კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო კემბრიჯის ჰერცოგს, პრინც უილიამს ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში, სანიტარული ავიაციის პილოტად მუშაობა სურს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ცნობით, 37 წლის პრინცმა კროიდონში, ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ქოლცენტრი მოინახულა და განაცხადა, რომ სანიტარული ავიაციაში რიგებში პილოტის რანგში დაბრუნება სურს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსთან ბრძოლაში.
როგორც ბრიტანული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, კემბრიჯის ჰერცოგი სერიოზულად განიხილავს სანიტარულ ავიაციაში დაბრუნებას და ეს როლი ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ პრინცი ჩარლზი ავადაა, ჰარიმ და მეგანმა კი ქვეყანა დატოვეს.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 22 465 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1412 ადამიანი გარდაიცვალა, 179 კი განიკურნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge