„პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 ძირითად პროდუქტზე იყოს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა არ იყოს ასახული მოქალაქეებზე“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციებს დაიწყებს. „დაიწყება მუშაობა ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ნაკლებად ცვალებადი ფასები იყოს ამ პროდუქტებთან მიმართებაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge