ქართული სამედიცინო სისტემა არ არსებობს! - ინტერვიუ ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმთან

ქართული სამედიცინო სისტემა არ არსებობს! - ინტერვიუ ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმთან

access_time2018-12-16 18:00:27

ქართული სამედიცინო სისტემა არ არსებობს! - აცხადებს ქართულ-ამერიკული სამედიცინო ასოციაციის, GAMPHA-ს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გურული. ის ამერიკაში 90-იან წლებში გაემგზავრა. ამჟამად მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი და ამავე შტატის დედაქალაქ ჯეკსონის ვეტერანთა ფედერალური ჰოსპიტლის ანესთეზიის, რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორია. წლებია ხედავს, როგორი პატივით ეპყრობა ამერიკა თავის გმირებს და იცის, როგორ მუშაობს გამართული სამედიცინო სისტემა, რადგან ისიც ამ სისტემის ნაწილია და სურს, თავისი ცოდნა თავის სამშობლოს გაუზიაროს.


- ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ექიმების მიმართ ნდობა დაკარგეს და თუ შესაძლებლობა აქვთ, საზღვარგარეთ გარბიან სამკურნალოდ.
- ვერ გავამტყუნებ მათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ექიმები უვიცის კლიშეს იმსახურებენ; თუ უვიცები ვართ, როგორ ხდება, რომ ყოველწლიურად 20-30 ახალგაზრდა ქართველი ექიმი ირიცხება ამერიკულ რეზიდენტურაში? ისინი თავისუფლად უწევენ კონკურენციას მსოფლიოს საუკეთესო ტვინებს! საქართველო არც გამოჩენილი ექიმების ნაკლებობას განიცდის. დიახ, ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, საზოგადოების უნდობლობა კი ქართული მედიცინის მახინჯმა სისტემამ, უფრო სწორად, უსისტემობამ გააჩინა. 


- როდესაც ღიად აკრიტიკებთ სისტემის ნაბიჯებს და საყოველთაო ჯანდაცვას ანტისახელმწიფოებრივ პროგრამას უწოდებთ, ალბათ იცით, რომ ბევრი მოწინააღმდეგე გამოგიჩნდებათ...
- მაგრამ სათქმელი ხომ უნდა ითქვას? როდესაც ამ პოპულისტური პროგრამით საზოგადოების ე.წ. სრული გადაფარვა მოინდომეს, ვერ გაითვალისწინეს, რომ ეს პრაქტიკულად არც ერთი ქვეყნის ეკონომიკას არ ძალუძს. ბიუჯეტის განიავებისა და სახელმწიფოს გაღარიბების გარდა, ამ პროგრამამ უამრავი ბოროტება მოუტანა ადამიანებს, რადგან ჩვენს საავადმყოფოებში ასობით არასაჭირო, მავნებლური ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა. ამ ეტაპზე რთულია საზოგადოება დავარწმუნო ჩემი აზრის სისწორეში, მაგრამ ფაქტია ამ სისტემის დანაშაულია გამოუცდელი ადამიანებით დაკომპლექტებული, ლამისაა სადარბაზოებში გახსნილი ინტენსიური განყოფილებები, მართვით სუნთქვაზე მიერთებული, უიმედო ავადმყოფები, სამედიცინო შეცდომები, ჯანმრთელი ადამიანებისთვის ჩატარებული ოპერაციები და ბიუჯეტიდან ფულის გამოძალვის მიზნით გადავსებული საწოლები. არც ამდენი კლინიკა გვჭირდება. ჩვენს სამმილიონიან ქვეყანას, რომელიც ერთი დიდი ამერიკული ქალაქის ზომისაა, რამდენიმე თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი კლინიკა ეყოფა, სადაც შესაძლებელი იქნება კვალიფიციური რეზიდენტების მომზადება; ყველა საჭირო, სერიოზული ოპერაციის ჩატარება, მაგრამ მედიცინა ახლა საქართველოში ხშირად, საეჭვო რეპუტაციის ბიზნესის წყაროა, ყოველგვარი რეგულაციების და საღი აზრის გარეშე დამყარებული ქაოსი. 


- რა მიზანი ჰქონდა ქართულ-ამერიკული სამედიცინო ასოციაციის დაარსებას? რა შეძელით და რა გახდა შეუძლებელი ამ ასოციაციის დაფუძნებით?
- ამერიკაში მყოფი ქართველი ექიმების შეკრება-ორგანიზების საქმეში დიდი როლი ითამაშა მაშინდელმა ხელისუფლებამ, კერძოდ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბათუ ქუთელიამ და ჯანმრთელობის სამინისტრომ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალბატონ მარიამ ჯაშის, პარლამენტის განათლების კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარის განსაკუთრებული წვლილიც. მათი ხელშეწყობით ჩატარდა კონფერენცია მედეა 2011 წლის იანვარში. იმედის მომცემი დასაწყისი გახლდათ, რადგან ვაშინგტონის შეკრებაზე ქართველი ექიმების 90% ჩამოვიდა. მახსოვს, კონფერენციაზე საკმაოდ მწვავედ წარიმართა დებატები, მაგრამ საბოლოოდ საღმა აზრმა გაიმარჯვა და ყველამ აღიარა ასოციაციის აუცილებლობა და სარგებელი ქვეყნისთვის. კონფერენციაზე დამასახელეს ამერიკაში ქართველი ექიმების კოორდინატორად, ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა სანდრო ურუშაძემ კი ოფიციალურად გააფორმა ეს ბრძანება და ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ექიმების საკოორდინაციო საბჭოს მთავარ კოორდინატორად ვითვლები.
დასაწყისი საკმაოდ რთული იყო. სამინისტროს თანამშრომლები, ვისთანაც უშუალოდ გვქონდა ურთიერთობა, პირველ რიგში, პოლიტიკოსები არიან და სწრაფ შედეგებზე იყვნენ ორიენტირებული, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ დავარწმუნეთ სამინისტრო, რათა გვეფიქრა მხოლოდ მაღალ მიზანზე და არა მოსწრებაზე. საქმე ხომ პროფესიონალების უაღრესად მნიშვნელოვან ჯგუფთან გვაქვს, რომელთა ჩამოყალიბებას და გაზრდას 14-16 წელი სჭირდება, ამიტომ სერიოზულ რეფორმაზე ერთ ან თუნდაც სამ წელიწადში ლაპარაკი შეუძლებელი იყო და არის. საბოლოო ცვლილებები ერთი რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის არსებობის პერიოდში კი არ უნდა მოხდეს, არამედ გონიერ ვადებში. ჩვენ საფუძველის ჩაყრას ვგეგმავდით, ნაყოფს კი სულ სხვა მთავრობის პირობებში, ქვეყანა მოიმკიდა. 
გეგმა ასეთი იყო: პირველ ეტაპზე უნდა შეგვექმნა ის, რაც ძალიან აკლია საქართველოს - რეზიდენტურის ანუ სამედიცინო განათლების შემდგომი კლინიკური განათლების სისტემა. რადგან ამერიკული სისტემა ეფექტურია, შევთანხმდით, რომ ახლის გამოგონება საჭირო აღარ იყო. ამასთან, გვინდოდა დიპლომის შემდგომი განათლების საკითხები მოგვეწესრიგებინა და ამის საფუძველზე მძლავრი პროფილური ასოციაციები შეგვექმნა, რომლებიც ფაქტობრივად, თავად მოახდენდნენ თავიანთ დარგებში ხარისხის კონტროლს. პირველ ეტაპზე სახელმწიფოს ხელშეწყობით და ჯანდაცვის სამინისტროს გარკვეული კონტროლით, შემდეგ ავტონომიურად. ასოციაციის სათავეში ამერიკელი და ევროპელი ექიმების, ჯანმრთელობის სამინისტროს წარმომადგენლების, საქართველოში მოღვაწე ექიმების ჯგუფი იქნებოდა.


- რა დაუჯდებოდა სახელმწიფოს ამ პროგრამის დაფინანსება?
- ეს ფინანსურად დიდი ტვირთი არ უნდა ყოფილიყო, რადგან საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმებმა, რომლებიც მაშინვე ჩაერთვნენ სასწავლო მასალების მომზადებაში, უარი განაცხადეს ანაზღაურების მიღებაზე. არც მოგზაურობის ხარჯებს ვითხოვდით. თუ სახელმწიფო მოისურვებდა ამისთვის თანხა გამოეყო, მას უკლებლივ გადავრიცხავდით ახალგაზრდა ქართველი ექიმების განათლების ფონდში. მოკლედ, იმედიანად ვიყავით. 2012 წელს, ბათუმში შემდეგი კონფერენციაც ჩავატარეთ, მაგრამ შეიცვალა ხელისუფლება და სამწუხაროდ, ყველაფერი გაიყინა. ვწუხვარ რომ წამოწყებული საქმე შეგვაჩერებინეს. 6 წელიწადი დავკარგეთ, ახლა ახალ ეტაპზე ვიქნებოდით გადასულები და პირველი ჯგუფი გვეყოლებოდა გამოწვრთნილი.


- ახალ მინისტრს შეხვდით?
- როგორც კი კოალიცია ქართული ოცნება ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ბატონ სერგეენკოს შევხვდი. მას აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა ჰქონდა ქართული მედიცინის რეფორმებთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით, არარეალური იყო. იგი თვლიდა, რომ საკმარისი იქნებოდა რამდენიმე კარგად დაკომპლექტებულ-აღჭურვილი კლინიკის შექმნა, სადაც უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველი ექიმები იმუშავებდნენ. საქართველოს ამჟამადაც არ აკლია გამოცდილი პროფესიონალები, მაგრამ მათი საქმიანობის არაეფექტურობა განპირობებულია სრული უსისტემობით. 


- მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დანებდით დინებას?
- არა, მაგრამ სულ მალე, მინისტრის მაშინდელმა მოადგილე დიმიტრი მახათაძემ ოფიციალურად განგვიცხადა, რომ ხელს არ შეგვიშლიდა საქველმოქმედო საქმიანობაში, თუმცა სხვა მხრივ ჩვენი ურთიერთობის პერსპექტივას ვერ ხედავდა. მოკლედ, ამერიკელებიც მოგვიშორეს და ევროპელებიც. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ სახელმწიფო ჩვენი რესურსის გამოყენებაზე უარს აცხადებს. ისე არ გამიგოთ, თითქოს მხოლოდ ეს ერთი ხელისუფლებაა საქართველოში, რომელიც შეცდომებს უშვებს, წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა ხარვეზები სამედიცინო კუთხით. თუნდაც ის ასი ამოჩემებული საავადმყოფო რომ გავიხსენოთ. რესურსის გაფლანგვის გარდა, ასე სოკოებივით ამოზრდილი მცირე ზომის კლინიკები ვერ უზრუნველყოფდნენ საგანმანათლებლო ბაზებად ფუნქციონირებას. ახლა ისე გამოვიდა, რომ საზღვარგარეთ გამოზრდილი საუკეთესო ნაღები ჩვენი სამედიცინო ელიტისა, რომლებიც უანგაროდ ჩაერთვნენ ამ დიდ საქმეში, პრაქტიკულად, დაკარგული არიან საქართველოსთვის; თუმცა, ობიექტურობისათვის უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე მაღალკვალიფიციური ექიმი დაბრუნდა საქართველოში და წარმატებითაც საქმიანობს საკუთარ კერძო პრაქტიკაში... 


GzaPress



















- საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ამერიკა თავის გმირებს პატივით ეპყრობა. სამხედრო ჰოსპიტალის სამი დეპარტამენტი გაბარიათ. გვიამბეთ ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალზე, რამდენადაც ამის უფლებას შინაგანაწესი გაძლევთ.
- რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ მუშაობა ვეტერანების სამხედრო ჰოსპიტალში დავიწყე. ვეტერანების ჯანდაცვის სტრუქტურა არის ერთი დიდი, სახელმწიფო სისტემის ნაწილი. ამ უზარმაზარ დეპარტამენტში გაერთიანებულია ვეტერანების ჯანდაცვა (1500 კლინიკა), მოხუც ვეტერანთა სახლები, სასაფლაოები (ისეთი, როგორიცაა არლინგტონის სასაფლაო, სადაც დიდი პატივით კრძალავს სახელმწიფო თავის გმირებს), ანუ ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც სხვა სატელიტი ორგანიზაციები ექვემდებარებიან. ამ სისტემის მასშტაბურობა ვიეტნამის ომმა განაპირობა. ჩვენგან განსხვავებით, ამერიკაში მალევე მიხვდნენ, რომ ომიდან მებრძოლები დიდი ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემებით ბრუნდებოდნენ: დაინვალიდებული, ხელ-ფეხდაკარგული ან სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული მეომრების გარდა, დაბრუნებულებს შორის იყვნენ ნარკოდამოკიდებული ადამიანები, იყო ალკოჰოლიზმისა და აგრესიის შემთხვევები, დეპრესია და ა.შ.
ნებისმიერი სახელმწიფო დგება ამ პრობლემის პირისპირ გადატანილი ომების შემდეგ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, იქ ხვდებიან, რომ სხვა თუ არაფერი, სამარცხვინოა ამ ადამიანების უყურადღებოდ დატოვება. ამიტომაც შეიქმნა ამერიკაში ეს მძლავრი დეპარტამენტი, რომელიც დაუსრულებლად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარამილიტარული სისტემაა, ქირურგების ჯგუფს ხშირად გვიწევს ცხელი წერტილებიდან დაჭრილების გადმოყვანა. იმაზე ლაპარაკით, თუ როგორი თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი ჰოსპიტალი, თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ აუცილებლად გეტყვით, რომ აქ მოხვედრილ პაციენტებს ჭეშმარიტად ღირსეული პირობები ხვდებათ. 
ნებისმიერი ინფორმაცია ვეტერანების ჯანმრთელობის, კვლევების, ჩატარებული ოპერაციების და ა.შ. შესახებ შეტანილია სპეციალურ ვებსაიტზე, რომელთანაც წვდომა მხოლოდ ჩვენ გვაქვს - ეს გაცილებით აადვილებს დიაგნოზის დასმას, გამორიცხავს განმეორებით, არასაჭირო კვლევებს, ზოგავს დროს და რაც მთავარია, მინიმუმამდე ამცირებს შეცდომის შესაძლებლობას. ასეთი ქსელის ანალოგი, საბედნიეროდ, უკვე გვაქვს საქართველოში, იუსტიციის სახლის მოდელით. ამიტომ ვცემ პატივს გიორგი ვაშაძეს, მას ესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სამყაროში ელექტრონული სისტემის განვითარებას. 


- ერთადერთი ქართველი ექიმი ხართ ჰოსპიტალში, არა?
- არა მარტო ჰოსპიტალში, ჩემს ქართულ გარემოცვას მხოლოდ ჩემი ოჯახი წარმოადგენს. უფროსმა ვაჟმა გადაწყვიტა ჩემს გზას გაჰყოლოდა და ჯერ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაემთავრებინა. უმცროსი ვაჟი ჯერჯერობით კოლეჯში სწავლობს. ალბათ შემდეგ ისიც ძმას მიბაძავს და საქართველოში ისწავლის. მეამაყება, ჩემი შვილები რომ არ დავუკარგე ქვეყანას.


- დაბოლოს, სტატისტიკა მინდა მოვიშველიო: წლეულს, ამ არასრულ 11 თვეში 738 ვეტერანი გვყავს გარდაცვლილი. მათი უდიდესი უმრავლესობა 1960-70-იან წლებში იყო დაბადებული...
- ეს პოსტტრამვული სტრესული მოშლილობის შედეგებია. უბრალო მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ: ჩემმა მეუღლე ქეთი გოგოლმა, დისერტაციიის თემად დევნილ ახალშობილებში სხვადასხვა დაავადების განვითარების სიხშირეთა კვლევა აირჩია. ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა მაასტრიხტის უნივერსიტეტის ერთ საინტერესო კვლევას გაეცნო, რომლის მიხედვითაც ნაცისტური ოკუპაციის წლებში დაბადებულ ახალშობილებში 75 პროცენტით იყო გაზრდილი შიზოფრენია და სხვა ფსიქიკური დაავადებები... ამიტომ, როდესაც ვიღაც გაოცებული კითხულობს, რამ გადარია ჩვენი ხალხი ან რატომ გვეხოცება ამდენი ახალგაზრდაო? უნდა ვუპასუხოთ: რომ ეს ამ გაუბედურებული ცხოვრების, მუდმივი სტრესების დამსახურებაა. იგივე ხდება ვეტერანებშიც - იმის ნაცვლად, რომ პატივით მოვექცეთ, კაპიკები მივუყარეთ და არავის აინტერესებს არც მათი ახალგაზრდობა და არც სიბერე. ამერიკაშიც არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ არც ერთ ვეტერანს სიბერისა და შიმშილის შიში არ აქვს. ასეთ სტრესულ გარემოში ცხოვრება მენტალურად ანგრევს ერის გენოტიპს. ეს არ გახლავთ ლიტონი სიტყვები და დაუსაბუთებელი ჰიპოთეზა, ეს არის სამედიცინო კვლევებით დასაბუთებული ინფორმაცია. 


გააგრძელებთ თქვენს გეგმებს საქართველოში, თუკი ამისი საშუალება მოგეცემათ?
- რა თქმა უნდა! განა ბევრნი ვართ, ვისაც უანგაროდ გვსურს ჩვენი ქვეყნის სამსახური, რადგან გააზრებული გვაქვს, რომ საქართველოს ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება სულიერი თანადგომა. ეს ჩვენი ვალია, როგორც ადამიანებისა და როგორც პატრიოტების.


„კვირის პალიტრა“


თეგები:
სტრესი



„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up