კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების ლოზუნგით მოსული „ქართული ოცნების“ დეპუტატები 4 წლიან საქმიანობას აჯამებენ

კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების ლოზუნგით მოსული „ქართული ოცნების“ დეპუტატები 4 წლიან საქმიანობას აჯამებენ

access_time2020-10-26 10:00:40

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საქართველოში ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში


„ქართული ოცნების“ განვლილი 4 წლის შეფასებისას მმართველი გუნდის წევრი ლადო კახაძე ამბობს, რომ საქართველოში ბევრი გაჭირვებული ადამიანია და ამის შესახებ, როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ისე ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა კარგად იცის.


„დღეს გაჭირვება ბევრია და ჩვენ ეს კარგად ვიცით, უამრავ ადამიანს ვხვდები და მაქვს შეხება, მე როგორც ექიმს, ვიცი სოციალური ჯგუფები, კარგად ვიცი სოფლის და ქალაქის მდგომარეობა. ყველაფერი მოწესრიგებული, რომ არ არის ეს ყველაფერი ვიცით. არ ვამბობ, რომ ამ ყოველივემ ყველაფერი გააკეთილშობილა, მაგრამ აუცილებელი პირობები შეუქმნა ადამიანებს. განხორციელდა რეფორმები ჯანდაცვის სფეროში, ასევე სოციალური დაცვის კუთხით, საყოველთაო ჯანდაცვის, მთის კანონი, რომელიც ძალიან დიდ შეღავათებს აძლევს მთაში მცხოვრებ ადამიანებს. ასევე უნდა აღინიშნოს მხარდაჭერა სოფლის მეურნეობაში, დაიწყო ახალი სტარტაპების ხელშეწყობა. ჩემს რაიონში არსებულ პრობლემებს ყოველდღიურად ვეცნობი, მაგალითად, ჩაიკოვსკის და ჭონქაძის კუთხეში არის სახლები, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. სულ ახლახანს შევაბიჯეთ ფეხი ევროგაერთიანებაში, უნდა გადავაწყოთ ჩვენი საკანონმდებლო სივრცე და ექსპორტს უნდა დავუჭიროთ მხარი. საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა, გლეხური და ფერმერული მეურნეობები წამოიჩიტა, ჩვენ ხარისხზე ვაკეთებთ აქცენტებს“, - ამბობს ლადო კახაძე.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მმართველ გუნდში კვალიფიკაციის ნაკლებობაა, გარდა ამისა დაპირებული სლოგანის შესრულება ოპოზიციის გამო ვერ მოხერხდა.


„მრავალი მიზეზების გამო ჩვენი დანაპირები იმ დონეზე ვერ შესრულდა როგორც გვინდოდა. ერთი დიდი მიზეზი მსოფლიო რეცესიაა, ეკონომიკური კრიზისები და ასევე რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ოპოზიციაა. მაგალითად პარლამენტის სხდომაზე გამოაცხადეს, რომ მათი მიზანია ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება, სწორედ ამას აკეთებდნენ იმ თვალსაზრისით, რომ მთელ მსოფლიოს გააგებინეს თითქოს ჩვენ რუსეთის მოყვანილი და არასანდოები ვართ, ქვეყანა კი დიდი რისკის შემცველია. ამ ყველაფრით ფაქტიურად გზა გადაუკეტეს ინვესტიციების შემოსვლას. ასევე კადრების არასწორი შერჩევა ხდებოდა, ყველა არ იყო იმ ადგილას, სადაც საჭირო იყო. ზოგიერთს პარლამენტარის ფუნქცია ერთმანეთის ლანძღვა მიაჩნია, არადა კანონპროექტებზე მუშაობა და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლია მნიშვნელოვანი, რომლისათვისაც მზად ნახევარიც არ აღმოჩნდა. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს გამოვყოფდი, ეს იყო კონსტიტუცია და 4 კანონი ენერგეტიკის შესახებ, რომელიც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განმარტა რევაზ არველაძემ.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ისკო დასენი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები ბოლომდე პანდემიის და თანამდებობის პირების შეცდომების გამო ვერ შესრულდა.


„მთელი გუნდი მუშაობდა იმისთვის, რომ ეს სლოგანი შესრულებულიყო. ყველაფერი შეიძლება 100%-ით ვერ შესრულდა, მაგრამ ჩვენს წინ დიდი გამოცდა დადგა რასაც პანდემია ჰქვია, ასევე არ დავასახელებ კონკრეტულად, თუმცა თანამდებობის პირების მხრიდანაც იყო ბევრი შეცდომა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ცოტა კიდევ უნდა მოვითმინოთ. დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებშიც გაიმარჯვებს და მომავალი წლიდან ყველაფერი კარგად იქნება. რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას გამოვარჩევდი, მაგალითად მივიღეთ კონსტიტუცია, ზოგადად ამ დროის განმავლობაში იურიდიული კომიტეტი აქტიურად საქმიანობდა. თუმცა, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ჩვენი დანაპირები და სლოგანი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ შემდეგ 4 წელიწადში ბოლომდე მივიყვანოთ. მნიშვნელოვანია, რომ 2-3 წელიწადში ევროპაში და ნატოში შევიდეთ“, - განმარტა ისკო დასენმა.


საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრს, ლევან ბეჟანიძეს მიაჩნია, რომ  ბოლო წლებში დაპირება „კეთილდღეობა და სწრაფ განვითარებას“ სიტყვა „სწრაფი“ დააკლდა, თუმცა სტაბილურობით კმაყოფილია.


„სტაბილურობა ხომ იყო ქვეყანაში? ხომ იყო განვითარება -  შეიძლება დაბალი, მაგრამ იყო. შემცირდა სიღარიბეც, დიდი წინსვლები არა, მაგრამ რაც არის ხომ მცირე ნაბიჯებით მივიღეთ. დემოკრატიის მხრივ არის დიდი და სერიოზული მიღწევები ქვეყანაში. მეც პარლამენტში ვმუშაობდი და ამ ყველაფერში ჩემი წვლილი შევიტანე.  ერთობ კარგი  კანონპროექტები იყო, როგორიცაა შრომის კოდექსი, კანონები, რაც წარმოებას და ბიზნესს უწყობს ხელს. ასე რომ, კმაყოფილი ვარ. სიღარიბე არ მომსპარა ქვეყანაში, მაგრამ შემცირდა. მთავარია სტაბილურობა, რომ მერე განვითარება გვქონდეს. სწრაფს ვერ დავარქმევდით, მაგრამ განვითარება იყო,“ - ამბობს დეპუტატი.


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატი სოფიო კილაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის მაქსიმუმი გააკეთა, განსაკუთრებით პანდემიის დროს.


„მგონია, რომ ყოველმხრივ გვაქვს გაუმჯობესება. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგალითად პირველი და მნიშვნელოვანი კონსტიტუციაა და ის რეფორმა რომელიც ჩავატარეთ, შედეგად ახლა გვაქვს მართლაც ძალიან კარგი კონსტიტუცია, სამართლებრივადაც და შინაარსობრივადაც გამართული. ეს ყველაზე ფუნდამენტური საკითხია ჩემი, როგორც იურისტის აზრით. ასევე ჩემი კონკრეტული ინიციატივებიც შემიძლია დავასახელო, ბავშვის კოდექსი რაც ახლახანს  შევიდა ძალაში, სოციალური მუშაობის რეფორმა და დასაქმების რეფორმაც. დასაქმების რეფორმა ასე მედიაში არ გაშუქებულა,  მაგრამ მგონია რომ ერთი წლის თავზე როდესაც ეს ამოქმედდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება“, — განაცხადა სოფიო კილაძემ.


საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი თვლის, რომ პანდემიის დაწყებამდე, საქართველო რეგიონში ნომერ 1-ლი ქვეყანა იყო მზარდი ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლით.



„ეკონომიკური განვითარების მსგავსი მაჩვენებელი ჩვენი სამეზობლოდან არცერთ სახელმწიფოს არ ჰქონდა. საქართველოში არ დაგებულა იმდენი გზა  2003-2012 წლის განმავლობაში,რაც დაიგო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში; ჩვენთან არ გახსნილა იმდენი საწარმო დამოუკიდებლობის დღიდან  დღემდე, რაც ბოლო პერიოდში გაიხსნა - განსაკუთრებით 2015-2016 წლებში, საუბარია 400-ზე მეტ საწარმოზე; საქართველოში სოფლის მეურნეობის კუთხით, დამოუკიდებლობის დღიდან-დღემდე,  არ ყოფილა იმდენი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ფერმერებისთვის, რაც ხორციელდება ამჟამად. მოქმედებს არა ერთი პროექტი და პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებს, დაამუშავონ მიწა, მოიყვანონ შესაბამისი პროდუქტი, მოახდინონ მათი დასაწყობება, შენახვა და რეალიზაცია. სიღარიბის კუთხით, ბაღებში ბავშვებს უფასო სწავლება შევსთავაზეთ, ბავშვების სამჯერადი სრულფასოვანი კვების საკითხი დაწესდა და მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვებში სიღარიბის მაჩვენებელი. ჯანდაცვის კუთხით, უპრეცედენტოდ მაღალეფექტიანი საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მოქმედებს. დიახ, აქედან გამომდინარე უნდა ითქვას,რომ ჩვენი დაპირებები მაქსიმალურად და ზედმიწევნით სრულდება,“ - განმარტავს დავით მათიკაშვილი.


პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი თავის კომპეტენციაში არსებული სფეროს მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გადინებას მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ განათლებაში განხორციელებული ცვლილებები, რაც ჯერ კიდევ პროცესშია, მოგვიანებით გამოიღებს შედეგს.


„ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა კეთილდღეობისთვის და ბევრი გამოწვევაც რჩება, თავი არ უნდა მოვიტყუოთ. მაგრამ არც ის უნდა ვიძახოთ, რა გვეშველება. ნებისმიერ დროს, ამ გამოწვევებს სჭირდება ადეკვატური პასუხი. მე შემიძლია განათლების მიმართულებაზე ვისაუბრო, სადაც ბევრია გასაკეთებელი და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება. ბავშვი სკოლაში არ უნდა მიდიოდეს იმისთვის, რომ ფაქტები დაიმახსოვროს, არამედ შემქმნელი გახდეს ამოცანის, რაც  ჩვენს ქვეყანას სამომავლოდ სჭირდება. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და დროს მოითხოვს. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა - პედაგოგების გადამზადება, ხელფასების ეტაპობრივი ზრდა და ასე შემდეგ. მუდმივად მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ტვინების გადინება, როცა წარმატებული კადრები ჰარვარდის და პრინსტონის უნივერსიტეტებს ირჩევდნენ. ახლა არის იმის შანსი, რომ ჩვენთან ქუთაისის უნივერსიტეტებში დასაქმდნენ გონიერი ახალგაზრდები“, - ამბობს გენადი მარგველაშვილი.


პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილი კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ქვეყანას კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის საქმიანობისას, გვპასუხობს, რომ ამ დაპირების შესრულებამდე ძალიან შორი და რთული გზაა გასავლელი. პანდემიამ კი გააშიშვლა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები.


„კეთილდღეობა არ არის, უმუშევრობის დონე დიდად არ შეცვლილა, ბევრი პრობლემა ისეთივე სიმწვავით გვაქვს, ზოგ შემთხვევაში, უფრო მწვავედაც კი, ამას პანდემიას თუ დავურთავთ, უფრო გართულებულია სიტუაცია. არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული - ჯანდაცვის სისტემა უნდა უფრო გაჯანსაღებულიყო.  ეკონომიკურ პოლიტიკაშიც მეტი ინლკუზიურობა იყო საჭირო, სხვადასხვა ფენებზე მორგებული ეკონომიკური მოდელის წარმოება.ის,რომ ქვეყანას არ აქვს ძლიერი სოციალური უზრუნველყოფის მოდელი, პრობლემატურია და ამ კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმა ვერ განხორციელდა. შეიქმნა დასაქმების სერვისების ხელშემწყობი სააგენტო, კანონი იქნა მიღებული და სამართლებრივი და ორგანიზაციული კუთხით  ცვლილებები გვქონდა. თუ მთლიან 4 წელზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი იყო გასაკეთებელი. საპენსიო რეფორმაც შეიძლება უფრო ინკლუზიური და სხვანაირი ყოფილიყო, უფრო შედეგიანი, რომ რეალური ეფექტები ჰქონოდა უახლოესი წლების განმავლობაში. “, — აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.


ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია კითხვაზე, თუ რამდენად მოუტანა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ბოლო ოთხი წლის მანძილზე კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება, გვპასუხობს, რომ მთავარია ქვეყანაში შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა.


„რა თქმა უნდა,  გარკვეულწილად სტაბილურობა და მშვიდობა შენარჩუნდა.  თქვენც ხედავთ, გარშემო რეგიონი რა ცეცხლის ალშია, ჩვენ შევინარჩუნეთ ეს სტაბილურობა და მშვიდობა და ეს არის მმართველი გუნდის ყყველაზე დიდი დამსახურება. ის, რომ პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია და გადავიდა საპარლამენტო წყობაზე,  ძალიან მნიშვნელოვანი კანონები იქნა მიღებული შრომის კოდექსში,  უზენაესი სასამართლოს წევრების  არჩევის აბსოლუტურად  სხვა  სისტემა  შეიქმნა,  გამჭვირვალედ - მეც  ყველა  ამ  პროცესის  ერთ-ერთი  თანამონაწილე  ვარ. კონკრეტულად ინიციტივა, რომელმაც  გადატრიალება  გამოიწვია ამ მოწვევის  პარლამენტში მე არ მქონია,  ან  თუ მქონდა  ვერ  გავიდა,“- აღნიშნავს ალექსანდრე ქანთარია. 


დეპუტატი სულხან მახათაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სწორი და პროგრესული გზით სვლა მხოლოდ და მხოლოდ პანდემიამ შეაფერხა.


„ქართული ოცნების მოღვაწეობის პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ხალხისთვის წარმოუდგენელი იყო ამას თუ საერთოდ შევძლებდით. თუმცა, გლობალურად ბევრი რამ შეიცვალა და აქედან გამომდინარე პანდემიამ ის პროცესი და პროგრესი რომელიც დაგეგმილი იყო და ის ეკონომიკური მაჩვენებლები და პარამეტრები, რომელიც ჩვენ გვქონდა - შეაფერხა. თუმცა, ხელისუფლებამ პანდემიას სწორი ნაბიჯებით უპასუხა. რისი შესაძლებლობაც სახელმწიფოს და ბიუჯეტს გააჩნდა იმის შესაბამისად ყველაფერი გაკეთდა, ნამდვილად სწორი და პროგრესული გზით მივდიოდით და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებდნენ. 2012 წლიდან დღემდე ბევრი რამ გაკეთდა და გაუმჯობესდა. მინდა გამოვყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც მილიონობით ადამიანს ბევრი სიკეთე გაუკეთა, ასევე მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის პროგრამაც. გარდა ამისა, რეგიონებშიც უამრავი პროექტი განხორციელდა, მათ შორის განათლების მიმართულებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი იდეალურადაა. ჩვენი მთავარი ამოცანაა პანდემიამდე არსებული პროცესებს დავუბრუნდეთ და გავყვეთ იმ განვითარების გზას. გარემოს, საგადასახადოს ან თვითმართველობის მიმართულებით ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა განვახორციელეთ. თუმცა, გამოვყოფდი გარემოსდაცვის პასუხისმგებლობის კოდექსს“, - განმარტავს სულხან მახათაძე.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცოტნე ზურაბიანიც მიიჩნევს, რომ მთელი ეს პერიოდი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“  მმართველი პარტიის ქმედებებს ლაიტმოტივად გასდევდა, თუმცა დაპირებებს შორის უმთავრესი - სოციალური მხრდაჭერა - ჯერ კიდევ შეუსრულებელი რომ არის  და იგი ამასაც აღიარებს.


„მთავარი არის ის, რომ ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ  სლოგანით  ვხელმძღვანელობდით და მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ კონკრეტულ სფეროებში გვქონოდა წინსვლა. რაღაცეები გაკეთდა, არის საკითხები, რომლებიც გადაუჭრელია და მომავალში იქნება ამაზე საზრუნავი. რაც მე მაწუხებს, ეს არის სოციალური მხარდაჭერის პროგრამა. რაიონის დეპუტატი ვარ და დღემდე ვერ მივედით იქამდე, რომ სოციალური დახმარების პაკეტი იყოს უფრო ძლიერი, ყველასთვის თანასწორი.  არის შემთხვევები, სადაც  კონკრეტულ ოჯახებს ძალიან უჭირდათ და მოეხსნათ სოციალური დახმარება. გვქონდა რამდენიმე ინიციატივა, რომ ამ საკითხში წინსვლას მივაღწიოთ,“ - აღნიშნავს ზურაბიანი.


წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა.


„კეთილდღეობა და განვითარება ეს განგრძობადი სლოგანია და არ შემოიფარგლება მხოლოდ 4 წლის ვადით, ეს გაგრძელდება 2020 წლის შემდეგ და მანამ სანამ კაცობრიობა იარსებებს. კეთილდღეობაც და განვითარებაც მუდმივად იქნება საჭირო. 2016 წლის მოცემულობა თუ  იყო რაღაც კონკრეტული საჭიროებები რაც 4 წლიან პერსპექტივაში შეიძლებოდა დაგეგმილიყო, ის წარმატება ნამდვილად მიღწეულ იქნა და გადაჭარბებითაც კი შესრულდა. ყველა ის დაპირება, იმ პერიოდისთვის რაც იქნა გაცემული შესრულდა, თუმცა 4 წელი არ არის ის პერიოდი, რომ 100%-იანი  მათემატიკური სიზუსტით დაგეგმო ყველაფერი რას შეძლებ და რას ვერ მოახერხებ, ამის ძალიან კარგი მაგალითის პანდემია, მუხედავად  იმისა რომ ინფრასტრუქტურული, სოციალური და ა.შ. რაც  შეეხება  საკანონმდებლო ინიციატივებს, პარლამენტმა ზოგადად მოამზადა რამდენიმე ასეული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ვფიქრობ რომ ძალიან დადებითად წაადგა როგორც  მთავრობას ცენტრალიზებულ დონეზე ასევე ადგილობრივ დონეზე. პირადად  ჩემი გადმოსახედიდან რომ ავიღო, ამ პერიოდში ვიყავი დაახლოებით 55 – 56-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, რომელიც ძირითადად რეგიონულ თემატიკას ეხებოდა. ყველაზე მთავარი რაც გავაკეთეთ ის იყო რომ პარლამენტმა მიიღო დეცენტრალიზაციის  სტრატეგია“, - განმარტა გოგა გულორდავამ.

 

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძეც ეთანხმება თავისი კოლეგის აზრს და მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში არის სწრაფი განვითარებაც და კეთილდღეობაც.


„ვთვლი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა ეს დანაპირები და დღეს ქვეყანაში არის სწრაფი განვითარებაც და კეთილდღეობაც. ამ გზაზე ჩვენ შეფერხება არ გვქონია და ყველაფერი კარგად გაკეთდა“, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

 

„კომერსანტი“ „ქართული ოცნების“ პარტიიდან გასული დეპუტატებსაც დაუკავშირდა. ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრი რამ იცვლება და მიუხედავად იმისა რომ „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ ბევრი კარგი რამ ჩაიფიქრა, სხვადასხვა მიზეზების გამო ეს გეგმები ცოტათი შეფერხდა და ტემპი დავარდა.


„სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, რამდენი რამ შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს გარშემო თუნდაც ვალუტასთან დაკავშირებით და ეპიდემიასთან მიმართებაში. პარტიის დაპირებების შემთხვევაშიც ასეა, შეიძლება რაღაც ჩაიფიქრო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს გეგმები ცოტა შეფერხდეს და ტემპი დავარდეს. დღეს ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა გამოვიდეთ, მთავრობას ან საკუთარ ქვეყანას კი არ უნდა ჩავუსაფრდეთ. რაც შეეხება კანონპროექტებს, რამდენიმე მათგანს გამოვარჩევდი, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ერთია კონსტიტუცია, შემდეგ კანონი პატიმრებთან დაკავშირებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და კიდევ სხვა ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა. იქ არის ასევე დირექტივები, ნატოსთან დაკავშირებული თემები, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

კახა ოქრიაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ცეზარ ჩოჩელთან ერთად პარტია დააარსა ცალსახად აცხადებს, რომ მმართველი გუნდის დანაპირები, რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ საკმარისი დრო ჰქონდა, ვერ შესრულდა, ეკონომიკური წინსვლის მაჩვენებელი გაუარესდა, ხოლო  ბიზნესგარემო არ არის იმედისმომცემი.


„ვფიქრობ, რომ დანაპირები ვერ შესრულდა. რასაც პირდებოდა „ოცნება“ საზოგადოებას, ფაქტობრივად არაფერი შესრულდა. მე ამ გუნდის წევრი არ ვიყავი, ვიყავი მოკავშირე.  „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ ქვეყანა წინ წაეყვანა. 2004 წლიდან  2012 წლამდე ვაკრიტიკებდი იმ მთავრობას მართლმსაჯულების მახინჯი ფორმების გამო. არც მაშინ იყო ბიზნეს გარემო კარგი და არც ახლა, მაგრამ მაშინ სხვა პრობლემები იყო, ახლა სხვა პრობლემებია. მაშინ ეკონომიკური ზრდა მაინც იყო, ახლა არის 2-4 პროცენტი, რაც დამღუპელია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვინდა ძალიან სწრფი, ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა და ამასთანავე კარგი ბიზნეს გარემო, კანონის უზენაესობა, სასამართლოს გამართული მუშაობა. სამართლიანი ინსტიტუტები უნდა იყოს ქვეყანაში და ეს არის ყველაფრის საწინდარი. იცით რამდენი თანხებია მთელს მსოფლიოში, რის მოზიდვის სურვილიც გვაქვს, მაგრამ 80 პროცენტი ცოდნაა და 20 პროცენტია დაფნანსება. ადამიანური კაპიტალის ნაკლებობა გვაქვს, ეს არის პრობლემა,“ - განმარტავს კახა ოქრიაშვილი.


დეპუტატი გედევან ფოფხაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირები არ შეასრულა და სლოგანი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ კორუფციამ და ფულის კეთების სურვილმა ჩაანაცვლა.


„რა თქმა უნდა ეს დანაპირები „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეასრულა. დანაპირები „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ კორუფციამ ჩაანაცვლა. ბევრ საკითხში არ ვეთანხმებოდი მათ და  სწორედ ეს  აღმოჩნდა ჩემი პარტიიდან წამოსვლის მიზეზი, ჩემი შეხედულებების დასაცავად უშიშროებასთან და სხვა პოლიტიკოსებთან დაპირისპირებაც კი მიწევდა. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ჩამოყალიბდა პოლიტიკური კლანი, რომელსაც ფულის კეთება სურდათ და ხალხი საერთოდ არ აინტერესებდათ, მათ შორის კახი კალაძე, უჩა მამაცაშვილი და სოსო გოგაძე იყო. მათ არ აინტერესებდათ არჩევნებამდე „ქართულ ოცნების“  მიცემული დაპირება შეუკვეთა ერთი და მიიღო მეორე, კოალიცია სულ სხვა პირობით მოვიდა და სხვა მოცემულობა მივიღეთ“, - განმარტავს გედევან ფოფხაძე.

 

დეპუტატი მარიამ ჯაში თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირების მხოლოდ ნაწილი შეასრულა, მიუხედავად კარგი დასაწყისისა პარტიამ საბოლოოდ ვერ მოახერხა, რომ ხელშესახები ცვლილებების მოეტანა თითოეული ოჯახისთვის, სწორედ ასეთი მიდგომა გახდა მისთვის პარტიის დატოვების მიზეზი.


„ქართული ოცნების“ გუნდს რომ ვუერთდებოდი, ეს იყო პერიოდი როცა მთავარი აქცენტი ნამდვილად იყო ოჯახების კეთილდღეობა და მათი პირობების გაუმჯობესება, ამიტომ მე ვარ ამაყი იმით, რაც მაშინ გავატარეთ. 2012 წლიდან პირველი პერიოდი ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარების პროცესი იყო, მათ შორის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამის კუთხითაც. თუმცა, აშკარაა რომ ეკონომიკის ზრდის პროცესები სათანადოდ ვერ იქნა მიღწეული, იმისათვის რომ ჩვენ შეგვძლებოდა ხელშესახები ცვლილებების მოტანა თითოეული ოჯახისთვის. არც ერთი ქმედითი ინიციატივა ბოლო პერიოდში არ იქნა გადადგმული, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა ეს გუნდი. საქართველოს აქვს ბევრად მეტი რესურსი, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს და სამართლიანი გახდეს მისი საგადასახადო სისტემა, უფრო ეფექტური გახდეს საშემოსავლო ადმინისტრირება და რაც მთვარია უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს სოციალური გაუმჯობესებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ დანაპირების მხოლოდ ნაწილი შეასრულა“, - აცხადებს მარიამ ჯაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up