ქართველი და უცხოელი ექსპერტების უმრავლესობის აზრით, მთავრობას ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება გაუჭირდება – GIP-ის კვლევა

ქართველი და უცხოელი ექსპერტების უმრავლესობის აზრით, მთავრობას ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება გაუჭირდება – GIP-ის კვლევა

access_time2016-12-24 16:00:07


საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ გამოკითხული 27 ქართველი და უცხოელი ექსპერტის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ქვეყნის წინაშე მდგარ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება გაუჭირდება. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც GIP-მა დღეს გამოაქვეყნა, ექსპერტები ასევე ეჭვობენ, რომ "ქართული ოცნება" შეძლებს შეასრულოს საარჩევნო დაპირებები.

 

ეკონომიკური მდგომარეობა & ლარი

 

კვლევის მიხედვით, პროექტის ფარგლებში გამოკითხული ექსპერტები ეჭვის თვალით უყურებენ "ქართული ოცნების უნარს", გაუმკლავდეს ლარის კურსის გაუფასურების პრობლემას. გამოკითხულთა 78 % აცხადებს, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს ლარის სტაბილიზაციას. 22% მიიჩნევს, რომ ეს მთავრობის მიერ "ნაწილობრივ შესაძლოა".

 

GIP-ის ანალიტიკოსი ბიძინა ლებანიძე, რომელმაც აღნიშნული პუბლიკაცია მოამზადა, წერს რომ ექსპერტები პესიმისტურად უყურებენ საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და უმუშევრობის შემცირების პერსპექტივებს. გამოკითხულთა 58% ყოველწლიურად ეკონომიკის 3-4-პროცენტიან ზრდას ვარაუდობს, ხოლო 38.5% მიიჩნევს, რომ ეკონომიკა მხოლოდ 1-2 პროცენტით გაიზრდება. გამოკითხულთაგან მხოლოდ ერთ ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-5% ან მეტით გაიზრდება. ექსპერტები პესიმისტურად აფასებენ ასევე ოცნების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების პერსპექტივებსაც:

 

"ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში პარტიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაპირებას წარმოადგენდა 200000 ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საპენსიო სისტემის, გადასახადებისა და ინფრასტრუქტურის რეფორმირების მეშვეობით. თუმცა ექსპერტების 93 % მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაპირება არარეალისტურია".

 

GIP-ის პუბლიკაციის მიხედვით, ექსპერტთა უმრავლესობა ასევე ვარაუდობს საგარეო ვალის ზრდას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. გამოკითხულთა 33% პროცენტი ამბობს, რომ საგარეო ვალი "მნიშვნელოვნად" გაიზრდება, ხოლო 56% ფიქრობს, რომ ვალი გაიზრდება, თუმცა, დასაშვები ტემპებით. გამოკითხულთა მხოლოდ შვიდი პროცენტი ელის, რომ ვალის დონე იგივე დარჩება ან შემცირდება.

 

"ზოგადად, როგორც ეკონომიკური მოდერნიზაციის ბევრი კვლევა გვეუბნება, განვითარებად ქვეყნებში საგარეო ვალის ზრდა არ არის დრამატული მოვლენა, თუ მას თან ახლავს ეკონომიკურ ზრდის პროცესი და ნასესხები ფული გამოყენებულია გონივრულად ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, არ არის ბოლომდე ნათელი, ხდება თუ არა აღებული ვალის სწორი ინვესტირება და რამდენად დაბალანსებულია ვალის ზრდა შესაბამისი ეკონომიკური ზრდის ტემპით. მაგალითისთვის, ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ მთავრობა საგარეო ვალს არასწორად იყენებს, მაგალითად, ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად ან სოციალურ და ჯანდაცვის სექტორში ინვესტირებისთვის. გარდა ამისა, მაშინაც კი, თუკი ეკონომიკური ზრდა 3-4% იქნება, როგორც ექსპერტთა უმრავლესობა ვარაუდობს, ეს ალბათ არ იქნება საკმარისი საგარეო ვალის ზრდის დასაბალანსებლად".

 

საკონსტიტუციო უმრავლესობა

 

კვლევის მიხედვით, გამოკითხული ექსპერტები ასევე ეჭვის თვალით უყურებენ ქართული ოცნების მიერ ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობას.

 

"გამოკითხულ ექსპერტთა მხოლოდ 11% ფიქრობს, რომ ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობას დადებითი გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე. ექსპერტების 85% კი ფიქრობს, რომ სამთავრობო პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობა "უარყოფითად" იმოქმედებს ქვეყანაში მომდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. შესაძლებელია, ექსპერტთა ნეგატიური მოსაზრებებზე გავლენა იქონია ქართული ოცნების ბოლო ნაბიჯებმა, რომლებიც მიმართულია პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებისკენ".

 

"კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა ასევე გააანალიზეს ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი საფრთხეები და მათი დაძლევის გზები. რესპოდენტთა კომენტარებში ყველაზე ხშირად მთავარ საფრთხედ ფიგურირებდა ულტრამემარჯვენე პოპულისტური ძალების მოძლიერება საქართველოში, რომელთა პოპულარიზაციას დიდად უწყობს ხელს წინა და ახლანდელი მთავრობების არაეფექტური მმართველობა ბევრ სფეროში. თუმცა, ამ მხრივ, საქართველო არ არის გამონაკლისი. შეიძლება პარალელების გავლება ევროპაში ულტრამემარჯვენე ძალების რენესანსთან. ექსპერტები ასევე მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქვამენ ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული მმართველი პარტიის პოზიციების გასაძლიერებლად.

 

რამდენიმე ექსპერტმა ასევე ხაზი გაუსვა მართველი პარტიის სტრუქტურულ და პოლიტიკურ არათანმიმდევრულობას. მათი აზრით, პარტია შედგება როგორც სხვადასხვა ფრაქციებისგან, დაწყებული მემარცხენე ფრთის, დამთავრებული მემარჯვენე-ცენტრისტული(მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი), ისე მემარცხენე-ცენტრისტული (ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის დიდი ნაწილი) ძალებისგან, რასაც შეიძლება მოჰყვეს არათანმიმდევრული პოლიტიკა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სფეროებში", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

მეორე მხრივ, გამოკითხული ექსპერტები ოპტიმისტურად აფასებენ მთავრობის შანსებს, რათა გაატაროს ეფექტური რეფორმები.

 

"მათი აზრით, ვინაიდან საარჩევნო ციკლი ამ ეტაპზე დასრულებულია, მთავრობას აქვს ორწლიანი ვადა, რათა სრულად გადაერთოს მათ შორის არაპოპულარული რეფორმების გატარებაზე და არ იფიქროს საარჩევნო პროცესებზე.

 

რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, გამოკითხული ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ, აწარმოოს უკეთესი ფისკალური პოლიტიკა, მეტი ყურადღება გაამახვილოს ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე და უარი თქვას "ლარიზაციის" პოლიტიკაზე. მათი თვალსაზრისით მთავრობა მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან".

მეთოდოლოგიის შესახებ


GIP-ის განცხადებით, ექსპერტთა გამოკითხვა ფართოდ გამოყენებული მეთოდია დასავლეთის ქვეყნებში.

 

GIP-ის დირექტორს, კორნელი კაკაჩიას ნეტგაზეთსთვის ნათქვამი აქვს, რომ ექსპერტების ვინაობა და მათ მიერ დასახელებული სავარაუდო შედეგები ანონიმურია. მისი თქმით, ყველას უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ ანონიმურად, ზეწოლის გარეშე გაეკეთებინა პროგნოზი.

 

"მეთოდის ქართულ კონტექსტში გამოყენებისას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ხელმძღვანელობს ექსპერტთა შერჩევის რამდენიმე პრინციპით, რათა კვლევის შედეგები იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მეთოდოლოგიურად გამართული. უპირველესად, ჩვენ მონაწილეობა ვთხოვეთ მხოლოდ იმ ექსპერტებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მეორე, იმისთვის, რომ მიგვეღო დაბალანსებული ხედვა, ჩვენ გამოვკითხეთ საქართველოზე მომუშავე როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ექსპერტები. ასევე, რათა თავიდან აგვერიდებინა პოლიტიკური მიკერძოებულობა, ჩვენ გამოვკითხეთ ის ექსპერტები, რომლებიც არ არიან დაკავებული პარტიული პოლიტიკით და არ აქვთ რაიმე სახის მჭიდრო კავშირები რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში", - აცხადებენ GIP-ში.
ეს GIP-ის მიერ ჩატარებული რიგით მეორე ექსპერტთა გამოკითხვაა, პირველი საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგებს ეხებოდა და შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის "ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის" (National Endowment for Democracy, NED).

 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შესახებ

 

GIP-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არის არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის დასწყისში დაარსდა.

 

"GIP ცდილობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერებას და ეფექტური მმართველობის პრინციპების განვითარებას პოლიტიკური კვლევისა და ადვოკატირების გზით. ორგანიზაციის მიზანია, გახდეს კვლევებისა და პოლიტიკური ინოვაციების წამყვანი ცენტრი საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად. 2013 წლიდან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არის OSCE Network of Think Tanks and Academic Institutions წევრი".

 

ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან: ერეკლე ურუშაძე, ვანო ჩხიკვაძე, გიორგი სორდია და ლევან ნატროშვილი. აღმასრულებელი დირექტორია კორნელი კაკაჩია, ხოლო მრჩეველთა საბჭოში შედიან: მელანი სალი, კორი ველტი, ეიკი ბერგი, ნონა მიხელიძე, ალექსანდრე კუპატაძე.

 

"ნეტგაზეთი"

 



რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...


მსგავსი სიახლეები

up