ქართულ ფეხბურთში ჩართული ყველა ინვესტორის მთავარი მოტივატორი არის ფეხბურთის სიყვარული, ემოცია და საქვეყნო საქმის კეთება!..

ქართულ ფეხბურთში ჩართული ყველა ინვესტორის მთავარი მოტივატორი არის ფეხბურთის სიყვარული, ემოცია და საქვეყნო საქმის კეთება!..

access_time2020-07-27 14:45:03

საბურთალო თანამედროვე ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში რიგითი კლუბი ნამდვილად არ არის.    წლების წინ ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ენთუზიასტების მიერ წამოწყებულმა საქმემ ამბიციური კლუბი გვაჩუქა, რომელიც სულ მალე მეორედ მოსინჯავს ძალას ევროთასებზე...

 

დღეს ლელოს სტუმარია საბურთალოს პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი. გაცვეთილი სიტყვები იქეთ იყოს და, ამ კლუბის ჩამოყალიბება-განვითარებაში მისი წვლილი ძალიან დიდია. შევეცადეთ, დედაქალაქური კლუბის პირველკაცთან ყველა საინტერესო საკითხზე გვესაუბრა (ინტერვიუ ტორპედოსთან მატჩამდეა ჩაწერილი) და რა გამოვიდა ამ საქმიდან, თქვენ განსაჯეთ...


- ვიცით, საბურთალო მუდამ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. რა არის გუნდის მიზანი ამ სეზონში?

 

- ჩვენ საერთოდ ერთწლიანი გეგმები არ გვაქვს, ხშირად გვაქვს 4-5-წლიანი პროექტი შემუშავებული. წინა გეგმა დიდი წარმატებით შევასრულეთ. დამეთანხმებით, ქართულ რეალობაში ძალიან ცოტაა ისეთი კლუბი, რომელმაც ოთხ წელიწადში ჯერ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა თავისი აღზრდილებით, შემდეგ კი საქართველოში ყველა ტიტულის მოგება შეძლო. ჩვენ დაგვიგროვდა გარკვეული გამოცდილება და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად მიზანს - ლიდერობა ეროვნულ ჩემპიონატში, ახალგაზრდა და ნიჭიერი  ფეხბურთელების წარმოჩენა, წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკა და ასევე წარმატებული გამოსვლა ევროპულ ასპარეზზე.

 

- სულ მალე გუნდი არსებობის ისტორიაში მეორედ ითამაშებს ევროთასებზე. რა ამოცანა დგას საბურთალოს წინაშე ევროპალიგის კარსმომდგარ გათამაშებაში?

 

 - ის ფაქტორი, რომ ჩვენთან ჩემპიონატი განახლდა, გარკვეულ უპიტაესობას აძლევს ქართულ კლუბებს, რომ ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში შეხვდნენ თამაშებს. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული წილისყრაზე. ასევე ხელისშემშლელ ფაქტორად მიგვაჩნია, რომ პანდემიის გამო სრულფასოვნად არ გვეძლევა ტრანსფერების განხორციელების საშუალება. მიუხედავად ამისა, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ევროტურნირებზე კარგად ვიასპარეზოთ და დარწმუნებულები ვართ, წლევანდელი გამოცდილება ძალიან წაადგება გუნდს სამომავლოდ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალი წლიდან სტარტს აიღებს მესამე ევროპული ტურნირი. ეს იქნება კარგი შანსი ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.

 

- კი ბატონო, ლეგიონერების ჩამოყვანა გართულდა, მაგრამ მაინც ხომ არ იგეგმება საევროთასოდ მათი დამატება?

 

 - მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელსაც პანდემიის გამო ვაწყდებით, ამ მიმართულებით ყოველდღიურად ვმუშაობთ და იმედს ვიტოვებთ, ევროტურნირებამდე მოვახერხებთ ლეგიონერებით გუნდის გაძლიერებას.

 


 - ბატონო ტარიელ, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე გკითხავთ - იდეა, რომელიც წლების წინ დაიბადა და მხოლოდ თქვენი მინისტრობის დროს განხორციელდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხარდაჭერამ ქართული საკლუბო ფეხბურთი გადაარჩინა, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ნაწილმა ეს პროგრამა სათავისოდ მოირგო, აღარ ეძებენ კერძო ინვესტორს და ასე შემდეგ. ზოგადად, როგორ შეაფასებთ პროგრამის მუშაობას? დადებით და უარყოფით მხარეებს თუ ხედავთ ამ კუთხით?

 

- ეს ძალიან დიდი თემაა და მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ხშირად გაიმართოს დისკუსია, იყოს პროფესიონალური მოსაზრებების გაცვლა კლუბის ხელმძღვანელებთან, ფონდისა და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად... პანდემიამდე ჩვენ გვქონდა რეგულარული შეხვედრები. იმედია, ეს ტრადიცია უახლოეს პერიოდში ისევ აღდგება. ნებისმიერ პროექტს, რომელიც აქტიურ მდგომარეობაშია, მუდმივად სჭირდება გაუმჯობესება. მინდა ვთხოვო ყველას, ვინც საფეხბურთო ინდუსტრიაშია ჩართული და ამ ოჯახის წევრია - ყველამ იზრუნოს ამ საკითხზე!..


 

 

 

ეს არ არის ერთი და ორი ადამიანის გასაკეთებელი, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ფეხბურთის განვითარების ტემპი დაჩქარდეს. ამ პროგრამის განხორციელებით ქართულ ფეხბურთში ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. გაიხსენეთ, ადრე აბსოლუტურად უსამართლოდ ნაწილდებოდა რესურსები, გაუგებარი იყო, რა პრინციპებით შეიძლებოდა ჰქონოდა ერთ კლუბს 9 მილიონი, მეორეს - 5 მილიონი და მესამეს - ნახევარი მილიონი. აღარაფერს ვამბობ კერძო ინვესტორებზე - მინდა ყველა ამ ადამიანს დიდი პატივისცემა დავუდასტურო! ესენი არიან ნამდვილად გმირები, რომლებმაც შეინარჩუნეს და აქამდე მოიტანეს ქართული საკლუბო ფეხბურთი.

 

ყველაზე მთავარი, რაც დაინერგა, არის სამართლიანობის პრინციპი და თანხები უკვე სპორტული შედეგების გათვალისწინებით ნაწილდება. ამბობენ, რომ ბევრად მეტი თანხა იხარჯება ვიდრე წინა წლებში, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ზუსტად იგივე თანხაა გამოყოფილი სახელმწიფოსგან, თუმცა ახლა უფრო სწორად ნაწილდება. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ყველას გვაქვს საშუალება, ფონდის მიერ თითოეულ დახარჯულ თეთრზე გვქონდეს ინფორმაცია. გარდა ამისა, ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა მწვრთნელთა გადამზადების კუთხით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით... ბავშვთა სკოლებს მიენიჭათ კატეგორიები...

 

სხვათა შორის, არამხოლოდ ფონდის, ფეხბურთის ფედერაციის ძალიან დიდი დამსახურებაცაა, რომ აშენდა და განახლდა ამდენი სტადიონი. ამ მიმართულებით მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. მიუხედავად ბევრი წარმატებული პროექტისა, არ მაქვს ილუზია, რომ თვითკმაყოფილებას მივეცეთ. ცხოვრება წინ მიდის და ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა - თუ წინ არ მიდიხარ, ესე იგი, ვიღაც გაგასწრებს. ეროვნულ ლიგაში პირველი წელია, როცა ათივე კლუბი კერძოა და ეს უკვე დიდი ნაბიჯია წინ. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი წარმატებებისა, აუცილებელია ყველამ ერთად ვიზრუნოთ ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე და მუდმივ მონიტორინგზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო წარმატებული გახდეს ეს რეფორმები.

 

- როგორც ბიზნესმენს, ვინც სოლიდურ კაპიტალდაბანდებას ახორციელებს ქართულ ფეხბურთში, ისე უნდა გკითხოთ: გარდა ფეხბურთის სიყვარულისა, სხვა რა მოტივაცია აქვს ბიზნესმენს საიმისოდ, რომ ჩადოს ფული ჩვენს საკლუბო ფეხბურთში?

 

- გულწრფელად გეტყვით: ქართულ ფეხბურთში ჩართული ყველა ინვესტორის მთავარი მოტივატორი არის ფეხბურთის სიყვარული, ემოცია და ის, რომ საქვეყნო საქმე აკეთოს. თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანია ისეთი ბიზნესმოდელი ავაგოთ, რომელიც იქნება მომგებიანი. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ამ რესურსებით გამდიდრებას შევძლებთ, თუმცა იმას კი მოვახერხებთ, რომ ჩვენი კლუბის სტანდარტები ავწიოთ. ამრიგად, ჩვენ გვეყოლება უფრო მაღალბიუჯეტიანი კლუბები და მოვახერხებთ ევროპულ ფეხბურთში თავის დამკვიდრებას. ის ინვესტიცია, რომელიც მე და ჩემმა კოლეგებმა განვახორციელეთ, ალბათ დიდხანს არ დაბრუნდება, მაგრამ უდიდესი ბედნიერებაა, როცა შენი აღზრდილი საქართველოს ჩემპიონი ხდება, ან რომელიმე ტიტულს იგებს, ან წარმატებით თამაშობს ცნობილ ევროპულ კლუბში, იცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ასახელებს ქვეყანას...

 

- ფაქტია, ამ დროისთვის ქართულ კლუბებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძლიათ ნორმალურად არსებობა: თუ ისინი კვალიფიციურ ფეხბურთელებს მიაწვდიან უცხოურ კლუბს. ვიცით, რომ  საბურთალოს მოთამაშეებზე მოთხოვნა არის. ვგულისხმობთ გიორგი კოხრეიძეს, ნიკა მალს, ლუკა ლაკვეხელიანსა და სხვებს. ახლო მომავალში ხომ არ უნდა ველოდოთ რომელიმე ამ ფეხბურთელის გადასვლას ევროპულ კლუბში?

 

- ახლახან, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა და მინდა მივულოცო მას ეს წარმატება. ის პირდაპირ საბურთალოს აკადემიიდან წავიდა ესპანეთში. ესეც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. ფაქტობრივად, 10-12 წელია ლა ლიგაში ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია, ეს არის მთლიანად საქართველოს წარმატება. სწორება გვაქვს იქითკენ, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ტოპლიგებში ითამაშონ, რაც შემდეგ ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებს გამოადგება...

 

არამხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებზე, საბურთალო 2-ის და ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელებზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. ყველა ჩვენი ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთი საბაზო კლუბია საბურთალო. ჩვენი მთავარი სიძლიერე ყოველთვის იქნება აკადემია!.. მოგეხსენებათ, შარშან აღვადგინეთ საერთაშორისო ტურნირი და ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ამას. ძალიან ცოტა კლუბი მოიძებნება, რომლის ფეხბურთელსაც სტაჟირება გაუვლია მადრიდის რეალში, ლივერპულში, ბარსელონაში, მალაგაში, მანჩესტერ სიტიში... ეს პოლიტიკა გაგრძელდება.

 

მეტსაც გეტყვით - უკვე დავიწყეთ ინფრასტრუქტურული პროექტები. მაგალითად, იოსებიძის ქუჩაზე არსებულ სკოლაში შემოდგომიდან სულ სხვა პირობები დახვდებათ მშობლებს და ბავშვებს. ასევე, ვაპირებთ ინფრასტრუქტურული კუთხით გაუმჯობესებას ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ბენდელას სტადიონზე, სადაც  შეიცვლება საფარი. მომავალშიც მოხდება გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ახალგაზრდების წარმოჩინება და ამ ახალგაზრდებისთვის საბურთალო იქნება ფანჯარა ევროპულ ფეხბურთში.

 

- როგორ ფიქრობთ, რამდენი უნდა იყოს ქართული კლუბის ბიუჯეტი იმისთვის, რომ თუნდაც არცთუ იღბლიანი წილისყრის შემთხვევაშიც კი გავიდეს ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე? საინტერესოა ისიც, რამდენია ამჟამად საბურთალოს ბიუჯეტი...

 

 

 

- ჩვენი ბიუჯეტი არ არის დამალული და ფონდთან ერთად აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ჩვენ გვაქვს სურვილი და, ალბათ, ერთ-ერთი პირველები ვიქნებით, ვინც ამ ბიუჯეტს გამოაქვეყნებს. ეს მოდელი, შესაძლოა, მომავალში ჩვენს კონკურენტებსაც გამოადგეთ. საბურთალოს ბიუჯეტი ბოლო წლებში 10-12 მილიონ ლარამდეა. რა თქმა უნდა, მაღალი დონის ევროპული კლუბებისთვის ეს თანხა არაფერია, თუმცა ჩვენ გვაქვს ნიჭიერი ფეხბურთელების საბადო. წარმატებული ასპარეზობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამწვრთნელო შტაბს, წილისყრას, ფეხბურთელების მდგომარეობას, განწყობას და ასე შემდეგ...

 

შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანმა კლუბმა დიდ წარმატებას მიაღწიოს და პირიქითაც მოხდეს. ვფიქრობ, 10-დან 15 მილიონამდეა საჭირო, რომ კლუბმა წარმატებას მიაღწიოს. შესაძლოა, დიდი ამპლიტუდა ვთქვი, მაგრამ ეს დამოკიდებულია სხვადასხვა კომპონენტზე. მაგალითად, რამდენი გყავს შენი აღზრდილი ფეხბურთელი და კიდევ სხვა ფაქტორები... აქ საუბარი მაქვს ევროპალიგასა და ახალ, მესამე ტურნირზე. ჩემპიონთა ლიგის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სხვა მასშტაბები და რესურსებია საჭირო.

 

- და ბოლოს, არ შემიძლია, არ გკითხოთ საქართველოსადა ბელარუსის ნაკრებთა მომავალ მატჩზე. როგორი განწყობა გაქვთ ამ თამაშის წინ და, ზოგადად, რა შეიცვლებაქართული ფეხბურთისთვის იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება?

 

- ყველა ძალიან დიდი მოლოდინის რეჟიმში ვართ. პანდემიის დროს ფეხბურთის მოყვარულებისთვის ყველაზე დიდი საფიქრალი ეს და მომდევნო თამაში იყო. იმედია, ორივე მატჩში გავიმარჯვებთ. ეს გამარჯვება ძალიან დიდ ბიძგს მისცემს და აბსოლუტურად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ფეხბურთს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევითა და ერთმანეთის თანადგომით ვიზეიმებთ ამ ნანატრ გამარჯვებას!..


lelo.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up