2022 წლის ბიუჯეტის განახლებული ვერსიით, საქართველოს მთავრობის სახელფასო ფონდი 1.83 მილიარდ ლარამდე იზრდება, რაც 177 მილიონი ლარით მეტია. 2022 წლის ბიუჯეტის თანახმად, ასიგნებების მხარჯავ უწყებებში 112 752 ადამიანი არის დასაქმებული, რომელთა ხელფასებიც ჯამურად 1 830 644 800 ლარს შეადგენს.
თბილისის საკრებულოს წევრი ანა გოგოლაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ხელფასების 10%-იანი ზრდის დაპირება, თანამდებობის პირების შემთხვევაში განსხვავდება და ამის მაგალითად თბილისი საკრებულოს თავჯდომარის და მისი მოადგილეების ანაზრაურება მოაქვს. მათ შემთხვევაში ზრდა 32%-დან 46%-მდე ფიქსირდება.
„ბოლო პერიოდშიც ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც თბილისის საკრებულომ დაამტკიცა და კენჭი უყარა, იყო საჯარო მოსამსახურეებზე ხელფასების ზრდა, რაც შეფუთული იყო როგორც 10%-იანი მატება. თუმცა მაგალითად საკრებულოს თავჯდომარეს, მოადგილეებს, კომისიის და ფრაქციის თავჯდომარეებს ხელფასები გაეზარდათ საშუალოთ 30-45%-ით, რაც დაპირებულ 10%-იან ზრდაში ნამდვილად არ ჯდება. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში კომუნალური გადასახადები, ნავთობის ფასი, ინფლაცია იზრდება და ეკონომიკური კლება გვაქვს, თანამდებობის პირების ხელფასების ასეთი ზრდა ყოვლად მიუღებელია. აქ არ ვგულისხმობ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ნამდვილად უნდა ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება.
დღეს თბილისი მერიის ყველა სტრუქტურაში დაახლოებით 30 000 თანამშრომელი მუშაობს. ეს რიცხვი იმაზე მეტი არის, ვიდრე დღეს მთელ ქვეყანას ჰყავს პოლიციელი, სამედიცინო მუშაკი და ჯარი. ეს არარეალური რიცხვია, ხდება მათი პოლიტიკური ნიშნით გამოყენება და ადმინისტრაციული რესურსის გაფლანგვასთან გვაქვს საქმე. ეს ყურადსაღებია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის ვალები იზრდება, მაგალითად თბილისის მუნიციპალიტეტის ვალი არის 1 მილიარდი და ამ პირობებში ვალის ხარჯზე ხდება დასაქმებულების რაოდენობის და მათი ხელფასების ზრდა.
მერიის შემთხევაში ერთადერთი იყო კახი კალაძე, რომელსაც არ გაეზარდა ხელფასი, მან ასე ვთქვათ პოლიტიკური ნება გამოიჩინა, რაც მისი მხრიდან ერთგვარი აღიარებაა, რომ ქვეყანაში არის მძიმე მდგომარეობა. სხვა ყველა შემთხვევაში მერიაში ხელფასები 10%-ით გაიზარდა, თუმცა საკრებულოების თანამადებობის პირების შემთხვევაში ბევრად მეტით. მაგალითად საკრებულოს თავჯდომარის პირველ მოადგილეს ხელფასი ჰქონდა 4720 ლარი გაუხდა 6930 ლარი, რაც 46%-იანი ზრდაა, მსგავსი იყო სხვა მოადგილეების და ფრაქციის თავმჯდომარეების შემთხვევაშიც, დაახლოებით 32%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - განმარტა ანა გოგოლაძემ.
საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ მის მიერ მოპოველი ინფორმაციის მიხედვით, თბილისის საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. „კომერსანტისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში, ხელფასების ზრდა 10%-დან 46%-მდეც კი ფიქსირდება:
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბიუჯეტით, საჯარო მოხელეთა საბაზო სახელფასო სარგო, რაც 2017 წლიდან 1000 ლარით იყო განსაზღვრული, მინიმუმ 1100 ლარამდე გაიზარდა. საბაზისო თანამდებობრივი სარგო არის საწყისი წერტილი, რომლითაც საჯარო სამსახურში სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირის ხელფასი განისაზღვრება. უწყებებს თავიანთი განაწესის მიხედვით განსაზღვრული აქვთ კოეფიციენტები, რომლებზეც საბაზისო სარგო მრავლდება.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად, განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება. ამასთან, მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, 2022 წლის ივნისამდე შეიმუშაოს საჯარო სექტორში ხელფასის ზრდის ფორმულა, რომელიც ეკონომიკის ზრდის და კერძო სექტორში ხელფასების ზრდის მაჩვენებელს გაითვალისწინებს.
ნინო თამაზაშვილი