„კომპანია კარფური საქართველოში შემოსვლის დღიდან საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებს“, - ამის შესახებ კომერსანტს ჰიპერმარკეტების ქსელში განუცხადეს. საქმე ეხება სასამართლო დავას, რომლის მიხედვითაც ქართველი დისტრიბუტორები კარფურს სასამართლოში ნახევარი მილიონი ლარის ზარალზე ედავებიან. კომპანიის განმარტებით, კარფური არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას. საერთაშორისო სავაჭრო ქსელის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ.
„კომპანია კარფური საქართველოში შემოსვლის დღიდან საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებს. ამასთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომწოდებლებთან კარფურის მრავალწლიანი პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც განმარტებული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. კარფური არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას და განაგრძობს ყველა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის დაცვას.
ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა რეგიონალურ ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2012 წლიდან საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს ყოველთვის ხელმისაწვდომ ფასად. ეკონომიური ფასების გრძელვადიანი სტრატეგიით, კარფურს აქტიურად შეაქვს წვლილი ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში. წლების განმავლობაში, კარფურის ქსელის გაფართოების საფუძველზე, კომპანიასთან ერთად მრავალი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელი განვითარდა და ასევე ქვეყანაში დასაქმდა 2500-მდე საქართველოს მოქალაქე“, — ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მწარმოებლები და იმპორტიორები საერთაშორისო ბრენდ „კარფურს“ სასმართლოში უჩივიან. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიამ აცხადებს ჰიპერმარკეტების ქსელის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი უკვე შევიდა,სადაც საუბარია თანხების მითვისებაზე, რომელსაც კარფური კომპანიებს არ ურიცხავს და ამას სხვადასხა პროგრამული ხარვეზით ხსნის. ჭყონიას განმარტებით, „კარფურთან“ კომუნიკაციაც და დავები თვეობით ჭიანურდება, რაც მწარმოებლებს დიდ ფინანსურ დარტყმას აყენებს.
„ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ კუთვნილ თანხას დროულად არ გვირიცხავენ.კომპანიას როდესაც საბრუნავი კაპიტალი არ აქვს და თანხას რომელსაც ელოდება დროულად ვერ იღებს, ეს საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საკითხი სამართლებრივად უნდა დარეგულირდეს.მათ თანხის ჩამოჭირს უფლება მიღება-ჩაბარების აქტის და დადასტურებული ანგარიშ ფაქტურის გარეშე არ უნდა ჰქონდეთ. ეს ძალაუფლება რითეილ სექტორის მხარესაა, რასაც „კარფური“ მავნედ იყენებს, შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიების 90% მსგავსი პრაქტიკა ჰქონია,“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ
ივა ჭყონიამ განმარტა, რომ ეს პროცესი, როგორც კომპანიებს ასევე მომხმარებლებს მნიშვნელოვნად აზარალებს, მისივე თქმით, მწარმოებელი „კარფურის“ ქსელში შესვლას კონკრეტულ გადასახადს იხდიან, მათ შორის გადასახადი თითოეულ მაღაზიაზე ვრცელდება, მუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის პროდუქტი გაყიდა, აწყობს თუ არა მწარმოებელს კონკრეტული მაღაზიის ლოკაცია და შეიტანა თუ არა პროდუქტი აღნიშნულ ლოკაციაზე.
„წარმოიდგინეთ როდესაც თქვენ გარკვეულ თანხას ელოდებით და თანხას ვერ იღებთ, დამატებითი რესურსისთვის მიდიხართ ბანკთან, რაც უფრო ძვირი გიჯდებათ. ეს ყველაფერი კი კომპანიებს პროდუქტზე ფასის გაზრდას აიძულებს. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა და შესაბამისად მომხმარებელზეც უარყოფითად აისახება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მწარმოებლები, რომელთა ერთადერთი შემოსავალი სამწუხაროდ ქსელური სუპერმარკეტების მიერ გადახდილი თანხებია არ დაზარალდნენ.რიგ შემთხვევაში კარფური იმდენად მზარდია, რომ სახიფათოც კი ხდება, ამიტომ ვფიქრობ რომ თუ ეს ურთიერთობები დროულად არ დალაგდა, ბევრი მცირე და საშუალო კომპანიისთვის უბრლოდ მომაკვდინებელი იქნება და ოპერირების საშუალება აღარ გვექნება.“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ.
რაც შეეხება მწარმოებლების კაბალურ პირობებში ჩაყენებას ჭყონია განმარტავს, რომ მწარმოებელს წლების განმავლობაში შეცვლილი გადასახადის გადახდა უწევს. როგორც „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი ცერცვაძემ განმარტა, რამდენიმე კომპანიამ სასამართლოს კარფურის წინააღმდეგ უკვე მიმართა, ასევე მიმდინარე კვირას სასამართლოში კიდევ სამი სარჩელი შევა. მისივე განცხადებით, ეს დომინოს პრიცნიპით მოხდება, რადგან „კარფურთან“ თანამშრომლობის პირობებში არაერთი კომპანია პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
ცერცვაძის განმარტებით, საქმე აუცილებლად მორიგებით უნდა დასრულდეს, რადგან ეს ორი სექტორი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს და იმ შემთხვევაში თუ მარკეტს არ ექნება ის პროდუქცია რომელსაც დისტრიბუტორი მიაწვდის, ის ვერ შეძლებს ფუნქციონირებას.
„ის რაც კარფურში ხდება, მე ამას მართვად ქაოსს დავარქმევდი, კომპანიაში ქაოსი შეგნებულად არის შექმნილი, შეგნებულად ხდება ისე, რომ როდესაც კომპანიაზე ხდება კონკრეტულ საკითხზე მითითება, შეხვედრის ორგანიზება ჭიანურდება ან გვამისამართებენ სათაო ოფისთან. პრობლემების მოგვარება და კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს, ასეთი რამ კი კარფურში წარმოუდგენელია, რადგან კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას ძაღლადაც არ აგდებენ. ამ ყველაფერს სამართლებრივად მხარს უჭერს, ისიც რომ ხელშეკრულება არის გაუმართავი. ძალიან ხშირად ინგლისური და ქართული ტექსტები ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, ყოფილა შემთხვევები როდესაც ინგლისური ნაწილი რომელსაც უპირატესობა ენიჭება გრამატიკულად იმდენად გაუმართავია, რომ შინაარსის გამოტანა შეუძლებელია. კარფური მას აძლევს ისეთ განმარტებას, როგორც იმ კონკრეტულ შემთხვევაში აწყობს.“ - აღნიშნა გიორგი ცერცვაძემ.