვევიან, მეტროში ეგ არის ძალიან რთული შესასრულებელი, აქედან გამომდინარე, კომუნიკაციის დამყარება გვიჭირს”.


არც სოციალური მომსახურების სააგენტოს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბავშვების მუშაობის გამოყენების სქემის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. წერეთლის თქმით, ისინი დასკვნას, რომ ბავშვებზე ასაკით უფროსი ან არასრულწლოვანი, მაგრამ მათთვის ავტორიტეტული ადამიანი ამუშავებს და კონკრეტული ოდენობის ფულის მიტანას სთხოვს, მხოლოდ დაკვირვების საფუძველზე აკეთებენ. წერეთლის თქმით, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები ამ საკითხზე არც მათთან და არც პოლიციასთან საუბრობენ.


მეტროში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუდმივად მორიგეობენ. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება მათი უფლებამოსილებაც არის. ბავშვების ძალადობისგან დაცვის რეფერალის თანახმად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება ყველა დაწესებულებას, რომელიც ურთიერთობს ბავშვთან, მათ შორის: სკოლას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საუბნო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრ თანამშრომელს შესაბამისი უნარ-ჩვევები არ აქვს. რიგ შემთხვევებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არასათანადო მუშაობის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშშიც არის საუბარი. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ “რიგ შემთხვევებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ თანამშრომლობს მიუსაფარ ბავშვთა უზრუნველყოფის ფარგლებში მოქმედ მობილურ ჯგუფებთან”.


მოლდაველი ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები


style=border:
ფოტო: ტაბულა


სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის განსაკუთრებით რთული მოლდაველ ბოშებთან და აზერბაიჯანელ ქურთებთან მუშაობაა.


ბოშები საქართველოში მუდმივად ცხოვრობენ. თუმცა, მათ დიდ ნაწილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები  არ აქვს. 2008 წლის მონაცემებით, დოკუმენტაცია 1500 მათგანს ჰქონდა. “ადამიანის უფლებათა ცენტრის” შეფასებით, საქართველოში მცხოვრები ბოშების რაოდენობის ოფიციალური სტატისტიკა ყოველთვის მიახლოებითია. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მათი საცხოვრებელი სახლებიც არ არის რეგისტრირებული და შესაბამისად, ამ სახლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, წყალი და სხვა კომუნიკაციები. ბოშა  ბავშვები ხშირად არ ან ვერ დადიან სკოლაში. მარგინალიზებული ჯგუფისთვის უმეტესწილად ხელმისაწვდომი არ არის ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამები და სხვადასხვა სოციალური დახმარებები.


დოკუმენტაციის პრობლემაა აზერბაიჯანელ ქურთებთან დაკავშირებითაც. სოციალური მუშაკი ირინა წერეთელი ამბობს, რომ ვინაიდან აზერბაიჯანში მოწყალების მიღება კანონით იკრძალება, ისინი დაახლოებით 10 წელია, საქართველოში ქუჩაში მუშაობისთვის ჩამოვიდნენ.


სტატისტიკური მონაცემები, რამდენი აზერბაიჯანელი ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში ქუჩაში, ჯერჯერობით არ არსებობს. იუნისეფის კვლევაში, რომელიც მაია ქურციკიძის ცნობით, მიმდინარე წლის ბოლოს გამოქვეყნდება, ეს რიცხვებიც იქნება.


ღამის საათების და შაბათ-კვირის პრობლემა


style=border:
ფოტო: რადიო თავისუფლება


სოციალური მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთი გამოწვევა ღამის საათები და შაბათ-კვირაა, როდესაც მობილური ჯგუფები არ მუშაობენ. ღამის საათებში ქუჩაში მომუშავე ბავშვის დაფიქსირების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვისას ოპერატორი გთხოვს, პატრული გამოიძახო, რადგან სოციალური მუშაკები არ მუშაობენ. ანალოგიური ვითარებაა შაბათ-კვირას. ქუჩაში მომუშავე ბავშვები განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში აქტიურობენ - შარდენზე, ახალ აღმაშენებელზე, სოციალური მუშაკები კი მათთან ვერ კონტაქტობენ, რადგან დასვენების დღე აქვთ.


იუნისეფის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ვითარების გაუმჯობესებისთვის აუცილებლად მიიჩნევს, მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდასთან და სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად სახელმწიფო სისტემა გაძლიერდეს. მისი თქმით, აუცილებელია იმ მიზეზების შესწავლა, რატომ მუშაობენ ბავშვები ქუჩაში და პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები ინდივიდუალური შემთხვევის შესაბამისად.



tabula.ge



Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up