ჩანთების მწარმოებელმა კომპანია „გეფერინმა“ ვერცხლის სამკაულზე მაღალი მოთხოვნის გამო, ტანსაცმლის ხაზის გამოშვება 2021 წლამდე გადადო. ამის შესახებ კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ვერცხლის სამკაულების წარმოება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, დღეს „გეფერინის“ ბრენდის ვერცხლის სამკაული საკმაოდ მოთხოვნადია. „პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგალითად, ხელნაკეთი ბეჭდი 925 პრობით, ვერცხლი და ნატურალური ქვა ჯდება 90 ლარის ფარგლებში. რაც შეეხება, ინდივიდუალურ შეკვეთებს ვერ ვიღებთ რადგან წარმოება გვაქვს და ამისთვის დრო არ გვრჩება.“-აცხადებს ილია გეფერიძე.
კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ სამკაულები ექსპორტზეც გადის. „გეფერინის“ სამკაულების შეძენა მსურველებს, როგორც საქართველოში ასევე ქუვეითშიც შეეუძლიათ, რადგან ბრენდმა ქუვეითურ კომპანია A & M -თან ხელშეკრულება ერთი თვის წინ გააფორმა. გეფერიძის განცხადებით, ბრენდი სრული პროდუქციით მიმდინარე წელს ყაზახეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბრენდის მიერ დაგეგმილი 274%-იანი ზრდა, რთული წლის მიუხედავად შესრულდა. როგორც ილია გეფერიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა,კომპანია 2019 წელს მოგებაზეც გავიდა. ამის მთავარი მიზეზი კი პროდუქციის ცნობადობა და მასზე გააქტიურებული მოთხოვნა იყო.
კომპანია ,,გეფერინი“ 2014 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს და დღემდე მის განვითარებაში 1,5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია როგორც - ადგილობრივ ბაზარზე, ასევე რამდენიმე ქვეყანაში - ამერიკაში, ჰონგ- კონგში, შვეიცარიაში, შვედეთში, რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში იყიდება. სამომავლოდ, კომპანია ქალის ტანსაცმლის წარმოებასაც გეგმავს.
ნათია ლომიძე