გლობალურმა სტარტაპ ფონდმა, რომელიც სილიკონ ველი თბილისში ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნდა, ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის გარიგებას მოაწერა ხელი. ქართული სტარტაპი influence.ge 1,300,000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს.
აღნიშნული ინვესტიცია საქართველოში პირველად ხორციელდება და მისი თანადაფინანსება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელა.
რა გზა გაიარა სატარტაპმა დაფინანსებამდე და რა გეგმები აქვს მომავალში, ამ თემებზე „კომერსანტი“ Influence Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი თუშურაშვილს ესაუბრა.
„სოციალურ მედიაში აქტიურ ადამიანებს ვიყენებთ იმისთვის, რომ გავარეკლამოთ სხვადასხვა პროდუქტები და ბრენდები, ჩვენ ადამიანებს ვარჩევთ იმ მონაცემების მიხედვით, როგორიც არის მიმდევრების რაოდენობა, ასაკი, სეგმენტი და ა.შ. მეორე კი არის კრეატიული ნაწილი, როდესაც კომპანიებს ვუგეგმავთ კრეატიულ კამპანიებს. თავდაპირველად, გადავწყვიტეთ რაიმე ახალი შეგვექმნა ქართულ ბაზარზე, გავეცანით საერთაშორისო მაგალითებს მარკეტინგში, დავუკავშირდით ინფლუენსერებს და გავაერთიანეთ ისინი ერთ დიდ კომპანიაში და ბრენდებს ჩვენი სერვისი შევთავაზეთ. შემდეგ უკვე დავიწყეთ მოანაწილეობის მიღება სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში და საბოლოოდ მოვიპოვეთ 1,300,000 ლარიან დაფინანსება. ამ თანხით გვინდა შევქმნათ საერთაშორისო დონის ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა Echolize და გავცდეთ საქართველოს საზღვრებს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ნამდვილი მიღწევა იქნება როცა საერთაშორისო ბაზარზე გავალთ და გვეყოლება ბევრი კლიენტი. ჩვენი აზრით, რამდენიმე წელიწადში ჩვენი კომპანია მზად იქნება იმისთვის, რომ რომელიმე დიდ საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიას ჩვენი თავი მივყიდოთ“, - აღნიშნავს გიორგი თუშურაშვილი.
influence.ge არის ინოვაციური, data-driven ინფლუენსერ მარკეტინგის კომპანია და აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს, რომლებსაც აკავშირებენ საქართველოში მოქმედ კომპანიებთან.
„კომერსანტი“