ტყიბულის მაღაროელებისთვის საგადასახადო შეღავათების შენარჩუნების მიზნით მთავრობა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს გეგმავს.
შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც 2016 წლამდე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდნენ, შეღავათები მიმდინარე წელსაც შეუნარჩუნდებათ. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს. შესაბამისი დავალება ნოდარ ხადურს გუშინ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვის ფონზე მისცა.
ტყიბულში უკვე რამდენიმე დღეა მაღაროელები გაფიცულები არიან, ისინი ხელფასების ზრდასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს სთხოვა, წარმოედგინათ ინფორმაცია ტყიბულში არსებული მდგომარეობის შესახებ.
„გუშინ თქვენი დავალებით მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები და ეს უპირველეს ყოვლისა შეეხება სწორედ მეშახტეებს, შეუნარჩუნდებათ არსებული შეღავათები. ამის თაობაზე უკვე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი იქნება ინიცირებული უახლოეს მომავალში. ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში შევიტანთ და ის ამოქმედდება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან, ანუ ექნება უკუქმედების ძალა“,- აღნიშნა ნოდარ ხადურმა. დავით სერგეენკომ კი განაცხადა, რომ ტყიბულის მაღაროში განვითარებული მოვლენები ცალსახად შრომითი დავაა და მასში ჯანდაცვის სამინისტრო მედიატორის ფუნქციით არის ჩართული. „ტყიბულის მაღაროში ბოლო 2 დღეში განვითარებული მოვლენები არის ცალსახად შრომითი დავა, ის არ არის კავშირში რაიმე სხვა პროცესებთან. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან ჩართულია შრომით დავაში - ეს ჩვენი კანონით მონიჭებული მოვალეობაა. ჩვენი მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც რჩება შრომითი დავის ფარგლებში. ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს მოლაპარაკების გზით და ჩვენი მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ:1999 წლიდან დღემდე მაღაროელები, რომელთაც ჰყავდათ მცირეწლოვანი შვილები, იბეგრებოდნენ 10 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით, სანამ მათი შემოსავალი არ მიაღწევდა 3000 ლარს. დაახლოებით 800 ადამიანმა აღნიშნული შეღავათი დაკარგა, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი წლიურად 300 ლარზე ნაკლებს მიიღებდნენ. აღნიშნული ცვლილება გამოიწვია იმან, რომ ტყიბულის რაიონი და მისი 14 სოფელი მიეკუთვნებოდა მაღალმთიან ზონას, 2016 წლის 1 იანვრიდან კი, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმედების შედეგად, აღარ მიეკუთვნება.