ქართული ავიაკომპანია Ak-Air Georgia რეგულარულ ფრენებს აახლებს. ავიაკომპანია, რომელიც შიდა ფრენებზეა ორიენტირებული, რეგულარული რეისების დაწყებას 15 ივნისიდან აანონსებს.
ავიაკომპანია რეისებს შეასრულებს თბილისი-ბათუმის, ნატახტარი-მესტიას და ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებებზე. ბილეთების დასაჯავშნად მომხმარებელი Vanilla Sky-ს უნდა დაუკავშირდეს.
avianews.ge-ს ცნობით, ამ დროისათვის უცნობია Ak-Air Georgia ამ მიმართულებებზე რა სიხშირით იფრენს, თუმცა ავიაკომპანია 2019 წლის ზაფხულში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) ქუთაისი-მესტია-ქუთაისის მიმარულებაზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმარულებაზე კი კვირაში 7 სიხშირით. ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე კი Ak-Air Georgia კვირაში 3 სიხშირით დაფრინავდა, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე კი კვირაში 7 სიხშირი.
2020 წლის 21 მარტამდე, ანუ რეგულარული ფრენების შეწყვეტამდე, ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ რეისებზე სატარიფო გეგმა ასეთი იყო:
ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის ფრენა უფასოა.
რაც შეეხება ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულებას, ის 50 ლარს შეადგენს და აქაც 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.
ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულებაც 50 ლარია.
რაც შეეხება თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს, ბილეთის ღირებულება 125 ლარია.
„ბიზნესპარტნიორი“