დავოსში გამართულ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პოტენციურ ინვესტორებთან საზღვაო პორტების მართვის უფლების გადაცემის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ ხმა მივეცით მიწის რეფორმას, კონცესიას, მე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში “დასავლელ ინვესტორს“ უკრაინული პორტების მართვის უფლება მიენიჭებათ.
აღსანიშნავია, რომ ეს ეხება კომპანია „რისოილს“, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონკურსში გაიმარჯვა და ხერსონის ზღვის პორტის მართვის უფლება მოიპოვა. ეს არის პირველი შემთხვევა უკრაინაში, როდესაც ნავსადგურების მართვის უფლების კონკურსის წესით მინიჭება ხდება, მაგრამ ხელისუფლება სხვა ნავსადგურების ამავე სქემით გასხვისებასაც გეგმავს. რიგში შემდეგი ნიკოლაევის პორტი „ოლბიაა“, ამის შემდეგ კი მოდის პორტები ოდესაში, მარიუპოლში, ბერდიანსკში და ჩერნომორსკში. მათი მართვის უფლების გადაცემა 30 წლით იგეგმება, ხოლო მათი შერჩევა კონკურსის გზით მოხდება.
ხერსონის პორტი წამგებიანი პროექტია. გასულ წელს მისმა ზარალმა 16 მლნ გრინვა შეადგინა, თუმცა, ამის მიუხედავად მისი ტვირთბრუნვა 2019 წელს 23,7%-ით, 3,8 მლნ. ტონამდე გაიზარდა. ეს არის უკრაინული პორტების მთლიანი ტვირთბრუნვის დაახლოებით 3%. ამ პორტიდან უცხოეთში გადის ძირითადად სასუქები, მეტალურგიული პროდუქცია, ნახშირი, და ფეროშენადნობები.
ხერსონის პორტის მმართველი კომპანია „რისოლ ინვესტი“ გახდა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, მისი „დასავლურობა“ ეჭვს ბადებს, რადგან კომპანიის ბენეფიციარები ქართველი ბიზნესმენები დავით ბეჟუაშვილი და შოთა ხაჯიშვილი არიან. კომპანია „რისოლის“ დამფუძნებელია Georgian industrial Group, რომელიც ასევე უკრაინული ფარმაცევტული კომპანიას „ინდარი“-ს 30%-ს ფლობს. „რისოლის“ კიდევ ერთი დამაარსებელი „რისოილ S.A“ რამდენიმე ტერმინალს ფლობს უკრაინულ პორტებში (კერძოდ სამხრეთ ჩერნომორსკის პორტში), ასევე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „ბიოლ უნივერსალ უკრაინას“ და სხვა.
ნინო თამაზაშვილი
წყარო: strana.ua