საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამშაბათის სხდომაზე, გაუარესებული ეპიდვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს“.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება კვლავ მოუწევს, გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება.
„ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისე დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს, შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. წინასწარ მინდა პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ზოგადად, გართულდება სიტუაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და ჩვენ დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა, ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 550 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს.