ეპოქა პირდაპირი  წესით არჩეული და განდევნილი პრეზიდენტების დასრულდა - რას შეცვლის ქვეყნის ისტორიაში მეხუთე პრეზიდენტი

ეპოქა პირდაპირი წესით არჩეული და განდევნილი პრეზიდენტების დასრულდა - რას შეცვლის ქვეყნის ისტორიაში მეხუთე პრეზიდენტი

access_time2018-11-28 19:00:01

ცოტა ხანში ცნობილი გახდება ვინ იქნება საქართველო მეხუთე პრეზიდენტი. დღევანდელი არჩევნებით სრულდება ისტორიაც, როდესაც  ქვეყნის მთავარსარდალს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევდა. 


საქართველოში პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ისტორია კი ზუსტად 27 წლის წინ დაიყო. 



პირველად საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 1991 წელის 26 მაისს ჩატარდა . არჩევნებში მონაწილეობა 2 978 247 ამომრჩეველმა მიიღო. ხმების 62 პროცენტი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ზვიად გამსახურდიამ მიიღო. თუმცა, მანამდე იყო ბრძოლა გადარჩენისთვის:


 „ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად, საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის“, -  ამ სიტყვებით მიმართა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ თავის მხარდამჭერებს 1990 წელს.


„კომერსანტი“ შეგახსენებთ საქართველოს უახლეს წარსულს და მოგიყვებათ რა გზა განვლეს საქართველოს პრეზიდენტებმა, რას პირდებოდნენ ისინი თავიან ამომრჩეველებს და როგორ დაასრულეს კარიერა.


ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. 47-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, განათლების მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. ახალგაზრდა გამსახურდიასა და მისი მეგობრების დაპირისპირება საბჭოთა რეჟიმთან  აშკარად 1956 წელს გამომჟღავნდა, როდესაც მათ თბილისის ქუჩებში საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს. ჯგუფის წევრები დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ზვიად გამსახურდია პატიმრობაში მეორედ 1959 წელს მოხვდა და ისევ მალე გაათავისუფლეს.


შემდეგ იყო 1975 წელი , მერაბ კოსტავა და საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“, რომლის წევრადაც აირჩიეს გამსახურდია.



1979 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში და იყო 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციის ერთ-ერთი მოთავე, მათ შორის, 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც 9 აპრილს ტრაგედიით დასრულდა, ხოლო ზვიად გამსახურდია, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს.

ახლადარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღდგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი).



მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა და მალევე ზვიად გამსახურდია ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. არჩევნებმა დაასრულა კომუნისტური პარტიის ბატონობის ხანგრძლივი პერიოდი და ხელისუფლებაში მოიყვანა ანტიკომუნისტური, ეროვნული კოალიცია.




ვითარება ქვეყანაში ნელ-ნელა რთულდება. ახალი პრეზიდენტი და ახალი დამოუკიდებელი ქვეყანა დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი იყო სახელმწიფო პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მაგრამ ისევე, როგორც დღეს, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შორის არ შედგა დიალოგი და ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი ეროვნული მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით. არც ისე დიდი დრო დასჭირდა გამსახურდიას ხისტ პოლიტიკას იმისათვის, რომ მისი მომხრეები მისივე ოპოზიციად ექცია.


გამსახურდიას ბლოკის მრავალმა წევრმა შეიცვალა აზრი და პრეზიდენტის მოკავშირიდან მის მტრად გადაიქცა. იგივე დაემართა შევარდნაძეს და, ასევე, სააკაშვილს. საუკეთესო პოლიტიკურმა მეგობრებმა, ანუ თანამებრძოლებმა, შეიცვალეს აზრი და მათ უძლიერეს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად იქცნენ.



გამსახურდიას მმართველობის მოკლე პერიოდი შეიძლება აღიწეროს როგორც გადასვლა მრავალპარტიულ სისტემაზე. იმ დროისათვის ოფიციალურად რეგისტრირებული იყო 80-მდე პარტია, თუმცა ზოგიერთი მათგანი პოლიტიკურ პარტიას მხოლოდ ფურცელზე წარმოადგენდა, ხოლო ბევრმა ვერ გაუძლო საორგანიზაციო პერიოდს. De facto მხოლოდ ოთხი თუ ხუთი პარტია დარჩა სცენაზე როგორც მოქმედი და არსებული სტრუქტურა.


ოპოზიცია გამსახურდიას დიქტატურაში ადანაშაულებს მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას სათავეში უდგებიან : თენგიზ კიტოვანი - ეროვნული გვარდიის მეთაური, ჯაბა იოსელიანი- შეიარაღებული ფორმირება მხედრიონის ლიდერი, თენგიზ სიგუა- ყოფილი პრემიერ-მინისტრი


საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო, იგი გროზნოში ჩეჩნეთის გენერალმა ჯოხარ დუდაევმა შეიფარა. სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორები სახელმწიფო საბჭოს აფუძნებენ მას სათავეში სსრკ-ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე დაუდგა.


1993 წელს ზვიად გამსახურდია გროზნოდან სამშობლოში ბრუნდება. პირველი პრეზიდენტის თვითმფრინავი  სენაკის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. სენაკიდან გამსახურდია ზუგდიდში მიემგზავრება და მიტინგზე სიტყვით გამოდის:


„ვიყავი ტანჯვაში, ბრძოლაში გაძევებული სამშობლოდან, მაგრამ ჩემი ფიქრი, ჩემი აზრი ყოველთვის თქვენთან იყო“



ამის შემდეგ იწყება გამსახურდიას ცხოვრების ყველაზე მძიმე სამი თვე.  სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორების დევნის გამო საქართველოს პრეზიდენტი თავს მაღალმთიან სოფლებს აფარებს.


ამასობაში აფხაზეთის ომი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით სრულდება.


ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა, სოფელ ხიბულაში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად.  გამსახურდიას საქმეზე ბევრი რამ ითქვა თუმცა მტკიცებულებებით გამყარებული ვერისა რამ გამოიწვია პირველი პრეზიდენტის სიკვდილი ამ დრომდე არ ვიცით. დაკრძალეს ჯერ წალენჯიხაში გადაასვენეს შემდეგ გროზნოში 2007 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით გამსახურდიას ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.


 

შემდეგ იყო 1995 წელის 5 ნოემბერი, არჩევნებზე საქართველოს ამომრჩეველთა 75 პროცენტი მოვიდა . ედუარდ  შევარდნაძემ ხმათა 74.%-ით გაიმარჯვა.



ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს დაიბადა, იყო თბილისის მეორე საფერშლო სკოლის წარჩინებული მოსწავლე. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის ისტორიკოს-პოლიტოლოგის სპეციალობით.


1964-1965 წლებში შევარდნაძე მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ, შემდეგ 1972 წლამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 1972 წლის 25 ივლისიდან - თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1972 წლის 29 სექტემბრიდან 1985 წლის 6 ივლისამდე - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.



სსრკ-ს სათავეში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ 1990 წელს ედუარდ შევარდნაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებს. ორად გაყოფილი გერმანიის გაერთიანებაში შეტანილი წვლილის გამო შევარდნაძე მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსი ხდება 1992 წელს საქართველოში ბრუნდება და სათავეში უდგება სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ შექმნილ სახელმწიფო საბჭოს.




1993 წლის დეკემბერში შევარდნაძე პარტია მოქალაქეთა კავშირს აყალიბებს. მიუხედავად პროტესტისა შევარდნაძის გადაწყვეტილებით საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შედის.



ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი ხდება, მოქალაქეთა კავშირი საპარლამენტო არჩევნებსაც იგებს.


პრეზიდენტ შევარდნაძეს 3 ტერაქტი მოუწყვეს, 1992, 1995 და 1998 წლებში - იგი სამივეს გადაურჩა მაგრამ, საბოლოოდ მას კორუფციამ (როგორც ირკვეოდა, მისი ახლობლების წრე ქვეყნის ეკონომიკის 70%-ს აკონტროლებდა) და არჩევნების გაყალბებამ მოუღო ბოლო.


„ამ აქტის შესრულების თავიც არ აქვთ, მაგ უბედურებს. საცოდავები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ანგარიშს გაუსწორებს ტერორიზმს“

შემდეგ იყო 2000 წელის 9 აპრილი შევარდნაძე პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს. პრეზიდენტი ამომრჩეველს მილიონ სამუშაო ადგილს, სიღარიბისა და კორუფციის დამარცხებას დაჰპირდა.






საქართველო მჭიდრო კავშირს ამყარებს აშშ-თან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელი მოეწერა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანას, დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა. საქართველოში ამერიკელი ინსტრუქტორები ჩამოდიან და საქართველოს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული დანაყოფების შექმნაში ეხმარებიან, ამ პროცესების ჩართვაზე უარს ეუბნება მოსკოვს. კრემლის შუამავლობით, აფხაზ და ოს სეპარატისტებთან კონფლიქტის მოგვარება ჭიანურდება:


„აფხაზებისა და ოსების ხელმძღვანელებს მივმართე - რაც უფრო სწრაფად წავა შერიგების პროცესი მით უკეთესი. ზღაპრები იმის შესახებ, რომ  აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეიძლება გახდნენ ასოცირებული წევრები რომელიმე სახელმწიფოსი, მით უმეტეს, რუსეთის, მგონი ასეთი წერილებიც იქნება გაგზავნილი ეს მართლა ზღაპრებია“


კორუფციამ, სიღატაკემ და კრიმინოგენულმა სიტუაციამ შევარდნაძის ხელისუფლება შეარყია. მისი ახალგაზრდა თანაპარტიელები მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია ოპოზიციურ მოძრაობას ჩაუდგნენ სათავეში. საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას მასობრივი პროტესტი მოჰყვა.



დაიწყო ვარდების რევოლუცია






ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად პარლამენტში შეიჭრა. პრეზიდენტ შევარდნაძეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი სხდომა არ ჩაატარებინეს.


ოპოზიციის ლიდერებსა და შევარდნაძის შორის შუამავალი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვია. ხელშეუხებლობის გარანტიის მიღების შემდეგ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა - შევარდნაძე წავიდა სახლში.


შემდგომ წლებში შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობს, არ ჩნდება ხალხში ჟურნალისტები მას გერმანიის გაერთიანების წლებში სტუმრობენ:


„როცა ბერლინში ვიყავი, გერმანელებიდან ვიღაცამ კედლის ნატეხი მაჩუქა სამახსოვროდ“




ედუარდ შევარდნაძე 2014 წლის 7 ივლის 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


2004 წლის 4 იანვრის (რიგგარეშე) საპრეზიდენტო არჩევნები.


არჩევნები, აქტიურ და მშვიდ ატმოსფეროში ჩატარდა. შედეგები 2004 წლის 17 იანვარს გამოცხადდა - სააკაშვილმა მიღებული ჰქონდა ხმათა 96.24% მიიღო. ქვეყანას სათავეში ჩაუდგა მიხეილ სააკაშვილი, 37 წლის ახალგაზრდა, რომელსაც განათლება აშშ-ში ჰქონდა მიღებული. იგი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.


„ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს“



მისი საარჩევნო პლატფორმის ძირითადი პირობა კორუფციასთან ბრძოლა და სოციალური დახმარებების გაზრდა იყო. სააკაშვილი დაჰპირდა საზოგადოებას, რომ გამოძებნიდა უკეთეს დიპლომატიურ გზებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისთვის, თუმცა შეინარჩუნებდა საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას.


მიხეილ სააკაშვილის პირველი გადაწყვეტილებები ეხებოდა საქართველოს დროშას. ამის შემდეგ სააკაშვილის ინიციატივით შევიდა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლითაც დაფუძნდა მთავრობის ინსტიტუტი, გაძლიერდა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები პარლამენტის ხარჯზე.


2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა სააკაშვილის ძალაუფლება, რადგანაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა ასევე 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.





სააკაშვილის მთავრობამ წამოიწყო მსხვილმასშტაბიანი რეფორმები, რომელთაგან მრავალი მიმართული იყო კანონის უზენაესობის აღდგენისკენ და ფუნდამენტური სახელმწიფო ხელისუფლებისკენ. საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურების, თანამდებობის პირების და ბიზნესმენების დაპატიმრება კორუფციის და გადასახადების დამალვის ბრალდებით სწრაფად გახდა ყველასთვის სიგნალი იმისა, რომ ქვეყანაში კორუფციას აღარ მოითმენდნენ.


„ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ, არანაირი პირობითი სასჯელი, ყველანი ციხეში“


თუმცა უჩვეულოდ სწრაფმა სასამართლო გარჩევებმა და სასამართლოს მიერ დამნაშავეებად ცნობილი კრიმინალების განთავისუფლებამ საკმაოდ დიდი ჯარიმების გადახდის შემდეგ წარმოშვა კრიტიკა, განსაკუთრებით ევროპის საბჭოს მხრიდან, ვინაიდან ეს ნიშნავდა შეუზღუდავი უფლებამოსილების გადაცემას პროკურატურისთვის. საკმაოდ ცუდი სახელის მქონე საგზაო პოლიციის უეცარმა დაშლამ და მისმა ჩანაცვლებამ უკეთ მომზადებული და აღჭურვილი ძალებით მნიშვნელოვანი და ძლიერი სიმბოლური დარტყმა მიაყენა კორუფციას.


მთავრობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სურვილი, მიემართა საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკისთვის არა მხოლოდ საქართველოს ევროატლანტიკურ ბლოკში ინტეგრირების ამბიციის დასაკმაყოფილებლად, არამედ პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფადაც. მთავრობამ ჩამოაყალიბა სამართლებრივი რეფორმის პროგრამა, ხოლო სასამართლო რეფორმის მოდელად აიღო ევროპული სისტემა, მათ შორის შემოიღო რაიონული და სააპელაციო სასამართლოები. შეირჩნენ ახალი მოსამართლეები და პრეზიდენტმა სთხოვა ევროკავშირს მოსამართლეების გამოგზავნა, რომლებიც მოისმენდნენ როგორც სისხლის სამართლის, ასევე ბიზნეს-საქმეებსაც.


მთავრობის მიერ 2004 წლის თებერვალში კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლებიც სასწრაფოდ იქნა მიღებული სააკაშვილის ინაუგურაციამდე, დიდი კრიტიკა გამოიწვია ქვეყანაში. ამ ცვლილებებმა შეასუსტა პარლამენტი და გაზარდა პრეზიდენტის ძალა.


 2007 წლის ნოემბრის მოვლენები

სააკაშვილის რეიტინგი დაეცა 2007 წლის შემოდგომაზე. ოქტომბერში ჩატარდა რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია, რასა მოჰყვა 2-7 ნოემბრის აქციები, ათობით ათასი პროტესტანტი მივიდა დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე თავისი უკმაყოფილების გამოსათქმელად პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ - ეს ხდება „ვარდების რევოლუციიდან“ ოთხი წლის შემდეგ. მოსახლეობა აპროტესტებდა მუდმივ უმუშევრობას (15% მთავრობის მონაცემებით) და ცხოვრების გაძვირებას მაშინ, როცა შემოსავალი იგივე რჩებოდა. ადამიანები გამოხატავდნენ თავიანთ უკმაყოფილებას, მაგრამ არც ახალ რევოლუციას უჭერდნენ მხარს. მრავალი მათგანი მისული იყო იქ არა არჩევნების თარიღის შესაცვლელად, არამედ მთავრობისგან მოსათხოვნად, უფრო მეტი ეფიქრა ახალი სამუ შაო ადგილების შექმნაზე. ისინი მოითხოვდნენ უკეთეს პენსიებს და მეტ სოციალურ პროგრამას.


2007 წლის 6 ნოემბრისთვის პროტესტი გამძაფრდა, ხოლო 2007 წლის 7 ნოემბერს უკიდურესი სახე მიიღო, როცა პოლიციამ შეკრებილები დაარბია წყლის ჭავლებით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ ვერ შეძლო პროტესტანტების დაშლა და რუსთაველის გამზირის გათავისუფლება, გამოჩნდა ასობით საგანგებო დანიშნულების რაზმელი, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ფარებით და ხელკეტებით. ხელკეტებიანი და ფარებიანი პოლიციელები უმოწყალოდ სცემდნენ შეკრებილთ. საგანგებო დანიშნულების რაზმის გარდა შეტევაზე იყო გადასული შავებში ჩაცმული ასობით ნიღბიანი ადამიანი.




ოპოზიციის მიმართ ლოიალურად განწყობილი ორი ტელევიზია, „იმედი“ და „კავკასია“, გაითიშა ეთერიდან. „იმედის“ თანამფლობელი იყო მედია-მაგნატი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც აფინანსებდა „ეროვნულ საბჭოს“ და იმუქრებოდა გამოსვლების დაფინანსებით, ვიდრე არ წავიდოდა მთავრობა. 2007 წლის 7 ნოემბრის საღამოს ავტომატებით შეიარაღებულმა პოლიციის ნიღბიანმა ოფიცრებმა დალუქეს «იმედის» ოფისი და დიდი რაოდენობით ტექნიკაც დააზიანეს.


მოვლენების ამგვარ გადაწყვეტას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Human Rights Watch აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას მომიტინგეთა მიმართ „ჭარბი“ ძალის გამოყენების გამო, ხოლო International Crisis Group საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის შესახებ აფრთხილებდა. 2007 წლის 25 ნოემბერს სააკაშვილი გადადგა, ხოლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 2008 წლის 5 იანვარს. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ასევე დაინიშნა პლებისციტი, რომლითაც უნდა გადაწყვეტილიყო საპარლამენტო არჩევნების თარიღი.


რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53,47% და მეორე და უკანასკნელი ვადით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნები დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მაგრამ მისმა შედეგებმა გამოიწვია პროტესტი, რაც 6, 13 და 20 იანვრის საპროტესტო აქციებში გამოიხატა. სააკაშვილის პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ხმათა 59%-ით მოიგო იმავე წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.


2008 წლის 5 იანვრის (რიგგარეშე) საპრეზიდენტო არჩევნები: მიხეილ სააკაშვილი ხმათა 53,4 პროცენტით მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.




2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომი დაიწყო, ომს ახალი მსხვერპლი ნგრევა და დევნილობის მორიგი ტალღა მოჰყვა . საქართველომ დაკარგა კონტროლი ახალ გორზე და კოდორის ხეობაზე. მოსკოვმა ცხინვალის და სოხუმის დამოუკიდებლობა აღიარა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განათავსა.


2009 წელს პრეზიდენტის გადაგომის მოთხოვნით, ოპოზიცია კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში. მორიგი საპროტესტო ტალღა 2011 წელსაც აგორდა, სააკაშვილის მთავარი ოპონენტი ამჯერად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახდა. ხელისუფლებამ დემონსტრანტები კრემლთან გარიგებაში დაადანაშაულა და საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.




2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის მთავარი ოპონენტი  მილიარდერი ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გახდა, რომელმაც პარტია ქართული ოცნება ჩამოაყალიბა. არჩევნების წინ მედია პატიმართა წამების კადრები, გამოაქვეყნა სააკაშვილის პარტიამ არჩევნები წააგო. საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მისი გადადგომის მოთხოვნით აქციები პერმანენტულად ტარდებოდა.


სააკაშვილი მოვალეობას 2013 წლის ოქტომბრამდე ასრულებდა. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში დაიწყო ლექციების კითხვა. 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გახდა , უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და როგორც უკრაინის მოქალაქე ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციას ჩაუდგა სათავეში. სააკაშვილმა ერთ წელიწადში დატოვა ოდესის გუბერნატორის პოსტი და უკრაინაში ოპოზიციური პარტია შექმნა, ცოტა ხნით ის დაკავებულიც იყო. უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილის მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა. სააკაშვილი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. მას სამშობლოში უფლებების გადაჭარბებისთვის 3 წლით პატიმრობა ემუქრება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია ნიდერლანდებში ცხოვრობს. დღეს სააკაშვილი ხელისუფლებას პრორუსულ პოლიტიკაში ადანაშაულებს და ქართულ ოცნებას შორიდან უწევს ოპონირებას.


საქართველოს მოსახელობამ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩია, მან ხმების 62,12 პროცენტი მიიღო.



ქართული ოცნების რჩეული უპარტიო ფილოსოფოსი მალე დაუპირისპირდა მმართველ გუნდს, მმართველ გუნდს დაუპირისპირდა თუ ბიძინა ივანიშვილს ეს შეიძლება სადავო საკითხი იყოს, თუმცა მარგველაშვილის ხისტმა გადაწყვეტილებებმა და ჰუმანურმ პოლიტიკამ კონკრეტული პირების გაღიზიანება, რომ გამოიწვია ფაქტია. ამის შესახებ მარგველაშვილმა რამდენიმე კვირის წინ გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა:


„ხუთი წელიწადი ამას ვაკეთებდი, რომ ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე ვეუბნებოდი იმას, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც იყო შეცდომები, ამას ვეუბნებოდი. თუმცა ხუთი წლის განმავლობაში მე მხოლოდ კრიტიკა მესმოდა ამის გამო და უსამართლო თავდასხმები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


ყველაზე ხმაურიან დაპირისპირებად შესაძლოა ახალი კონსტიტუციის შემუშავების პროცესი ჩაითვალოს, რომელსაც პრეზიდენტმა ბოიკოტი გამოუცხადა და ალტერნატიული განხილვებიც მოაწყო, თუმცა საბოლოოდ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციას ხელი თავადვე მოაწერა.



მიუხედავად ამისა საზოგადოება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ვეტოებით და შეწყალებებით დაამახსოვრდა:


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით ხუთი წლის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილმა 4125 პატიმარი შეიწყალა, მათმა ნაწილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება შეწყალების აქტის გამოცემისთანავე დატოვა, ნაწილს კი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.


ასევე იყო ურთიერთ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები და 11 ვეტო რომელიც საბოლოოს საპარლამენტო უმრავლესობამ 11 ჯერვე დაძლია.


პირველი ვეტო გიორგი მარგველაშვილმა არჩევიდან ერთი წლის შემდეგ „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებით გამოიყენა. მას შემდეგ იყო ვეტო „მოსმენების გასაღებზე“, თვითმმართველობის კანონზე, ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღაზე, საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ა.შ.





საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოველწლიური ბიუჯეტი 9 800 000 ლარი იყო, 2018 წელს ადმინისტრაციაში მომუშავეთა რიცხოვნობა 140 ადამიანით იყო განსაზღვრული, მათი შრომის ანაზღაურებაში კი 2018 წელს 4 692 000 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, პრეზიდენტის 2018 წლის 3 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში პრეზიდენტის შემოსავალმა ამ პოსტზე 82 800 ლარი შეადგინა.


ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება. შესაბამისად გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ძალიან მალე დასრულდება და ისტორიის სახელმძღვანელოს ჩაბარდება.


ვინ იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რით დაგვამახსოვრებს თავს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საპრეზიდენტო ვადაში და როგორ შეცვლის ქვეყნის ისტორიას 5 წლის შემდეგ შეფასდება.

 


ავტორი: ბაჩო ადამია

 

სტატიის მომზადების დროს გამოყენებული იყო : idfi.ge - საქართველო და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია CIA-ს დოკუმენტებში, president.gov.ge - საქართველოს პრეზიდენტები, www.nplg.gov.ge - პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური კულტურა, რადიო თავისუფლება - არჩეულები და განდევნილები






თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს
access_time2019-05-24 16:00:07
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო, პროტესტის მერვე დღეს სამმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულები ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე მაღაროელებმა მთავრობას მიმართეს და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. — რატომ არ რეაგირებენ და რატომ ახსენდებათ მოქალაქეები მმართველი გუნდის...

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი  შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“
access_time2019-05-24 15:00:47
“ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან. სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი“, - ამ სიტყვებით დააანონსა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციური პროექტების დააფინანსებს ახალი პროგრამა. პრემიერმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალგაზრდა...


მსგავსი სიახლეები

up