“ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ” მარკოზის სახარება. თავი 5. 9
მე ვუყურე ამ ფილმს. მართალია კინოსეანსზე ვერ მივედი ჩემი გადატვირთული გრაფიკის გადამკიდე, მაგრამ ფილმს მაინც ვუყურე სოციალურ ქსელში. სიმართლე გითხრათ ძალიან თუ მოვინდომებდი გადატვირთულ გრაფიკს ალბათ რამეს მოვუხერხებდი, მაგრამ დამეზარა. ჩავთვალე, რომ ეს ფილმი ჩვეულებრივი „კიჩი“ იქნებოდა და არ ღირდა დროის კარგვად. თან მაგრად მეზარებოდა კინოთეატრების წინ შეკრებილი, უმეტესწილად პოლიტიკურად მოტივირებული სადუკეველების ყიჟინის მოსმენა და რომ არა სოციალურ ქსელში შემთხვევით შემოთავაზებული ლინკი, ალბათ არც ფილმს ვუყურებდი და არც ეს ბლოგი დაიწერებოდა.
სახარების თანახმად, როდესაც იესო ქრისტე მებაჟეებთან და ცოდვილებთან ტეხს პურს, მივლენ ფარისევლები მის მოწაფეებთან და იკითხავენ, რატომ ჭამს და სვამს მათი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად, რაზეც იესო უპასუხებს მათ: “მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ”.
პრინციპში მთელი სახარებაც ხომ სწორედ ბრძოლასა და მიმტევებლობაზეა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, შემწყნარებლობით ბრძოლაზე ფარისევლობის, ცოდვის და ბოროტების მიმართ. ბოროტების, რომელიც როგორც წესი, ისტორიულად უმრავლესობით არის ხოლმე წარმოდგენილი საზოგადოებაში.
რა თქმა უნდა ეს ფილმი არ არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. მეტიც ეს ფილმი საერთოდ არ არის ჰომოსექსუალიზმზე, როგორც კარგ ან ცუდ მოვლენაზე. ცოდვაზე ან სიკეთეზე. ჰომოსექსუალიზმი, როგორც თავისთავადი, ბუნებრივი მოვლენა, რეჟისორისათვის ამ ფილმში არის მხოლოდ საშუალება, ერთგვარი ხერხი, ჩაგვახედოს სარკეში, საკუთარ სულებში გამეფებული ფარისევლობის, სისასტიკის და დამახინჯებული რწმენის დასანახად.
რა თქმა უნდა ამ ფილმში არის მომენტები, რომელიც რბილად რომ ვთქვათ პროვოკაციული, გაზვიადებული, უტრირებული და ზოგჯერ შეურაცხმყოფელიც კია კონსერვატორული აზროვნებისათვის. რა თქმა უნდა, რეჟისორმა კარგად იცის, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისათვის, ქვევრის ფონზე, ორ ქართველ ვაჟს შორის დამყარებული სქესობრივი აქტი, უკიდურესად მიუღებელი სცენაა. ისევე როგორც თავად ქართული ცეკვა, კონსერვატორი ქართველისათვის ფუნდამენტურად შეუთავსებელია ჰომოსექსუალიზმთან, რადგან იგი ჩოხას, მანდილს, ფეხის გასმას და ხანჯალს, ბუნებრივად აიგივებს ქრისტიანობასთან და შესაბამისად საკუთარ იდენტობასთან.
უთხრა ასეთ ქართველს, რომ ვაჟს შეიძლება პირველი, ნამდვილი სიყვარულით შეუყვარდეს არა კდემამოსილი ქალწული, არამედ მისივე სქესის წარმომადგენელი, იგივეა რომ მას წაართვა ყველაზე ინფანტილური წარმოდგენა პირველ სიყვარულზე, როგორც საკრალურ და იდუმალ პროცესზე, რომლისკენაც იგი მუდმივად მიისწრაფვის და რასთანაც ქვეცნობიერ დონეზე აიგივებს ქვევრს, ვაზს, ქართულ ცეკვას და რაც მთავარია ქრისტიანულ სარწმუნოებას, როგორც საკუთარი იდენტობის გადარჩენის ერთადერთ ლოგიკურ ახსნას ისტორიული ქარტეხილებით და მტრებით გარემოცულ სამყაროში.
ამიტომაც იყო და იქნება ეს ფილმი მიუღებელი უმრავლესობისათვის ამ ქვეყანაში.
ამიტომაც ვერ იქცევა ეს ფილმი ხელოვნების ნიმუშად საქართველოში და განწირულია იგი უარყოფისათვის.
მაგრამ ამავე დროს, ეს ფილმი, არის სწორედ იმაზე, რასაც სახარებაა გვასწავლის მთელი თავისი მაგიური და განუმეორებელი მიზიდულობით. ეს ფილმი არის მიმტევებლობაზე და სიყვარულზე. უფრო სწორად კი შეუწყნარებლობაზე და სიყვარულის დეფიციტზე ადამიანებს შორის. და რაც მთავარია სისასტიკეზე, თუნდაც საკუთარი ფუნდამენტური, ხშირად დამახინჯებული რწმენის საწინააღმდეგო ღირებულების მქონე ადამიანების მიმართ.
სწორედ ამიტომ ეს ფილმი, ყველაზე ქრისტიანული ფილმია, რაც კი ბოლო დროს მინახავს.
და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ამ ფილმის ყურებისას იყო კითხვა, სად იქნებოდა იესო ქრისტე პრემიერის დღეს, იქ სადაც შეუწყნარებლობა და სისასტიკე იყო, თუ იქ სადაც ამ სისასტიკის და დამახინჯებული რწმენის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, გამოხატვის ყველაზე უფრო კეთილშობილური ფორმით, რასაც შემოქმედებითი გამოხატვის უფლება ეწოდება.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩემი ღმერთი, იესო ქრისტე, სადღაც კინოთეატრის დარბაზის ბოლო რიგებში იჯდებოდა, სხვა მრავალ ჩემნაირ ცოდვილთან ერთად და შესანიშნავი ფინალური სცენისას, როდესაც მეგობრებისგან, პედაგოგებისგან და უმრავლესობისგან უარყოფილი მთავარი გმირი, ჩოხას გაიხდის და ბნელ კარში გადის, ტაშსაც დაუკრავდა ნიშნად ჰუმანიზმისა და ადამიანებს შორის სიყვარულის მარადიულობისა.
ამირან გიგუაშვილი
12 ნოემბერი 2019 წელი