საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან ერთად, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის, მათი საჭიროებებისა და დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.
გიორგი გახარიამ თითოეული კლინიკის ხელმძღვანელს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს და ყველა თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი სწევენ კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში.
საუბარი იმ ღონისძიებებსაც შეეხო, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა მსუბუქი შემთხვევების მბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობას ენიჭება, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.
კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება კლინიკის მიღმა არ დარჩნენ.
ამასთან, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მთავრობა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროცესის ოპერატიულ მართვას, შესაბამისად კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.