ქართველი ისტორიკოსების პასუხი რუსეთის პრეზიდენტს - გაყალბებული ისტორია პოლიტიკის სამსახურში?!

ქართველი ისტორიკოსების პასუხი რუსეთის პრეზიდენტს - გაყალბებული ისტორია პოლიტიკის სამსახურში?!

access_time2019-07-10 15:50:50




„ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა 1774 წელს... აფხაზეთი 1810 წელს... მაშინ არანაირი საქართველო არ იყო“ - ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებას ქართველი ისტორიკოსები  სოციალურ ქსელში ეხმიანებიან.


კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


გაყალბებული ისტორია პოლიტიკის სამსახურში?!


რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, „მისი ამ პოზიციის გასაგებად წარსულის, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გააზრებაა საჭირო. მისი თქმით, ეს რეგიონები ისტორიულად დამოუკიდებელი ქვეყნები იყვნენ და 1918-1920 წლებში საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია და ოსი ხალხის გენოციდი მოახდინა. კარგი იქნებოდა, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეს სცოდნოდა. ამის დავიწყება არასდროს არ შეიძლება, თუ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან ურთიერთობის დამყარება სურს. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა და დაეცვა ეს ხალხები“.



დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების ფონზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი პოზიცია გამოხატა და საქართველოს ისტორიის კარდინალურ პრობლემებსაც შეეხო. ისტორიული ექსკურსი ამჯერადაც ზერელე და მეცნიერულად დაუსაბუთებელი გამოდგა. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მიღებული რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტის მიხედვით, დგინდება, რომ ვლადიმირ პუტინის აზრით:




I. საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ თბილისის გუბერნია. ეს განცხადება იმდენად უსუსურია, რომ პასუხის გაცემადაც შეიძლება არ ღირდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, არც უპასუხობა იქნება. 1801 წლამდე, როდესაც რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და შემდეგ მთელი საქართველო დაიპყრო, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე შემდეგი ქართული სამეფო-სამთავროები არსებობდა: ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დაპყრობის პარალელურად რუსეთმა რამდენჯერმე შეცვალა საქართველოს ტერიტორიის ადმინისტრაციული დაყოფა. თავდაპირველად არსებობდა საქართველო-იმერეთის გუბერნია, შემდეგ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა შეიცვალა და 1917 წლისათვის ასეთი სახე მიიღო:



  1. თბილისის გუბერნია, რომელშიც ქართლის, კახეთისა და სამცხე-საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად შედიოდა ზაქათალის ოკრუგი (ისტორიული ჰერეთის ნაწილი - ჭარ-ბელაქანი);



2. ქუთაისის გუბერნია, რომელშიც იმერეთთან, გურიასთან, სამეგრელოსთან, სვანეთთან ერთად შედიოდა ბათუმის ოლქი (აჭარა და ართვინი) და სოხუმის ოკრუგი (აფხაზეთი);



3. ყარსის ოლქი, რომელშიც შედიოდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (არტაანი, ოლთისი, ერუშეთი და სხვ.).
ასეთი იყო რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ადმინისტრაციული დანაწილება 1917 წლისათვის - რუსეთის იმპერიის აღსასრულის პერიოდისათვის.



ქართველი ხალხი არასოდეს შერიგებია ამას, რისი დასტურია 1802, 1804, 1812, 1819-20, 1832, 1841 წლების აჯანყებები და XIX საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც დაგვირგვინდა 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებით.



1920 წლის 7 მაისს საქართველო_რუსეთის მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულების მე-4 მუხლის ძალით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიად საბჭოთა რუსეთმა ცნო რუსეთის იმპერიის ყოფილი თბილისის გუბერნია და ქუთაისის გუბერნია ბათუმის ოლქითურთ ამ გუბერნიებში შემავალი ყველა მაზრითა და ოკრუგით, მათ შორის _ ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგებით.



II. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, 1774 წელს (ამ წელს დაიდო რუსეთ-ოსმალეთის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი) თითქოს სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესულა. ისტორიული სიმართლე აქაც უგულებელყოფილია, რასაც სხვა დოკუმენტებთან ერთად ადასტურებს 1783 წელს ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი. გეორგიევსკის ტრაქტატს რუსეთის მხარის მოთხოვნით, ერეკლე II-მ დაურთო ქართლისა და კახეთის თავადებისა და აზნაურების სია. ამ სიაში, როგორც ერეკლე II-ის ქვეშევრდომები, მოხსენიებული არიან საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე - შიდა ქართლში _ არსებული სათავადოები და მათი მფლობელი ქართველი თავადები - ერისთავი, მაჩაბელი, ხერხეულიძე, ფალავანდიშვილი და მათი აზნაურები: კორინთელი, ფავლენიშვილი, რჩეულიშვილი და სხვ. თუკი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე - შიდა ქართლში (რუსული ვერსიით - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე) არსებული სათავადოების მფლობელი თავადები ერეკლე II-ის ქვეშევრდომები იყვნენ, მაშინ ეს ტერიტორია როგორღა იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი? შიდა ქართლზე (ე.წ. სამხრეთ ოსეთზე) ქართლ-კახეთის მეფე იურისდიქციას 1801 წლამდე ინარჩუნებდა. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და მისი ტერიტორია დაიპყრო, შიდა ქართლი საბოლოოდ თბილისის გუბერნიაში შევიდა გორის მაზრის სახით. გორის მაზრაში კი სხვა ტერიტორიასთან ერთად შედიოდა ქართული ქალაქი ცხინვალი, ახალგორი, ყორნისი, ჯავა და სხვ.



III. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილა და 1918-1920 წლებში იგი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპყრია. ისტორიული სიმართლე აქაც დარღვეულია. მას შემდეგ, რაც 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ რუსეთის იმპერია მოსპო, ყოფილი აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე (რუსული ადმინისტრაციული დაყოფით - სოხუმის ოკრუგი) დაიწყო სეპარატისტთა მოძრაობა აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილების მიზნით, მაგრამ წარუმატებლად. ქართული ორიენტაციის ძალები ბევრად სჭარბობდნენ სეპარატისტთა ძალებს, რაც საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხელს არ აძლევდა. მოსკოვი ყოველნაირად აქეზებდა და ხელს უწყობდა სეპარატისტებს. 1918 წლის თებერვალში რუსმა ბოლშევიკებმა საბჭოთა რუსეთის სამხედრო ძალის გამოყენებით სოხუმი დაიკავეს, მაგრამ ქალაქი მალევე დატოვეს. 1918 წლის აპრილში რუსმა ბოლშევიკებმა ისევ შეძლეს სოხუმის დაკავება, მაგრამ ვერც ამჯერად იბოგინეს დიდხანს. 1918 წლის 17 მაისს საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ქალაქი დაიკავა, მალე ბოლშევიკები აფხაზეთის სხვა რაიონებიდანაც განდევნეს. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს კოსტიტუცია, რომლის 107-ე მუხლში აღნიშნულია: “საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს _ აფხაზეთს, სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას, ზაქათალას ოლქი ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა”. 108-ე მუხლში კი აღნიშნული იყო ავტონომიური მმართველობის დებულება ცალკე კანონით დამტკიცდებოდა, რაც საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას აღარ დასცალდა.



IV. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა თითქოს აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შედიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის ნებით მოხდა სრულიად გაუგებარი რამ: საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში უნდა არსებულიყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მაგრამ სრულიად გარკვეული მოსაზრებით გამოცხადდა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა. წარმოიშვა სრულიად გაუგებარი ვითარება. უკვე არსებობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე შეიქმნა მეორე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა! ეს გაუგებრობა და უხერხულობა მოსკოვმა იმით მოაგვარა, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება და აფხაზეთმა მიიღო “ხელშეკრულებითი რესპუბლიკის” სტატუსი. საბოლოოდ კი ეს გაუგებრობა ასე დასრულდა: აფხაზეთი გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შემავალ ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად.



V. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას შიდა ქართლის ტერიტორიაზე (რუსული ვერსიით ე.წ. „სამხრეთ ოსეთი”) მცხოვრები ოსების გენოციდი მოუხდენია. ისტორიული სიმართლე ასეთია: 1917 წლიდან საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წაქეზებით ოსი სეპარატისტები შიდა ქართლში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას, ანუ საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას, ცდილობდნენ. ამ დროისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, რომელთა განწყობილებას ოსი სეპარატისტები ანგარიშს არ უწევდნენ. ოსმა სეპარატისტებმა საბჭოთა რუსეთის მატერიალური და სამხედრო დახმარებით 1918-1920 წლებში აჯანყებებიც მოაწყვეს, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დაიცვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
ასეთია ისტორიული სინამდვილე, რომელსაც ვერავინ ვერ დამალავს, თუნდაც ის ქვეყნის პრეზიდენტი იყოს.



პროფესორი სერგო ვარდოსანიძე


პროფესორი ვახტანგ გურული


ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია






ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up