სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა.
სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში მეორედ მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე ადამიანი სტუმრობს; წელს ვიზიტორები 12 ქართული კომპანიის პროდუქციას გაეცნენ.
საქართველოს დახლზე გამოფენილი იყო მრავალფეროვანი ქართული ნაწარმი: თხილი, ნუში, კაკალი, სუნელები, მოცვი, ნატურალური წვენი, ხიზილალა, მზა შეფუთული კერძები, ხილის ლიქიორები.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, გამოფენაზე წარდგენილი საქართველოს სტენდი და ქართული კომპანიების საქმიანობა მილიონობით მაყურებელს გააცნეს მსოფლიოს ისეთმა წამყვანმა მედიასაშუალებებმა, როგორებიცაა Telegraph, BBC Radio, Financial Times, Slow Food.