სხვა ქვეყნებში სკოლები დაიკეტა, მაგრამ დიდ ბრიტანეთში ეს პრიორიტეტად არ ითვლება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი მარტოხელა მშობელი სამსახურში ვეღარ ივლის, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთჰემპტონში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ოთარ ლაზარიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დიდ ბრიტანეთში საქმე არც ისე ცუდადაა, და ხელისუფლება ამ ეტაპზე სიტუაციას აკონტროლებს.
„ბრიტანეთის სტრატეგია ძალიან ფრთხილ მიდგომას ითვალისწინებს. სხვა ქვეყნებში სკოლები დაიკეტა, მაგრამ აქ ეს პრიორიტეტად არ ითვლება. სკოლები რომ დაიკეტოს, ძალიან ბევრი მარტოხელა მშობელი სამსახურში ვეღარ ივლის. ეს უარყოფითად აისახება ჯანდაცვაზეც და სხვა დარგებზეც. ბავშვები არ შედიან რისკის ჯგუფში და ამიტომ სკოლების დახურვა პრიორიტეტს არ წარმოადგენს. რისკის ჯგუფში შედიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები და შეიძლება მათ სახლიდან გასვლა საერთოდ აეკრძალოთ.
ზოგადად, ძნელია იმის თქმა, რომელი ნაბიჯია სწორი და რომელი არასწორი, იმიტომ რომ ეს ახალი ვირუსია და მასთან დაკავშირებით ცოტა ინფორმაცია გვაქვს. დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები ეტაპობრივად წესდება. ჯერჯერობით გაიცა რეკომენდაცია და რესტორნებში სიარულისგან თავის შეკავების შესახებ. რაც შეეხება სიმპტომატურ მკურნალობას, ყოველდღე ახალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოდის. წინა კვირას გვითხრეს, რომ თუ ვინმეს ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულ პაციენტთან, 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს. ამის შემდეგ 5 ექიმი მოგვაკლდა, და როდესაც მომუშავე პერსონალი დღითიდღე გვაკლდებოდა, გვითხრეს, რომ დაინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები არ გაქვს, სამსახურში სიარული შეგიძლია“, - განაცხადა ოთარ ლაზარიაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
IMEDINEWS.GE