ქვეყნაში ლარის კურსის გაუფასურების ფონზე, იმპორტირებული პროდუქტის ეტაპობრივად გაძვირებას როგორც მოსახლეობა, ასევე ბიზნესი პროგნოზირებს.
საუბარი ეხება იმპორტირებულ პროდუქციას, რომელთა მოხმარებაც, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში პიკს აღწევს, ესენია ყოველდღიური მოხმარების საგნები, თავის მოვლის საშუალებები და ა.შ. შეაჩერეს თუ არა ქვეყნებმა პროდუქციის წარმოება, გვაქვს თუ არა ქვეყანაში საკმარისი მარაგები და რომელ პროდუქციას ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას - ამ და სხვა კითხვებით „კომერსანტი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის „შარმ-ტრეიდინგის“ დირექტორს ვახტანგ საძაგლიშვილს დაუკავშირდა.
საძაგლიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში მომხმარებელი უმეტესწილად არჩევანს დაბალი საფასო კატეორიის პროდუქციაზე აკეთებს. ასევე, ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტების საჭირო რაოდენობის მარაგია და კომპანიას არც პროდუქციის იმპორტირებაზე შეჰქმნია პრობლემა. თუმცა, ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ, როგორც მოსალოდნელია, შესაძლებელია ამ ტიპის საქონლის ფასზეც იქონიოს გავლენა.
„პანდემიის გამო, მაღალი სეგმენტის პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირებულია და მომხმარებელი იაფფასიანი პროდუქტების შეძენაზეა გადართული. ეს ძირითადად იმ სექტორის გაჩერებით არის გამოწვეული, როგორიც არის ჰორეკას მიმართულება - რესტორნები, სასტუმროები და ტურისტული დაწესებულებები. ადგილები, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო დასაქმებული.
წარმოება არცერთ ქვეყანას შეუჩერებია, მაგრამ საუბარი მიდის, რომ შეიძლება რუსეთიდან ზეთის ექსპორტი შეწყდეს. თუმცა, ეს დაკავშირებული არ არის კურსთან. ზოგადად, რუსეთში მზესუმზირის ძალიან ცუდი მოსავალია და ეს შეიძლება საქართველოს ბაზარზეც აისახოს.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა და საჭირო რაოდენობის მარაგებიც გვაქვს.
რაც შეეხება ფასებს - პროდუქტები არ გაძვირებულა და სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლომდე არც გაძვირდება.
საქონლის ფასი იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ეს ტენდეცია გაგრძელდა და ლარის კურსი 3.4 ნიშნულს ასცდა.“- განმარტავს ვახტანგ საძაგლიშვილი.
“შარმ ტრეიდინგი”, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა:Unilever, Henkel, Schwarzkopf&Henkel, Eczacibasi, Tchibo, SCA, Carlsberg, 3M და სხვა.
კომპანიამ დისტრიბუციის გარდა, ბიზნესი სხვა მიმართულებებითაც განავითარა და დღეისათვის თავის ჯგუფში ისეთ დიდ პროექტებს აერთიანებს როგორიცაა: შ.პ.ს. „ბი ემ სი შარმი“ , ს.ს „ლელო“ და შ.პ.ს „იალონი“
ანი ცარციძე