„ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი. სუპერმარკეტებმა ისარგებლეს შემთხვევით და აღარც თერმოსკრინინგებს ატარებენ შესვლისას და აღარც სადეზინფექციოს გასხამენ,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ეპიდემილოგმა პაატა გამცემლიძემ ისაუბრა.
შეგახსენებთ, ორი თვის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, სახელმწიფო დღეში, დაახლოებით, 20 ათას ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ გაკეთებული ტესტების რაოდენობა.
ეპიდემიოლოგების შეფასებით, ტესტირებები ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი მოსახლეობის მხრიდან დაცული იქნება ყველა რეკომენდაცია, თუმცა მათივე თქმით, ამ მხრივ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა და ხალხი და ბიზნესები უსაფრთხოების ზომებს კარგა ხანია აღარ იცავენ.
„ახლა გაიზარდა ტესტების რაოდენობა იმიტომ, რომ გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ბათუმში ტურისტული ობიექტებს რომ მიაწყდა ხალხი, რა ეგონათ, არაფერი მოხდებოდა? ეს გულგრილობა არ არის, ეს არის იდიოტობა. ნახევარ საქართველოს არ სჯერა, რომ საერთოდ ეს ინფექცია არსებობს და სოციალურ ქსელში იმისთანა სისულელეები ვრცელდება, რომ წარმოდგენაც არ მინდა, რა ტვინში იბადება ასეთი აზრები. შავი პარასკევი რომ მოაწყვეს, სუპერტმარკეტებში და სამშენებლო მაღაზიებში ერთმანეთს ზედ ახტებოდნენ უნიღბოდ. წარმოუდგენელი სიტუაციაა, რომელ ქვეყანაში ხდება ასე? რა დონის ველური უნდა იყოს ქვეყანა, რომლის მოქალაქეები ასე იქცევიან. ევროპაში დააკვირდეს ვინმე რამდენად მოწესრიგებულია ყველაფერი, ისინი კანონმორჩილებიც არიან. ჩვენთან 24 საათი უნდა ილაპარაკო, რომ ნიღაბი გაიკეთონ სწორად. ამ ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, რომელმაც ვერ გაიგო, რომ 100 კაციანი ქელეხი და 30 კაციანი დაბადების დღეები არ უნდა მოაწყო. საქართველო ასეთი გაუნათლებელი და ბნელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა. არ არსებობს ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ამისთანა ქაოსს რამეს მოუხერხებს. როგორ უნდა გამოვლინდეს კონტაქტები, როცა 4000 ინფიცირებული გყავს, ამისთვისაა საჭირო ეს ტესტირებები. სულ ამაზე ვლაპარაკობთ ექიმები და მაინც არ ესმით,“- განმარტავს პაატა გამცემლიძე.
ეპიდემიოლოგ სოფო ქუთათელაძის აზრით, ინტენსიური ტესტირებების შედეგს და იმას თუ რამდენად დროული და სწორია მისი ამ პერიოდში ჩატარება, დეკემბრის ბოლოს დავინახავთ.
„კარგი გადაწყვეტილებაა ინტენსიური ტესტირებების ჩატარება, თუმცა რამდენად დროულია, ან დაგვიანებული, ამას დრო გვიჩვეებს. ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი თითქმის PCR-ს სტანდარტს უტოლდება. ეს ტესტირებები კარგად მოახდენს უსიმპტომო ადამიანების გამოვლენას და მერე კარანტინში მათ დროულად გადაყვანას. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ადამიანურ შეგნებაზე უფრო მეტია დამოკიდებული. თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რასაც მედიკოსები ვიძლევით, ეს ყველაფერი წესით სასიკეთოდ წაგვადგება და დეკემბრის ბოლოსთვის დავინახავთ ამ ტესტების დადებით შედეგებს. თუკი ეს შეზღუდვები არ გვექნება მხოლოდ შეზღუდვებისთვის, დავინახავთ უკეთესობას. ახლა მიზანი არის ის, რომ არ მოიმატოს ინფიცირებულთა რიცხვმა. პირველი ტალღის დროს, ასეთი გავრცელება არ გვქონია და მგონია რომ, ვერ დავიწყებდით ინტენსიურ ტესტირებას. პირველმა ტალღამ რაღაცები გვასწავლა, მათგან ზოგი გავითვალისწინეთ, ზოგი- ვერ,“ - ამბობს სოფი ქუთათელაძე.
სახელმწიფოს გადაწყვეტილებით 2 თვის განმავლობაში ანტიგენზე დაფუძნებულ ინტენსიურ ტესტებს დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში.