„საქართველოში ადგილობრივ მეწარმესა და დიდ სავაჭრო ქსელებს შორის სრული ქაოსია, ამას ემატება არაპუნქტუალურობა და გულგრილი დამოკიდებულება. მეწარმე თავის მხრივ ვერ ერკვევა პროცედურებში და ვერ ახერხებს სათანადოდ კონტაქტის დამყარებას,ქსელისთვის აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.“ - ასე აფასებს სავაჭრო ქსელებში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის განთავსებასთან დაკავშირებულ პროცედურებს „საქართველოს მეწარმეთა კავშირის“ თავმჯდომარე გოგა ციცქიშვილი.
საქართველოს მეწარმეთა კავშირი, პირველ აგვისტოს, მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს ხვდება. კარფურის, ფრესკოს, უნივერსამის, ნიკორას, ზღაპარის, მაგნიტისა და სხვა დიდი სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებს „მეწარმეთა კავშირი“ დახურულ შეხვედრაზე გააცნობს ინიციატივას, რაც კავშირის თქმით, საშუალებას მისცემს ადგილობრივ, მცირე და საშუალო მეწარმეებს განვითარდნენ და ქსელურ სუპერმარკეტებში ადგილი დაიმკვიდრონ.
„კომერსანტი“ დაინტერესდა ამ ეტაპზე რა პრობლემებს აწყდებიან მცირე და საშუალო მეწარმეები სუპერმარკეტებთან თანამშრომლობისას?
როგორც გოგა ციცქიშვილი აცხადებს, მეწარმეთა კავშირი ითავსებს მედიატორის ფუნქციას ამ ორ მხარეს შორის შეთანხმების პროცესში და ეხმარება მეწარმეს ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, რაც აუცილებელია ქსელურ სუპემარკეტებში პროდუქციის განსათავსებლად.
„კარგი მეწარმეობა არ ნიშნავს
კარგ ბიზნესმენობას, აქედან გამომდინარე ხშირად მეწარმეებს უჭირთ ქსელებთან უერთიერთობა
იმიტომ, რომ არ გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება. ხელშეკრულების შედგენის პერიოდში
ხშირად ელექტრონულ ფოსტასაც არ ამოწმებენ, როგორ უნდა შეავსონ დოკუმენტები ხშირად არ
იციან. ჩვენ ინიციატივაა, რომ მეწარმეთა კავშირმა ერთგვარი მედიატორის ფუნქცია შევითავსოთ
ადგილობრივ მეწარმეებსა და დიდ სუპერმარკეტების ქსელებს შორის.
ზოგადად, საქართველოში პუნქტუალურობის და პროფესიონალიზმის ძალიან დიდი პრობლემაა. ვთქვათ საკუთარი პროდუქტის ნიმუში მეწარმემ რომელიმე მსხვილ ქსელში დატოვა, რამდენიმე თვე შეიძლება დასჭირდეს იმას, რომ ელემენტარული პასუხი მიიღოს მეწარმემ მისი პროდუქტი აკმაყოფილებს თუ არა ქსელის მოთხოვნებს, შეიძლება ითქვას, რომ ზოგგან ძალიან გულგრილი მიდგომაა . ის პროცედურები რაც უმარტივესია და რაც შეიძლება ერთ დღეში მოგვარდეს გრძელდება თვეობით. ყველაზე დიდი პრობლემა ისიც, რომ მეწარმეებს საკმაოდ კოლოსალურ გადასახადებს სთხოვენ ქსელში შესვლისთვის. ხშირად ხდება ქსელურების მხრიდან მეწარმის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა , თითქოს გარანტიების მიცემა, რომ ეს თანხა მათთვის არაფერია და უსწრაფესად ამოიღებენ, რა თქმა უნდა ეს ხელშეკრულებაში არ წერია. მეწარმეს კი აღარ გააჩნია ფინანსური რესურსი, რომ კვლავ მიაწოდოს პროდუქცია ამ თანხის გადახდის შემდეგ. ახლა სრული ქაოსია ამ სეგმენტში.“ - აცხადებს გოგა ციცქიშვილი
მარიამ მორგოშია