”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 42 % „საშუალოდ“ აფასებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27 % მის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 26 % კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, სამი თვე გავიდა. „კვირიკაშვილის 100 დღე“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა bpi.ge, რომელიც წერს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა განვლილ კვარტალში მოსალოდნელზე მეტი ინიციატივა თუ დაპირება გააჟღერა, რომელთაგან უმეტესობის განხორციელებას მთავრობა უკვე შეუდგა.
ჯერ კიდევ იანვარში პრემიერ-მინისტრი 4 ახალი ინიციატივით გამოვიდა. ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა შემდეგი მიმართულებები გამოყო: საგადასახადო რეფორმა; ჩართულობის, გამჭვირვალობის რეფორმა; რეგიონების განვითარება და ძირეული საგანმანათლებლო რეფორმა. როგორც შემდგომ პრემიერმა დააკონკრეტა, განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება.
ახალი ინიციატივებიდან განსაკუთრებული ინტერესი საგადასახადო რეფორმამ გამოიწვია. მთავრობამ პარლამენტში უკვე შეიტანა საგადასახადო კოდექსის რეფორმირებული ვარიანტი, რომლის თანახმადაც 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში რეინვესტირებულ თანხებზე მოგების გადასახადის გაუქმდება.
გიორგი კვირიკაშვილი მხოლოდ საგადასახადო კუთხით ინიციატივებზე არ გაჩერებულა და თებერვალში, პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა. ამჯერად კვირიკაშვილის განცხადებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ახალი კომპონენტი, „უმასპინძლე საქართველოში” დაემატება, ახალი კომპონენტის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა, ააშენოს ახალი სასტუმრო, გააფართოოს/გადააიარაღოს არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე. შესაბამისად სასტუმროს ბიზნესი შეძლებს სახელმწიფოს დახმარებით იაფი კრედიტების აღებას.
ახალ პრემიერს უყურადღებოდ არც მცირე და საშუალო ბიზნესი დარჩენია. მცირე მეწარმეებთან შეხვედრისას კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს „სტარტაპების“ სისტემის შემოღებაზე, რომელიც ინოვაციური იდეების დაფინანსებას მოხმარდება.
ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, მოგების ესტონური მოდელის დანერგვა, ბიზნესისთვის ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება, განათლების სისტემის რეფორმა, „სტარტაპების“ დაფინანსება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ინიციატივებისა, რაც გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის 3 თვიან პერიოდში მოასწრო.
Bpi.ge ასევე აღნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილის გაპრემიერების შემდგომ საქართველოს ეკონომიკაში რაიმე განსაკუთრებული დადებითი ძვრები არ მომხდარა, თუმცა მოლოდინები რადიკალურად შეიცვალა. ამაზე ISET-ის კვლევაც ნათლად მეტყველებს. ბოლო თვეებში საქართველოში ბიზნესის ნდობის ინდექსი მკვეთრად გაუმჯობესდა და -100/100 ბალიანი შკალით 11-დან 14 პუნქტამდე გაიზარდა. „კვირიკაშვილის ეფექტი“ – სწორედ ასე უწოდებენ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევრები საქართველოს გაუმჯობესებულ მონაცემებს. მათი მოსაზრებით, იმის ფონზე რომ საქართველოში მაკროეკონომიკური კუთხით რაიმე მასშტაბური ცვლილება არ მომხდარა, ბიზნესის ნდობის ინდექსის განმტკიცება შეიძლება ჩაითვალოს ნდობის ვოტუმად საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის ბიზნესწრეების მხრიდან.
ISET აღნიშნავს, რომ კვირიკაშვილის პრემიერობის პირველ რამდენიმე თვე გამოირჩა ბიზნესის დახმარებისკენ მიმართული უამრავი ინიციატივით, მათ შორის საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით.
„ბიზნესის მოლოდინების კუთხით დაფიქსირდა მოულოდნელი და აუხსნელი გაუმჯობესება. ბიზნესსექტორის ენთუზიაზმი შესაძლოა, იმით იყოს გამოწვეული, რომ კვირიკაშვილისთვის ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და კერძო სექტორის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღება პრიორიტეტულია“, – წერს ISET.
გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი ოპტიმისტური განცხადება გააჟღება. მისი თქმით საქართველო 10 წლის შემდეგ ნამდვილი ევროპული სახელმწიფო იქნება, რომელსაც მზარდი და დინამიური ეკონომიკა ექნება. დღევანდელი ეკონომიკური ზრდით მომდევნო ათწლეულში ევროპული ქვეყნის დონის მიღწევა შეუძლებელია. იმისათვის, რომ საქართველო საშალო ევროპულ ქვეყანას დაეწიოს მომდევნო 10 წელიწადში საშუალოდ მინიმუმ 7-8%-იანი ზრდა არის საჭირო. რამდენად შეძლებს „კვირიკაშვილის ეფექტი“ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოლოდინები პოზიტიურია.