ქსნის მინის ტარის ქარხანამ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციიის (IFC-ს) მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის იტალიაში ექსპორტი დაიწყო. 2016 წლის 26 აპრილს, ქარხანას IFC-ს წარმომადგენლები ეწვივნენ და განახლებული საწარმოო აღჭურვილობა მოინახულეს, რამაც სს „მინის“ საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანობის ზრდას და ევროპის ბაზარზე ექსპორტის დაწყებას შეუწყო ხელი.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC-მ), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, გაფართოების მიზნით, სს „მინას“ 8.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო და დამატებით 5 მილიონი ევრო „რაბობანკისგან“ მოიზიდა. IFC-სა და „რაბობანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, ქარხანამ წარმოების ახალი, ულტრათანამედროვე ხაზი დაამატა, მანქანა-დანადგარები განაახლა და ენერგო და რესურსეფექტიანი აღჭურვილობა შეიძინა.
სს „მინის“ გენერალურმა დირექტორმა უმით აიდოღანმა განაცხადა: „ქართულ ბაზარზე არსებულ მინის პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, რის გამოც, ადგილობრივი კომპანიები ადრე თავიანთ წარმოებებში იმპორტირებულ მინის ტარსაც იყენებდნენ. ქარხნის განვითარებამ საშუალება მოგვცა, ბაზარზე არსებული მოთხოვნა სრულად დაგვეკმაყოფილებინა. „მინის“ მსგავსი ადგილობრივი წარმოებების ხელშეწყობა და განვითარება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მეტად მნიშვნელოვანია“.
IFC-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა მენეჯერმა, იან ვან ბილსენმა განაცხადა: „საწარმოს პროგრესი სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის მატებას და ქსნის რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მიერ განხორციელებული ინვესტიცია საქართველოში IFC-ს იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც კონკურენტული უპირატესობის მქონე სექტორების მხარდაჭერას გულისხმობს ეკონომიკური ზრდის წახალისების მიზნით.“
IFC სს „მინასთან“ უკვე 17 წელია თანამშრომლობს.
საქართველოში მინის მწარმოებელი ერთადერთი ქარხანა — სს „მინა“ 1997 წლიდან თურქულ სამრეწველო ჰოლდინგ „შიშეჯამის“ შემადგენლობაშია. ჰოლდინგი მსოფლიოს მინის მწარმოებელთა პირველ ოთხეულში შედის. დღესდღეობით „მინის“ ნაწარმს ქართულ წარმოებაში გამოყენებულ მინის პროდუქციას შორის, ბაზრის წილის 70% უკავია. მისი კლიენტები ისეთი მსხვილი ქართული და უცხოური მწარმოებლები არიან, როგორებიცაა IDS „ბორჯომი საქართველო“, სს „წყალი მარგებელი“, სს „ლომისი“, ყველაზე პოპულარული მინერალური წყლის მწარმოებელი აზერბაიჯანში — Babek Syrab-ი და ა.შ.