ქართულ-ფრანგული კაფეტერიების ქსელი „ანტრე“ აზერბაიჯანში რიგით მეექვსე კაფეს ხსნის. როგორც „კომერსანტს“ „ანტრეს“ მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი ლიკა მიქაუტაძე უყვება, ბაქოში გაფართოვება ბაზრის მოთხოვნებმა განაპირობა.
„ბაქოში გაფართოვება თავად ბაზრის მოთხოვნებმა განაპირობა. რამოდენიმე წელია წარმატებით ვმუშაობთ აზერბაიჯანში და დღესდღეობით ანტრე ბაქოელებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია, რომელსაც ყოველდღიურად სტუმრობენ, ენდობიან.
აზერბაიჯანელებს ძალიან მოსწონთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აქტიურად მოიხმარენ ანტრეს ამ მიმართულებით, უსაფუარო პური, ვეგანური და ვეგეტარიანული კერძები, ქართული კულინარია, ფრანგული ფუნთუშეული.
ახალი ფილიალი ანალოგიური კონცეფციისაა, თან წაღების და ადგილზე მირთმევის ოფციებით, სამომავლოდ კვლავ ბაქოში განვითარებას და ლონდონში კიდევ რამოდენიმე ობიექტის დამატებას ვგეგმავთ“, — ამბობს ლიკა მიქაუტაძე.
„ანტრე“ 2008 წელს ქართული ინვესტიციით დაფუძნდა და ამ ეტაპზე თბილისის და ბაქოს გარდა, ლონდონში ნოთინგ ჰილ გეითის #138-შიც არის წარმოდგენილი.