ქართული მესაქონლეობის აქილევსის ქუსლი - „უნდა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და შევქმნათ საკუთარი, ჩვენს ქვეყანაზე მორგებული სისტემები”

ქართული მესაქონლეობის აქილევსის ქუსლი - „უნდა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და შევქმნათ საკუთარი, ჩვენს ქვეყანაზე მორგებული სისტემები”

access_time2019-10-25 22:15:57

„უნდა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და შევქმნათ საკუთარი, ჩვენს ქვეყანაზე მორგებული სისტემები”, - აცხადებს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბექა გონაშვილმა. ის ფერმერების ოჯახში დაიბადა და დღემდე წინა თაობების საქმეს აგრძელებს. თუმცა, დარწმუნებით ამბობს, რომ მხოლოდ მამაპაპისეული ფორმებით მუშაობა მოძველებულ აზროვნებას ნიშნავს და არა - ტრადიციის დაცვას.

 

“ჩვენი წინაპრები იმ დროს არსებულ ტექნოლოგიებს ერგებოდნენ. მას მერე დიდი დრო გავიდა. ჩვენ კი მაინც ცვლილებების საჭიროებაზე მტკიცება გვიწევს” - გვითხრა მან.

 

ბექას მსგავსად, დარგის წინაშე მდგომ გამოწვევებზე ლაშა ავალიანსაც ვკითხეთ. ის ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელიც წარსულში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. დღეს კი ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში” ტექნიკური დირექტორია. სპეციალისტების გუნდთან ერთად გეგმავს თუ როგორ დაეხმაროს საქართველოს მესაქონლეობას.

 

ბიზნესზე ორიენტირება რომ ფერმის წარმატების მთავარი პირობაა, ამაზე ექსპერტები თანხმდებიან. თუმცა, გვესმის კი კარგად, რას ნიშნავს ეს ცნება რეალურად?! გვაქვს საკმარისი ცოდნა მომგებიანი საქმის დასაგეგმად, შესაქმნელად და განახორციელებლად?! მნიშვნელოვანი მხოლოდ ფინანსური რესურსებია თუ ჯობია ჯერ საჭირო ინფორმაციით გავძლიერდეთ?! სწორად არის გათვლილი მესაქონლე ფერმერების ინვესტიციის მიმართულება?! - კითხვა ბევრია, მათზე პასუხის ძებნა კი განვითარებას დააჩქარებს.

 

როდესაც მეურნეობის დაბალეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი ციფრებამდე მიდის. მეურნემ უნდა დაითვალოს ხარჯი და შემოსავალი. ლაშა ავალიანი ყურადღებას პროდუქციის თვითღირებულებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ საქართველოში რძის ფასი ორჯერ მაღალია, ვიდრე ევროპაში.

 

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ფერმერები უფრო მეტ შემოსავალს იღებენ! მათ, უბრალოდ, რძის წარმოება ძვირი უჯდებათ”, - განმარტავს ის.

 

რძის მსგავსად, ქართულ ბაზარზე ხორცის ფასიც მაღალია.

 

“ეს მომხმარებელზე შეიძლება უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ, მეორე მხრივ, სტიმულს აძლევს მესაქონლეობას”, - გვითხრა ლაშა ავალიანმა.

 


ხორცზე ფასის მომატებას ბექა გონაშვილი ბაზარზე არსებულ დეფიციტს უკავშირებს.

 

“ადრე ხორცს საკუთარი ბაზრისთვისაც ვაწარმოებდით და ექსპორტზეც გაგვქონდა. 50-70 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ცოცხალი საქონელი, ძირითადად აზერბაიჯანში იყიდებოდა. თუმცა, ახლა შიდა ბაზარზე მიწოდებაშიც დეფიციტი შეიმჩნევა. ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოში ნედლი ხორცი შემოდის მოლდოვადან. აქამდე, ნედლი ხორცი პრაქტიკულად არ შემოგვქონდა. ქვეყანაში ფასმა აიწია, თუმცა ბაზარზე ნორმალური ხორცის დეფიციტია. ადგილობრივი ბაზრისთვის, ძირითადად, “ამორტიზებული” ძროხა იკვლება”, - განმარტავს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე და აქვე მისეულ გამოსავალსაც გვთავაზობს: “ღირებულებათა ჯაჭვში უნდა მოხდეს ცვლილება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის წერტილები, სადაც შეცდომებს ვუშვებთ. უნდა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და შევქმნათ საკუთარი, ჩვენს ქვეყანაზე მორგებული სისტემები”.

 

სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა კონკურენტუნარიანობის გაზრდა. თუმცა, ამისთვის მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვა საკმარისი არ არის.

 

“მთავარია, ცოდნა და სპეციალური ტრენინგები, რასაც ხელს უწყობს ჩვენი პროექტი ,,ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ - გვითხრა ლაშა ავალიანმა.

 

მისი განმარტებით, როდესაც ფერმა გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და ცხოველის საკვების ოპტიმალურ წარმოებას დაიწყებს, დანახარჯები შეუმცირდება. თვითღირებულება დაიკლებს, მოგება კი გაიზრდება. საქართველოში ბევრი ფერმა სურსათის უვნებლობის პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებს. მომხმარებელი კი უფრო სანდო პროდუქციას ამჯობინებს. ამიტომაც, არაორგანიზებულ საწარმოებს რეალიზაციის პრობლემა ექმნებათ.

 

ბექა გონაშვილი გამოსავალს სპეციალისტების გადამზადებასა და ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობაში ხედავს.

 

“რაც შეიძლება მეტი უთაკილებელი შრომაა საჭირო! სხვანაირად გამოცდილებას ვერ შევიძენთ და გავაგრძელებთ არაეფექტურ ფერმერულ საქმიანობას. საშრომი ბევრია, შეცდომაც ბევრი იქნება, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ და შედეგიც დადგება!“.- თქვა მან.

 

ლაშა ავალიანი პრობლემის სათავეს ფერმერების მხრიდან ინტერესის ნაკლებობაში ხედავს. მან აღნიშნა, რომ ხშირად შეხვედრია ადამიანებს, რომლებსაც თანამედროვე ცოდნის მიღების სურვილიც კი არ აქვს.

 

“ტრენინგზე ეპატიჟებიან და არ ცხადდებიან. ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ის მამაპაპური მეთოდები უკეთესია. ჩვენ მათ ვუხსნით, რომ ეს შეიძლება კარგი იყო ძველად - საუკუნეების წინ, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ასეთი მიდგომები მოძველებულია. ბევრი ფიქრობს, რომ საწარმოს ხარისხს ფინანსური რესურსი განსაზღვრავს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფულის სწორად განკარგვა და სწორი მენეჯმენტი უფრო მნიშვნელოვანია”, - განმარტავს ლაშა ავალიანი.

 

ის ყველას “მესაქონლეობის ექსპო 2019”-ზე ეპატიჟება. ღონისძიება 26 ოქტომბერს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, იპოდრომის მანეჟში გაიმართება. პროექტი, რომელსაც ლაშა ავალიანი წარმოადგენს, ამ გამოფენის მხარდამჭერია. სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური ექსპოს პოდიუმზე 19 ფერმერის საქონელს ჯიშობრივი მონაცემებით შეაფასებს და საუკეთესო მეწველ ფურს, დეკეულსა და ხბოს მედლებსაც დაჰკიდებს. თუმცა, ორგანიზატორების მთავარი მიზანი მაინც დარგის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლა და ფერმერთა ცნობიერების ამაღლებაა.

 

“დაინტერესებული ფერმერი, რომელსაც მეურნეობის განვითარება სურს, ამაზე კარგ ადგილს ვერ იპოვის. “მესაქონლეობის ექსპოს” დაესწრებიან როგორც საქონლის იმპორტიორები, ისე რძის ჩამბარებელი საწარმოები. ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიებს. მომხმარებლებს კი რძის პროდუქტების დეგუსტაციასაც შევთავაზებთ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ღონისძიების მეორე დღეს გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას ფერმერები მიიღებენ. უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები საკვანძო მიმართულებებზე მოხსენებებს წაიკითხავენ.

 

,,ვისაუბრებთ ფერმის მენეჯმენტზეც და ცხოველთა ჯანმრთელობაზეც. ვფიქრობ, ფერმერებს ეს ყველაფერი მეურნეობების განვითარებაში დაეხმარება”, - ამბობს ლაშა ავალიანი.

 

მისი თქმით, “მესაქონლეობის ექსპო” აქცენტს ყოველწლიურად დარგის მთავარ გამოწვევებზე გააკეთებს. თუმცა, მანამდე მიმდინარე საკითხებია გადასაწყვეტი. როგორ ამაღლდება ფერმერთა ცნობიერების დონე?! შეძლებენ თუ არა ისინი, გახდნენ კონკურენტუნარიანები?! რა გზებს გამონახავენ მცირე დანახარჯით მეტი მოგების მისაღებად?! ამას სპეციალისტები საზოგადოებასთან ერთად დააკვირდებიან.

 

ავტორი - საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია





TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up