მასშტაბური საპრივატიზებო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, ოფიციალურად ამოქმედდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, პროექტი თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა.
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა. პროექტმა გამოცხადებისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია.მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი, „საქართველოს ფოსტა“ თურნავას განცხადებით, გასაყიდად მზად ორ თვეში იქნება,ექსპერტულ წრეებში განმარტავენ, რომ ობიექტების გასაჯაროების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს იმედი გაუცრუვდა.
პროცესს სკეპტიკურად უყურებს და სახელმწიფოს მხრიდან წარუმატებლად დასრულებულ მსგავს არაერთ ფაქტს იხსენებს ეკონომისტი ირაკლი მაკალათია.
„მსგავსი პრივატიზება 90-იან წლებშიც ჩატარდა, მაშინაც ცუდი მოდელი შემოგვთავაზეს და დაბალი კაპიტალის მქონე აქციები გამოიტანეს, რომელსაც რეალური მოგების მოტანა არ შეეძლო. შემდეგ კი თქვეს, რომ აღნიშნულმა პრივატიზებამ ეკონომიკური კეთილდღეობა მაინც არ მოიტანა. რამდენჯერმე განმეორდა მსგავსი ფაქტი და დღესაც მთავრობა მნიშვნელოვან ობიექტებს ხელს უჭერს, არ უნდა გაუშვას კერძო სექტორში, რომ ეკონომიკა არ განვითარდეს და ფინანსური ძალაუფლება თვითონ არ დაკარგოს. სახელმწიფო კომპანიები ყველა წაგებაზე მუშაობს, მაგრამ ავი ძაღლის პრინციპზე არიან გადასული, არც თვითონ იყენებენ (ან რასაც იყენებენ ხალხს ახდევინებენ იმის ზარალის ფულს) და არც სხვას აძლევენ, რომ კერძო სექტორში გადავიდეს, რომლებიც მოგებაზე იქნებიან ორიენტირებულნი და რეალურად ეკონომიკა განვითარდება“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.
სახელმწიფო საწარმოების ზარალი კი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, სახელმწიფო კომპანიებმა 160 მილიონი ლარით მეტი იზარალეს. ეკონომისტი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კომპანიებისთვის მოგების მიღება მთავარ მიზანს არ წარმოადგენს, ის მხოლოდ ძალაუფლების წყაროა.
„სახელმწიფო საწარმოები არაეფექტიანია, იმიტომ რომ სახელმწიფო თვითონ მონოპოლისტია, ერთი მესაკუთრე ჰყავს ამ ობიექტებს და დირექტორები არ არიან მოგებით დაინტერესებულნი, რადგან სახელმწიფოსგან სუბსიდიებს მაინც იღებენ, ამიტომ არანაირი მოტივაცია არ აქვთ. სწორედ ასეთ პირობებში ხდება კორუფციის წახალისება და ნეპოტიზმი, წაგებაზე იმუშავებენ თუ მოგებაზე არაფერი მოეთხოვებათ. მიუხედავად ამისა, ქონება არის ძალაუფლება, სწორედ ამ ძალაუფლებას ვერ ელევა ხელისუფლება და არ გამოაქვს საპრივატიზაციოდ მსხვილი და მართლა მნიშვნელოვანი ობიექტები. მას შემდეგ, რაც მოხდება ამ ქონების სრულად გადასვლა მოქალაქეებზე და კერძო სექტორზე, სახელმწიფო დაკარგავს დიდ ფინანსურ რესურსს. ამ დროს საქართველოს მოქალაქეები გახდებიან ფინანსურად ძლიერები, ეკონომიკურად თავისუფლები და მთავრობა ვეღარ მოახერხებს მათ მანიპულირებას, შესაბამისად, ფინანსური კუთხით ძალაუფლებას დაკარგავს. ვერცერთი მთავრობა ვერ შეელია ამ ფინანსურ აქტივს, ძალიან დიდი ცდუნების წინაშე დგანან.
იმის ნაცვლად, რომ კერძო ბიზნესს ხელი შეუწყონ, სახელმწიფო მათთან კონკურენციაში შედის, აი როგორც მაგალითად მეფრინველეობის და სამშენებლო კომპანიებში წილების არსებობით, ასეთ შემთხვევაში კი ყოველთვის მოგიგებს სახელმწიფო. ფაქტობრივად, ბიუჯეტით ანუ შენივე ფულით გიგებენ კონკურენციაში. საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა არ ვართ, როგორც ამას სულ მანიპულირებენ, რეალურად სოციალიზმში ვცხოვრობთ, რადგან მთავარი აქტივები ისევ სახელმწიფო საკუთრებაში გვაქვს“, - განმარტავს ირაკლი მაკალათია.
საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტების ჯამური ღირებულება 150 მილიონი ლარია. მთავრობა ამ პროექტისგან ხალხის დასაქმებასა და 200 მილიონი ლარის ინვესტიციას ელის. საპრივატიზაციო ობიექტები 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტშია გაბნეული.
ნინო თამაზაშვილი