ქართველი დამფუძნებლის ამერიკული კომპანია IPO-ზე გადის

ქართველი დამფუძნებლის ამერიკული კომპანია IPO-ზე გადის

access_time2020-10-26 17:30:02

წარმატებულმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Shift, აქციები საფონდო ბირჟაზე განათავსა, რაც IPO*-ზე გასვლით სახელითაც არის ცნობილი. ამ კომპანიამ გადატრიალება უკვე მოახდინა ხალხზე დაფუძნებულ მეორადი მანქანების 750 მლრდ დოლარიან ინდუსტრიაში. ამ ხნის განმავლობაში, Shift-მა >300 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა, მათ შორის Goldman Sachs-ისგან და სხვა წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტებისგან. თუმცა, დღეს კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება, რაშიც საფონდო ბირჟაზე საჯაროდ გასვლიდან მოზიდული კაპიტალი დაეხმარება.


ამ წარმატებული ამერიკული კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ არისონი, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ანტრეპრენერია. გარდა Shift-ის დაფუძნებისა, ჯორჯის წარმატებული ანტრეპრენერული მოგზაურობა მოიცავს Google-სა და Boston Consulting Group (BCG)-ში მუშაობას. ასევე, კომპანია Taxi Magic-ის თანადაფუძნებას 2007 წელს, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს აშშ-ის 50 ქალაქში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯ არისონი ასევე ჩართულია ქართულ სტარტაპში − Pulsar AI. ერთობლივი მუშაობით, ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებს მანქანების საცალო გაყიდვების ინდუსტრიაში პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ.


ჯორჯის წარმატების მთავარი მიზეზი მისი სამუშაო ფილოსოფიაა. მას სჯერა, რომ ტექნოლოგია ადამიანის ყოველდღიურ პრობლემებს უნდა ჭრიდეს. Shift-ის იდეაც სწორედ მაშინ გაუჩნდა, როდესაც საკუთარ თავზე გამოსცადა მანქანის შეძენის სირთულეები.


ამ და სხვა თემებზე სიღრმისეულად სასაუბროდ, Entrepreneur Georgia-მ ჯორჯ არისონს მიმართა.


სანამ მიმდინარე კარგ სიახლეებზე გადავიდოდეთ, მოგვიყევით, როგორი გავლენა იქონია Shift-ზე კორონავირუსმა?


COVID-ის გავლენა მართლაც გასაოცარი იყო. მეორადი ავტომობილების ბაზარი ახლა კიდევ უფრო პოპულარულია. ეს, როგორც წესი, დამახასიათებელია ეკონომიკური რეცესიისთვის, როდესაც ადამიანები არცთუ ძვირადღირებულ ავტომობილებს ეძებენ. მეორეც − ახლა ისეთი მდგომარეობაა, ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით აღარ სარგებლობენ და ავტომობილებს ამჯობინებენ. ასე რომ, უნდა ითქვას, მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა.


Shift-ის შემთხვევაში, COVID-ის გავრცელების საწყის ეტაპზე (მარტი) გაყიდვები დაეცა, მაგრამ მალევე დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას (მაისში). ფაქტობრივად, ჩვენ იმ პერიოდში 30%-იანი ზრდა გვქონდა


რატომ გადაწყვიტეთ აქციების გატანა NASDAQ**-ზე ახლა, და რატომ ამჯობინეთ SPAC-ი ტრადიციულ IPO-ს?


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი აქციების საფონდო ბირჟაზე გატანა ტრადიციული ფორმით არ მომხდარა. ჩვენ სპეციალური დანიშნულების შემსყიდველ კომპანიასთან (SPAC) შერწყმის გზით გავხდით საჯარო კომპანია. ეს პრინციპში ცარიელი კომპანიაა, არც საკუთარი პროდუქტი აქვს და არც ოპერაციები. კომერციული სუბიექტის სახით არსებობს, რომელიც მხოლოდ იძენს ან ერწყმის სხვა კომპანიებს. მათ უკვე აქვთ აქციები საფონდო ბირჟაზე და როდესაც ამ ტიპის კომპანიას უერთდები, კომპანიაც ფაქტობრივად სააქციო ხდება.



ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ გზას სპეციალური დანიშნულების შემსყიდველ კომპანიასთან ერთად დავადექით, რომლის სახელიც არის INSU. ჩვენი შერწყმის შემდეგ კი, მისი საფონდო ბირჟის კოდი, სახელი და სხვა ელემენტები ავიღეთ. ასე რომ, Shift ჯერ კიდევ Shift-ად დარჩა, იგი უბრალოდ Nasdaq-ზე INSU-ს ჩამონათვალში შევიდა. იმის გამო, რომ INSU Nasdaq-ზე იყო კოტირებული, Shift-იც Nasdaq-ზე აღმოჩნდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ სპეციალურად არ შეგვირჩევია Nasdaq-ი − ის ავტომატურად გვერგო.


საჯაროდ გასვლის და ამ გზის არჩევის მთავარი მიზეზი ის არის, რომ SPAC ბირჟაზე გასვლის სწრაფი გზაა ტრადიციულ IPO-სთან შედარებით, რომელსაც თვეები სჭირდება. საფონდო ბირჟაზე გასვლით კი, კომპანიისთვის საჯარო კაპიტალის ბაზარი ხდება ხელმისაწვდომი. INSU-სთან გაერთიანებამ უკვე $340 მილიონი მოგვიტანა, რასაც კერძო კომპანიის რანგში ვერასოდეს შევძლებდით. SPAC-ის მეშვეობით საჯაროდ გასვლის სხვა უპირატესობა ისაა, რომ საცალო ინვესტორებს ეძლევათ კომპანიაში აქციების შეძენის საშუალება, არსებითად ნაკლები რისკით, ვიდრე ტრადიციული IPO-ს შემთხვევაში.


მიუხედავად ონლაინ გაყიდვების პოპულარობისა, CNBC-ის სტატიის მიხედვით, წამყვან ონლაინ პლატფორმებს − თქვენ და Carvana-ს, მეორადი მანქანის ბაზრის მხოლოდ 1% გაქვთ ათვისებული. რა მიმართულებით ხედავთ თქვენი საბაზრო წილის ზრდის პოტენციალს?


რადგან ეს ბაზარი დანაწევრებულია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, Carvana, Shift და კიდევ ერთი მოთამაშე − Vroom, ბაზრის 1%-ზე ნაკლებს შევადგენთ. ჩვენ ვხედავთ რამდენად დიდი შესაძლებლობებია ზრდა-განვითარებისთვის. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია 10-ჯერ ან 20-ჯერ გაზრდა და კიდევ დარჩება „მწვანე“ სივრცეები. ჩვენ სამნი ვართ და მაინც უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს. ვფიქრობთ, ჩვენი ზრდა ძირითადად არსებულ გეოგრაფიულ არეალში უნდა მოხდეს, ამ ბაზრებზე უფრო ღრმა შეღწევის გზით; და მეორე − ახალ გეოგრაფიულ არეალებში გონივრული გაფართოებით.


რა არის Shift-ის უპირატესობა მანქანების ინდუსტრიის მაღალ კონკურენტულ ბაზარზე?


ტრადიციული მოთამაშეებისგან (CarFax ან მეორადი ავტოდილერების ცენტრების ფრანჩაიზები) Shift არსებითად განსხვავდება იმით, რომ ეს ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლის საჭიროების მიხედვითაა შექმნილი. ჩვენ უგულვებელყავით ფიზიკური სივრცე; პროცესების გასაუმჯობესებლად მთელი ყურადღება ტექნოლოგიებისა და ოპერაციების გამოყენებაზე გავამახვილეთ.


სხვა ონლაინ მოთამაშეებისგან განსხვავებით, როგორიცაა Carvana და Vroom, Shift მართლაც ერთადერთი კომპანიაა, რომელიც: 1.მომხმარებელს ავტომობილის საცდელ გავლას სთავაზობს; 2.დაპატენტებულ ტექნოლოგიასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზეა დამყარებული; და 3.აშშ-ის მომხმარებლების 84%-ზეა გათვლილი, რომლებიც მეორადი, დაბალი ღირებულების ავტომობილების შეძენით არიან დაინტერესებული. Shift-ში ამ სეგმენტზე გათვლილი სრული ინვენტარი შევქმენით, სახელწოდებით, Value Cars. იგი მოიცავს ავტომობილებს, რომლებსაც 80 000 მილზე მეტი აქვთ გავლილი და რომელთა ასაკი 3-10 წელია. როგორც წესი, მომხმარებლებს ამ მანქანების შემოწმება სურთ, რადგან ისინი შედარებით ძველია და ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც ოპერატიულად ახერხებს ამ სერვისის მასშტაბურად მიწოდებას.


უკვე გარკვეული ხანია, ქართულ სტარტაპ Pulsar AI-ში ჩაერთეთ, რომელთან ერთად მანქანის საცალო ბაზარზე პრობლემების აღმოფხვრა დაისახეთ მიზნად თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით. რა დამატებული ღირებულება შექმნა ამ პარტნიორობამ Shift-ისთვის?


ჩვენ Shift-ში ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ონლაინ შეძენის გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლისთვის. მას შემდეგ, რაც ისინი ავტომობილის ყიდვას გადაწყვეტენ, პირველი ადგილი, სადაც მიდიან, ინტერნეტია. ჯერ ყველაფერს გამოიკვლევენ, ათობით ვარიანტს განიხილავენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან შერჩევაზე. რაც შეეხება ყიდვას, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი კომუნიკაციაა. პასუხი სწრაფი, თითქმის მყისიერი უნდა იყოს. მაგრამ ყველაზე მთავარია, პასუხი ამომწურავი იყოს და ყველა შეკითხვას პასუხობდეს, რომელსაც მომხმარებელი სვამს. არავის სჭირდება სწრაფი პასუხი, თუ მისთვის საინტერესო ინფორმაციას ვერ მიიღებს.


აი, სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი Pulsar AI-ს როლი. ის ყველაფერს აერთიანებს, 24 საათის განმავლობაში სათანადოდ პასუხობს ყველა შეკითხვას და პოტენციურ მყიდველს კიდევ უფრო მეტად იზიდავს მისი თანმიმდევრული და კვალიფიციური კომუნიკაციით.


Pulsar AI-ს სასაუბრო ხელოვნური ინტელექტი იმ მძიმე საქმეს აკეთებს, რომელზეც გაყიდვების სამსახურის წარმომადგენლები უმეტესად უარს ამბობენ. მნიშვნელოვანია, არასოდეს გამოგრჩეთ პოტენციური მომხმარებელი, უფრო მეტი შეხვედრა დანიშნოთ და უფრო მეტი აქციოთ გაყიდვებად. ჩვენ კვირის შვიდი დღის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ხაზზე ვართ და ამით გამოვირჩევით ჩვენი კონკურენტებისგან. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებლები კიდევ დაგვიბრუნდნენ, როდესაც ახალი ავტომობილის შეძენას გადაწყვეტენ. ჩვენ გვინდა თავიანთი მეგობრები, თანამშრომლები და მეზობლები გამოაგზავნონ ჩვენთან. ჩვენ ვიცით, რომ ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ კარგი ავტომობილები, არამედ მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სამომხმარებლო გამოცდილება, რასაც Shift-ისგან მომხმარებელი მუდმივად მოელის და სწორედ ამაში ეხმარება Pulsar AI ტექნოლოგია ჩვენს კომპანიას.


განმარტებები:

*IPO: პირველადი საჯარო შეთავაზება (Initial public offering) − ფასიანი ქაღალდების თავდაპირველ გაყიდვას კერძო ან სახელმწიფო ინვესტორზე, რომლებიც გამოშვებულია სამთავრობო ორგანოების ან კორპორაციის მიერ, პირველადი განთავსება ეწოდება, ანუ საჯაროდ გასვლა. კომპანია საჯაროდ აწარმოებს აქციების საწყის საჯარო შეთავაზებას საფონდო ბირჟაზე. იზიდავს კაპიტალს, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს მისი განვითარების მიზნით.

**NASDAQ: სახელწოდება მომდინარეობს აკრონიმიდან National Association of Securities Dealers Automated Quotations. ეს არის ფასიან ქაღალდთა დილერების ავტომატური კოტირებების ეროვნული ასოციაცია) − აშშ-ის ელექტრონული სააქციო ბირჟა. დაფუძნდა ფასიან ქაღალდთა დილერების ეროვნული ასოციაციის (NASD) მიერ, რომელმაც იგი შემდგომში 2000-2001 წლებში გაყიდვათა სერიებით გაასხვისა. ამჟამად იგი კორპორაცია „ნასდაქის“ სააქციო ბაზრის მფლობელობაშია. „ნასდაქი“ უდიდესი ელექტრონული კომპიუტერული ფასიან ქაღალდთა ბაზარია აშშ-ში. დაახლოებით 3300 კომპანიით მის სიაში საშუალოდ უფრო მეტი კომპანია და უფრო მეტ აქციათა გაყიდვის ოპერაცია ტარდება ყოველდღიურად, ვიდრე ნებისმიერ სხვა ამერიკულ აქციათა ბაზარზე.


Entrepreneur.com



თეგები:
IPO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up