რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიტანა რამდენიმე დამატება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც ძირითად კანონში შესატანად მანამდე სახელმწიფო სათათბიროს წარედგინა.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაური სთავაზობს კანონმდებლებს, რომ კონსტიტუციას დაემატოს ღმერთის ხსენება და ასევე ძირითად კანონში დადგინდეს ოჯახის, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი. ამის თაობაზე ცნობები გავრცელდა სახელმწიფო სათათბიროს „დუმის“ სპიკერ, ვიაჩესლავ ვოლოდინსა და დეპუტატ, პიოტრ ტოლსტოიზე, დაყრდნობით.
„რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ათასწლოვანი ისტორია აერთიანებს, იცავს რა იმ წინაპართა ხსოვნას, რომლებმაც გადმოგვცეს იდეალები და ღმერთის რწმენა, რუსეთის სახელმწიფოებრივი განვითარებაში მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, აღიარებს ისტორიულად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებრივი ერთობას“, - მოიტანა ვოლოდინმა ციტატა შესწორებიდან.
„ვედომოსტის“ თანახმად, პუტინს ასევე სურს, რომ კონსტიტუციით „აიკრძალოს“ მამულის დაცვის დროს რუს ხალხის გმირობის დაკნინება. დგინდება ხელისუფლების ვალდებულება, რომ „დაიცვას ისტორიული სიმართლე.“
პრეზიდენტმა პუტინმა 15 იანვარს, ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს გამოაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმა. წინასწარი ინფორმაციით, ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადასანაწილებლად ცვლილებები შედის კონსტიტუციის 22 მუხლში. კონსტიტუციით განისაზღვრება პუტინის მიერ აღდგენილი სახელმწიფო საბჭოს სტატუსიც. გარდა ამისა, რუსეთის კონსტიტუცია საერთაშორისო კანონმდებლობაზე უფრო პრიორიტეტული ხდება. პუტინის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის ამზადებს საფუძველს პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
რადიო თავისუფლება