2019 წლის განუხორციელებელი პროექტები

2019 წლის განუხორციელებელი პროექტები

access_time2019-12-27 18:00:33

2019 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება ან განვითარება დაანონსდა, მაგრამ მათი უმეტესობა დღემდე განუხორციელებელია, ნაწილი კი დროში მნიშვნელოვნად გაჭიანურდა. „კომერსანტმა“ მოიძია ის მასშტაბური პროექტები, რომლებსაც მთავრობის წარმომადგენლები განსაკუთრებული ინტერესით აანონსებდნენ, თუმცა მათი განხორციელება დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


ანაკლიის პორტის  შეჩერებული მშენებლობა


„ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში, ანაკლიის პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაანონსდა, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მას შემდეგ უკვე 5 წელი და 5 თვე გავიდა. ანაკლიაში დღეს პორტის ღრმაწყლოვანი სამშენებლო სამუშაოები გაჩერებულია. კონსორციუმმა და სახელმწიფომ ერთობლივად მასში უკვე 250 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.


კონსორციუმი სახელმწიფოს დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმასა და პროექტის საბოტაჟირებაში ადანაშაულებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი თავის მხრივ აცხადებს, რომ კონსორციუმმა დადგენილ ვადებში ვერც ხელშეკრულებით განსაზღვრული კაპიტალის მოზიდვა და ვერც საფინანსო ინსტიტუტებისგან 400 მილიონ დოლარიან სესხზე წინასწარი თანხმობა ვერ მოიპოვა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებული ხელშეკრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 31 დეკემბრამდე უნდა მიიღონ.




ბიზნესსახლი– რევოლუციური პროექტი, რომელიც ამ დრომდე ვერ შედგა


„რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს, უახლოეს მომავალში, საქართველოში ბიზნესკლიმატს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - ამ სიტყვებით დაანონსა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წელს ბიზნესსახლის შექმნა, რომელიც 2017 წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, ქართველი ბიზნესმენები 600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ერთჭერქვეშ ამ დრომდე ვერ იღებენ. სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებური მოდელი ჯერაც ვერ შედგა.


თუმცა, ეს თემა მთავრობისთვის აქტუალური ისევ გახდა. რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა, რომ დამუშავდა ერთიანი ფრონტ-ოფისის კონცეფცია, რომელიც უკვე 2020 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. მისივე თქმით, ეს იქნება ჭეშმარიტი ბიზნესსახლის პროექტი, რომელიც არ საჭიროებს ძვირადღირებულ შენობას დედაქალაქში.



კომერციული ატაშეების თანამდებობის გაუქმება



კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შექმნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 13 ივნისს დაანონსა. მათი მოვალეობები უნდა ყოფილიყო: ქვეყნების მიხედვით პოტენციური საექსპორტო ბაზრებისა და სექტორული პორტფელების მიხედვით იდენტიფიცირებულ პროდუქტებზე ინფორმაციის შეჯამება, შესაბამის ქვეყანაში პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული შესაძლებლობების გაცნობა და ახალი ინვესტორების მოზიდვა.


2016 წლიდან დღემდე ხუთჯერ შეიცვალა ეკონომიკის მინისტრი და თითქმის ყველა მათგანი კომერციული ატაშის თანამდებობის მნიშვნელობასა და ამ საკითხის ბოლომდე მიყვანას აანონსებდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ კომერციული ატაშეს თანამდებობა გაუქმდა და მის ნაცვლად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. 2020 წლიდან ეკონომიკური დესპანების დანიშვნას სამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში იგეგმება.



ქუთაისი-კოპიტნარის შატლებით დაკავშირება ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია


კოპიტნარის სადგურის რეაბილიტაციის პროექტის დაპირებიდან ნახევარი წელი გავიდა. მიმდინარე წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ პომპეზურად დაანონსებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება.  ხოლო, მის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობას მოდიფიცირებული პროექტი შესთავაზა - კოპიტნარის სადგურიდან გზის რეაბილიტაცია და ქუთაისის აეროპორტთან შატლებით მგზავრების უფასოდ გადაყვანა.


რამდენიმე დღის წინ, „კომერსანტი“ ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და დამატებით დეტალებზე ინფორმაციის გაცემა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ეკონომიკის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია ზუსტი ვადები, როდის გადაკეთდება სადგური ან როდის დაინიშნება შატლები. თუმცა, როგორც ცნობილია, ქუთაისის აეროპორტიდან კილომეტრნახევრით დაშორებული სადგურის რეაბილიტაცია, შატლები რომლებიც მგზავრებს უსასყიდლოდ მოემსახურება, დაანონსებიდან  ერთ წელიწადში უნდა ამოქმედებულიყო.




დედაქალაქის განუვითარებელი ღამის ეკონომიკა


„ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. ქალაქში ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი ადგილი, ბევრი შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ეს არის ახალგაზრდების ჩართულობა, დასაქმება, ხელოვნება, კულტურა და ბევრი მიმართულებაა და მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო იქნება მისი განხორციელება“, - ასე დაანონსა 2018 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტის დაწყება.


თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „კომერსანტთან“ საუბრისას მხოლოდ ორ მნიშვნელოვან პროექტს გამოყოფს, საერთაშორისო ფორუმის განხორციელებას და „ღამის ლაბორატორიას“. თუმცა აქვე დასძენს, რომ გამოწვევად რჩება ის, რომ ქალაქში არ არის 24 საათიან რეჟიმში მოქმედი ბიზნესებისა და დაწესებულებების საკმარისი რაოდენობა. ასევე არის რიგი ბიზნესმიმართულება, რომელიც აუთვისებელია, მაგალითად, მოძრავი კვების ობიექტები. გარდა ამისა, ქალაქს აკლია დიდი საერთაშორისო მასშტაბის, უნიკალური და ორიგინალური ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ თბილისის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან. მისი თქმით, ასევე, გამოწვევად რჩება მომსახურების ხარისხი სხვადასხვა დაწესებულებაში.



ქრონიკული დაავადებებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ვერ ათვისება


„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2017 წელს დაიწყო და მისი დაფინანსება 20 მლნ ლარით განისაზღვრა. თუმცა, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 14 ივნისის მდგომარეობით, დაახლოებით ხუთ თვეში პროგრამის ხარჯი 778.5 ათას ლარს შეადგენდა, რაც პროგრამის არაეფექტურ მუშაობად შეფასდა. სხვათა შორის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენების ერთ-ერთ მიზეზად არაოფიციალურად ეს პროგრამა დასახელდა.


წარსულში ეს მექანიზმი გარკვეული ხარვეზებით მოქმედებდა და ამჟამად მიდის მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნას ესენციური მედიკამენტების ნუსხა კლინიკური დაავადებებისთვის; ასევე, განისაზღვროს რეფერენტული ფასები ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან შეთანხმებით კონკრეტულად ამ ნუსხაში, რაზეც მოხდება შეთანხმება და ამის მიხედვით გააგრძელებს სახელმწიფო ამ მედიკამენტების შესყიდვას“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. ამასთან, მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ქრონიკული დაავადებების მართვისთვის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხის შესაძლო გაზრდაზე.



 

ნინო თამაზაშვილი





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up