ქობულია, მაჭავარიანი და ბატიაშვილი - რა ვიცით ახალ მინისტრებზე

ქობულია, მაჭავარიანი და ბატიაშვილი - რა ვიცით ახალ მინისტრებზე

access_time2018-07-12 12:40:48

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ახალი მინისტრები წარადგინა, რომლებიც განათლების, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს უხელმძღვანელებენ.


გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას მათ შესახებ:

მიხეილ ბატიაშვილი


მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უხელმძღვანელებს. ის ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი და ამავე უნივერსიტეტის წილების მფლობელია.

გარდა ამისა, BTU პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრის, "სილიკონ ველი თბილისის" ერთ-ერთი ნაწილი.

პრემიერმინისტრმა ბატიაშვილის წარდგენისას თქვა, რომ მას საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

"მიხეილ ბატიაშვილი ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს პროფესიულ წრეებში, მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ივანე მაჭავარიანი


ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. ის "ჯეოსელის" ფინანსური და კომერციული დირექტორია. კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაჭავარიანმა "ჯეოსელში" მუშაობა 1997 წელს დაიწყო, ხოლო 2006 წლიდან კომპანიის აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდის წევრია. გარდა ამისა, 2004 წელს იგი დაინიშნა ფინანსური დაგეგმარების და საერთაშორისო რეპორტინგის მენეჯერად, ხოლო 2006 წელს გახდა ფინანსური დირექტორი. საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2012-2015 წლებში მაჭავარიანი იკავებდა კომერციული დირექტორის პოზიციას და პასუხისმგებელი იყო მარკეტინგის, გაყიდვებისა და აბონენტებთან ურთიერთობის მიმართულებებზე. 2015 წლიდან კი საცალო ბიზნეს ერთეულის დირექტორია.


გარდა ამისა, "ჯეოსელის" ვებ-გვერდზე წერია, რომ ივანე მაჭავარიანს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.   


პრემიერმინისტრმა მაჭავარიანის წარდგენისას თქვა, რომ ტექნოლოგიების კუთხით მისი გამოცდილება თვალსაჩინოა და აქვთ მოლოდინი, რომ ის ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს.


"ივანე მაჭავარიანი წლების განმავლობაში მუშაობდა "თელიასონერას" ჯგუფში შემავალ "ჯეოსელში", ის გახლდათ ფინანსური და კომერციული დირექტორი. ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან. იმ რეფორმების დიდი ნაწილი, რომელიც მე წარვადგინე, დაახლოებით 50% საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო, ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი ქობულია


გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს. ის ამერიკულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "McKinsey & Company"-ის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის პოზიციაზეა.



კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1996-1999 წლებში ქობულია კომპანია "Merck, Sharp, & Dohme"-ში მუშაობდა, მანამდე კი, 1994-1996 წლებში საქართველოს კარდიოლოგიის ინსტიტუტში.


რაც შეეხება მის განათლებას, საიტზე მითითებულია, რომ ქობულიას განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, ემორის უნივერსიტეტში, ასევე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში.


პრემიერმინისტრმა ქობულიას წარდგენისას თქვა, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს და დაგეგმილი რეფორმების ეფექტურ განხორციელებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს


"გიორგი ქობულია გახლავთ ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ის ფაქტიურად ორი ათწლეულია გლობალურ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ში და ის გახლავთ სენიორ პარტნერი ამ ორგანიზაციის. მინდა ყველას შევახსენო, McKinsey სახელთან ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორიც არის ენერგეტიკა, ეკონომიკის სხვდასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელიც შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში", - მამუკა ბახტაძემ.


-----

საქართველოს პრემიერმინისტრმა ახალი მინისტრების კანდიდატურები დღეს წარადგინა. ისინი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.


რაც შეეხება სხვა მინისტრებს, მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე რჩება დავით ზალკალიანი. სხვა მინისტრების ცვლილების შესახებ მას დღეს არ უსაუბრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანამდებობაზე რჩებიან. მათ შორის, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც, რომელსაც არასამთავრობო სექტორის და მოქალაქეების ნაწილი უნდობლობას უცხადებს.


"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გუნდი, რომელიც დამსახურებულად მოიპოვებს პარლამენტის ნდობას, იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი და დაამკვიდრებს თანამედროვე მართვის მაღალ სტანდარტს ქვეყანაში, რომელიც იქნება ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტიანი, მოქნილი და თანამედროვე, მცირე მთავრობის კონცეფციაზე მორგებული", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.


მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა მათგანმა გასწია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო.


"ისინი არიან ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავიანთ ახალ როლში შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას", - თქვა მამუკა ბახტაძემ.


შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა გიორგი კვირიკაშვილმა, რის შემდეგაც უფლებამოსილება შეუწყდათ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს. "ქართულმა ოცნებამ" ახალ პრემიერად ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე დაასახელა, რომელმაც რამდენიმე სამინისტრო გააერთიანა.



ტაბულა






„m2 უძრავი ქონება“ და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ

„m2 უძრავი ქონება“  და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ
person access_time2018-07-23 15:23:00
m2 უძრავ ქონებასა“...

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს  ითხოვს
person access_time2018-07-23 12:05:00
,,თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს ითხოვს გამარტივებული შესყიდვის უფლებით. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა.   ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით...

აქციზის გაძვირებამ საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა

აქციზის გაძვირებამ  საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა
person access_time2018-07-23 13:33:00
„კომერსანტს“ კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში მათ საცალო ქსელში საწვავი 3 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორი საწვავზე ფასის ზრდის სამ მიზეზს...

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან რეგიონები შეურთდებიან

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან  რეგიონები შეურთდებიან
person access_time2018-07-23 13:32:05
ტყიბულელი მეშახტეების აქცია დღეს დასრულდა, თუმცა მათი თქმით ხვალიდან პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და აქციას შეურთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.   ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო...

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება
person access_time2018-07-23 12:03:44
• „მწვანე ზრდის ფონდის“ (GGF) მიერ პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გაცემული კრედიტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში უნდა დაეხმაროს. • პროგნოზის მიხედვით, GGF-ის კრედიტით დაფინანსებული ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი ღონისძიებები წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტ ენერგიას დაზოგავს და ნახშირორჟანგის ემისიას...


მსგავსი სიახლეები

up