პროტესტი ჰანტელებით  - ფიტნეს ცენტრების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა

პროტესტი ჰანტელებით - ფიტნეს ცენტრების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა

access_time2020-12-03 11:00:04

არსებობის სულ რაღაც ორთვიანი ისტორიით ბათუმის ფიტნეს-ცენტრი „რეფორმერი ფიტნესი“, ბოლო რამდენიმე დღეში საზოგადოებისთვის თავისი დაუმორჩილებლობით ერთერთი ყველაზე ცნობილი ბიზნეს ობიექტი გახდა. მიზეზი კი მთავრობის ორთვიანი შეზღუდვების მიმართ, ამ ფიტნეს ცენტრის პროტესტის ფორმა გახდა, რომელმაც აკრძალვის მიუხედავად, ფუნქციონირება გააგრძელა და ჯარიმასთან ერთად, ახლა მის დამფუძნებელს შესაძლოა „ამბოხის“ გამო, თავისუფლების აღკვეთაც კი მიესაჯოს.


შპს „ონლაინ მეჯიქის“, იგივე „რეფომერი ფიტნესის“ დამფუძნებელი გიორგი ფუტკარაძე „კომერსანტს“ უყვება, რომ მათი დაუმორჩილებლობის მიზეზი არა ბიზნესის გადარჩენა, არამედ არსებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გაპროტესტება იყო და აღნიშნავს, რომ ამით საზოგადოებისგან დიდი მხარდაჭერაც მიიღო, შესაბამისად „რეფორმერი ფიტნესს“ უკვე ბევრი პოტენციური მომხმარებელი ჰყავს, ისღა დარჩენია, რომ დარბაზი გაიხნას.


„ეს არ იყო მხოლოდ ჩემი ბიზნესის გადარჩენისთვის, ეს იყო სისტემის წინააღმდეგ გადადგმული დაუმორჩილებლობის აქტი. ეს გავაკეთე ზოგადად, იმ გაუაზრებელი შეზღუდვების წინააღმდეგ, რამაც დაანგრია ჩვენი ეკონომიკა და ახლა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას. მე ვიმუშავებ თუ არ ვიმუშავებ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ და ზეგ სულ 24/7-ზე რომ ვიმუშავოთ, შეიძლება მომხმარებელმა ვეღარ შეძლოს თანხის გადახდა. ჩემს პირად მაგალითზე მინდოდა მეჩვენებინა, რა მდგომარეობაში ვარდება  კონკრეტული სუბიექტი ასეთი შეზღუდვების შედეგად. ადამიანებს უფულოდ ტოვებ, ჯანმრთელობას აკარგვინებ და ალტერნატივას ვერ სთავაზობ, თუ როგორ ვებრძოლოთ ვირუსს, როცა არ ექნება საჭმლის და წამლის ფული, ხოლო სახელმწიფო ყველას ვერ ათავსებს ჰოსპიტალში. ადამიანებმა გაიგეს, რომ ამ მიდგომებმა ბევრი მოქალაქე დააზიანა და ველოდები, რომ საბოლოოდ ბევრი მოქალაქე ან ბიზნესი გამოთქვამს პროტესტს,“ - ამბობს გიორგი ფუტკარაძე.


რამდენიმე დღის წინ, „რეფორმერი“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა 10 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა რეფორმერის მენეჯმენტმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და განცხადებაც გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უუნარობის გამო მუშაობის შეჩერებას არ აპირებდა. ამის შემდეგ „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფიტნეს-კლუბი რეფორმერი იქირავა და ყველა მსურველს შესაძლებლობა მიეცემოდა, უფასოდ ევარჯიშა მის „სახლში“, ბათუმში. საღამოს კი ფიტნეს ცენტრში პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, წინააღმდეგობის და ხმაურის ფონზე ფიტნეს-კლუბი დალუქეს. ამჟამად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.


ამ მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.


„როცა გავაპროტესტეთ შეზღუდვები და გავაგრძელეთ ვარჯიში, ძალიან ბევრი მოვიდა ჩვენს დარბაზში და მალევე დაგვადგა 50 პოლიციელიც.  გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები - მოკლედ, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩამიტარეს, რომელიც ღამის 3 საათზე დასრულდა. ეს იმის საჩვენებლად გააკეთეს, რომ ყველას დაენახა, როგორ შეიძლება დამთავრდეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. „რეფორმერს“ დააკისრეს 10 000 ლარიანი ჯარიმა, რომლის გადახდას არ ვაპირებთ. გასაჩივრების ვადა არ იყო გასული ისე, რომ მეორე დღესვე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. ახლა მიმდინარეობს ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების დაკითხვა. ალბათ შეეცდებიან, რომ მსგავსი პრეცედენტი არ შეიქმნას. ჩვენც შევეცდებით მალე აღვადგინოთ მუშაობა. ბევრი ადამიანის სოლიდარობას ვგრძნობთ და როგორც კი გავიხსნებით, ბევრი აპირებს  ჩვენთან ვარჯიშის დაწყებას. ვნახოთ, როგორ იქნება ეს ყველაფერი რეალურად.



არანაირად არ ვნანობთ არაფერს, პირიქით - არც ველოდით ამხელა გამოხმაურებას. ისეთი ნაბიჯი გამოვიდა, რომ ადამიანები ამაზე საუბრობენ ღიად. რაც შეეხება სხვა ბიზნესებს, არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ, მე ვმოქმედებ ჩემი მორალის მიხედვით. ყველა ადამიანმა თვითონ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა. ჩვენ კი ვცდილობთ ყველას შევუქმნათ უსაფრთხო სავარჯიშო გარემო,“ - აღნიშნავს „რეფორმერი ფიტნესის“ დამფუძნებელი.


„რეფორმერის“ გარდა, დიდი ფიტნესცეტრების ქსელებისგან არაერთხელ გაისმა პროტესტი და დაფიქსირდა გაურკვევლობის შეგრძნება მთავრობის შეზღუდვების მიმართ, თუმცა რამდენად არის მოსალოდნელი, რომ პოზიცია მათაც კანონდარღვევის ფორმით დააფიქსირონ, ამის შესახებ „კომერსანტი“  „სნეპ ფიტნესს“ და „ოქტოპუსს“ გაესაუბრა. მათი პოზიცია საწყის ეტაპზე მოლაპარაკებებისკენ იხრება, თუმცა როგორც ამბობენ, მთავრობასთან კომუნიკაციის ჩავარდნის შემთხვევაში, პროტესტის ნებისმიერი ფორმა უკვე გამართლებულია.


„ვერ დაგიდასტურებთ ვერც იმას, რომ ვემხრობი პროტესტის იმ ფორმას, რასაც „რეფორმერი ფიტნესმა“ მიმართა და ვერ ვიტყვი, რომ იგივეს ვიზამდი. მაგრამ არც მიმაჩნია, რომ რამე არასწორი გააკეთეს. ჩვენ დიალოგის რეჟიმში გვირჩევნია ამ საკითხის გადაწყვეტა თუმცა, თუ ეს არ გამოიღებს შედეგეს, ამ შემთხვევაში უკვე ყველანაირი პროტესტის ფორმა გამართლებულია, „- ამბობს „სნეპ ფიტნესის“ მარკეტინგის მენეჯერი სოფო სოლოღაშვილი.


„სნეპ ფიტნესში“, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი, მიიჩნევენ, რომ ბიზნესი, რომელსაც წლების მანძილზე უდიდესი თანხები აქვს გადახდილი ბიუჯეტში, მინიმუმ 2 კვირით ადრე მაინც იმსახურებს გაფრთხილებას რომ უნდა დაიხუროს. ფიტნეს კლუბში ასევე აღნიშნავენ, რომ ამდენი  მძიმე თვის შემდეგ, ამ ბიზნესის აღდგენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.


 „ველოდით რაღაც წერილს მაინც, მაგრამ დახურვის შესახებ ვიგებთ ორი დღით ადრე.  ამან ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა,  რადგან თანხის აკუმულირება ვერ დავგეგმეთ. ყველა ბიზნესს პატივს ვცემ, მაგრამ რაღაც ჯიხური ხომ არაა,  4 დიდი ფილიალი გვაქვს და ეს მიდგომა სრულიად მიუღებელია. თუმცა, კანონის წინააღმდეგ წასვლა ამ ეტაპზე არ ჩავთვალეთ საჭიროდ. წერილიც გავგზავნეთ, მოლაპარაკებებზეც მიდის საუბარი და პრესკონფერენციასაც ვგეგმავთ. ჩვენი ზარალი უკვე სადღაც ასტრალშია, რადგან ის 2 თვე, როცა გახსნილები ვიყავით,  ჩათვალეთ არაფერს ნიშნავს.  გვქონდა ყველაზე მკვდარი სეზონი იმიტომ, რომ გავიხსენით მაშინ, როცა მთელი საქართველო ბათუმში იყო, ხალხს ეშინოდა და აბონემენტის აღებას ვერ ბედავდნენ. გავაკეთეთ პაკეტი ვიზიტებზე - მაგალითად, შეეძლოთ  10 ვიზიტი შეეძინათ და არა ერთთვიანი აბონიმენტი. მაინც, 50 პროცენტით იყო შემცირებული მომხმარებელთა აქტივობა. გავწიეთ უზარმაზარი ხარჯი, რომ რეგულაციებს მოვრგებოდით და ეს ხარჯიც ფუჭი იყო. ჯერ მხოლოდ სადეზინფექციო ხსნარებს კოლოსალური თანხები მიჰქონდა. მოკლედ, დარგს, რომელიც პირიქით, უნდა გაიზარდოს, ახშობენ, ამის გამო ძალიან გაბრაზებულები ვართ.

თებერვალში ამ ყველაფერგამოვლილ ბიზნესს შეეძლება თუ არა ფუნქციონირება, ამის ძალიან მცირე შანსებია,“ - აღნიშნავენ „სნეპ ფიტნესში“.


ფიტნეს-ცენტრმა „ოქტოპუსმა“ წელს ახალი ფილიალი გახსნა, რომელშიც 4 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო, ზაფხულის პერიოდიდან კი ზარალზე მუშაობს. როგორც „ოქტოპუსის“ დამფუძნებელი გიორგი ასათიანი „კომერსანტთან“ განმარტავს კომპანიას ელემენტარული გადასახადების გადახდის წყარო არ გააჩნია და ამ ეტაპზე, მხოლოდ მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციის იმედადაა დარჩენილი.


„5 წელია ვფუნქციონირებთ ბაზარზე, ამ წლების მანძილზე კომპანიას მილიონობით ლარი აქვს გადახდილი გადასახადებში, ცდილობს, რომ მაქსიმალურად განავითაროს ეს სფერო. ევროპაშიც არსებობს ანალოგიური პროტესტის მაგალითები მაგრამ, ჩვენ გვინდა კონსტრუქციული დიალოგით მივაღწიოთ შედეგს, რომ ეს სფერო ფინანსური კრიზისიდან გამოვიდეს და ერთიანად მოვძებნოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი.  პრაქტიკულად 8 თვეა გაჩერებული ვართ, რაც კომპანიისთვის კოლაფსია.  როცა ვმუშაობდით, ლოქდაუნიდან ლოქდაუნამდე შემოსავლები შემცირებული გვქონდა და თავიდან ბოლომდე ზარალიანი პერიოდი იყო. კომპანიას არ გააჩნია ფინანსური წყარო, რომ ვიხადოთ ხელფასები, ელემენტარული გადასახადების გადახდის თავიც არ გვაქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია იყოს აქტიური კომუნიკაცია, რაც უკვე დავიწყეთ დანარჩენ ფიტნეს კლუბებთან ერთად,“ - ამბობს გიორგი ასათიანი.


შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული პირველი ლოქდაუნის დროს, ფიტნეს ცენტრების ფუნქციონირება 4 თვით აიკრძალა და ეს სექტორი ერთერთი ბოლო იყო, რომელთაც მუშაობის უფლება მიეცათ. 28 ნოემბრიდან სხვა ობიექტებთან ერთად თებერვლის ბოლომდე დარბაზების გახსნა კვლავ აიკრძალა.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up