4 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი, გამოიყვანა ქალაქთმშენებლობის სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან.
საინფორმაციო პორტალ „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ განუმარტავთ.
იმავე განკარგულებით, სააკაშვილის ნაცვლად ზელენსკიმ ქალაქთმშენებლობის საკითხთა საკოორდინაცო საბჭოს შემადგენლობაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტი, გიორგი ცხაკაია, შეიყვანა.
სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გიორგი ცხაკაიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
2020 წლის 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის სახელმწიფო საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
www.radiotavisupleba.ge