საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას ტრანსპორტის თემაზე გაამახვილა ყურადღება და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ყოფილმა მინისტრმა გამოყო როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო და ავიატრანსპორტის მიმართულებებები.
„საზღვაო ტრანსპორტში დღესდღეობით უკვე დაიგეგმა საქართველოს და ევროპას შორის საზღვაო მიმოსვლის ეფექტურობის ზრდა. ეს იქნება საბორნე მომოსვლის გააქტიურება და ეს იქნება საკონტეინერო მიმოსვლის დანერგვა ფოთი-კონსტანტას მიმართულებით. ეს ფაქტობრივად, გაკეთებულია და მოგვცემს საშუალებას გავაიაფოთ საექსპორტო მიმართულება... ძირითადი ვიწრო ყელი ჩვენი იყო საზღვაო მიმოსვლა, ფაქტიურად, არ იყო საზღვაო მიმოსვლა იმ დონემდე, როგორც უნდა ყოფილიყო.
დღესდღეობით, ეს პრობლემა გადაწყვეტილია; მოხარული ვარ, რომ შემდგომი მონაკვეთი ჩვენი დერეფნის კასპიის ზღვაზე აგრეთვე არის გაშვებული, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ შევქმნათ გამჭოლი დერეფანი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ჩვენი ექსპორტის და ტრანზიტის ძირითადი გამავალი გზა.
გარდა ამისა, მუშაობა გაწეულია პორტებში მომსახურების მხრივ - დაინერგა ერთი ფანჯრის პრინციპი... მეზღვაურთა ნაწილში დიდი სამუშაოა გაწეული. პროგრამაა შექმნილი, რომ გაფართოვდეს საზღვაო სასწავლებელი. ტურიზმზე მეტი შენატანი აქვთ ქართველ მეზღვაურებს, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. ვუახლოვდებით და მოლაპარაკებები გვაქვს გემთმშენებელი საამქროს აღდგენაზე და ა.შ.
სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულება - დაიგეგმა მნიშვნელოვანი რეფორმა საქალაქთაშორისო გადაყვანების და ავტოსადგურების მოდერნიზაციის რეფორმა. ის სავალალო მდგომარეობაშია და მისი გადაუწყვეტლობა ურტყამს ტურიზმის განვითარებას. ეს გადასაწყვეტია, მძიმე იქნება, მაგრამ გასაკეთებელია.
სამოქალაქო ავიაციაში წინ წავიწიეთ დამატებითი პირდაპირი რეისების თვალსაზრისით. რიგი მოლაპარაკებები მიდის დამატებით ავიაკომპანიებთან პირდაპირ რეისებზე.
აეროპორტების განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა ანალიზმა აჩვენა ის, რომ დიდი პრობლემა შემდგომი 10 წელი არ გვექნება განსაკუთრებით თბილისში, ის აიტანს იმ მგზავრთანაკადის ზრდას, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ. ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ. გრძელვადიანი სტრატეგია ტექნიკური დეტალზიაციის ფაზაშია, თუ რა უნდა განვავითაროთ გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ უნდა ვემუშაოთ დღევანდელი აეროპორტების ოპერატორებს.
ავიაკარგოს აქვს დიდი მნიშვნელობა იმაში, რომ ჩვენს ქვეყანას აძლევს საშუალებას საექსპორტოდ ორიენტირებული ბიზნესების მოზიდვაში. ბევრი პროდუქცია საჭიროებს ავია გადაზიდვას. როგორც არაერთხელ მითქვამს ქუთაისში არის მწვანილის წარმოებები და გადის ექსპორტზე, დამაბრკოლებელი კი ის არის, რომ თითო კილოზე თბილისიდან რომ ევროპაში ჩაიტანო, ორჯერ ძვირი ღირს ვიდრე - აზიიდან, ჩინეთიდან. თუ ასეთი დიდ ფასია, ეს ბიზნესები ვერ განვითარდება. აქ არის მიღებული წინადადება ორი მნიშვნელოვანი კომპანიისგან, აქ მგონია, რომ საჭიროა, სწრაფად წავიწიოთ წინ; სჯობს არ ველოდოთ სხვას და გავაკეთოთ იმ კომპანიასთან რომელიც გამკეთებელია და გადავწყვიტოთ ავიაკარგოს საკითხი, რადგანაც ეს საჭიროა, ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა ქობულიამ.