პოლონელი ფერმერები სეზონური მუშახელისთვის ხელფასებს ზრდიან და სამუშაო პირობებს აუმჯობესებნ. ინფორმაციას დარგის პორტალი, Sady Ogrody ავრცელებს.
პორტალის ცნობით, მაგალითად, კიტრის კრეფის ტარიფი წელს საათში 15-დან 22 ზლოტამდე (3,25-დან 4,80 დოლარამდე) მერყეობს, მაშინ, როცა გასულ წელს მაქსიმალური ფასი საათში 20 ზლოტი (4,35 დოლარი) იყო. ზოგიერთი დამსაქმებელი მუშახელს უფასო საცხოვრებელ ოთახებსა და კვებას სთავაზობს, ზოგი ფერმერი კი სტაბილური მუშახელის შესანარჩუნებლად ბონუსებსა და შეღავათებს აწესებს, ასევე, მათ საუკეთესო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფს.
Sady Ogrody წერს, რომ ხილისა და ბოსტნეულის პოლონელი მწარმოებლებისთვის ეს სეზონი რთული აღმოჩნდა, როგორც წარმოების ხარჯების გაზრდის, ისე სეზონური მუშახელის ნაკლებობის გამო. წელს მათი მიზიდვის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.
„ინტერნეტფორუმები მოსავლის ამღები მუშების დაქირავებაზე წინადადებებით სავსეა, ხოლო აპლიკანტები უფრო ნაკლებია, ვიდრე შეთავაზებები,“ - წერს Sady Ogrody.
პორტალის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ შრომაზე მოთხოვნა, განსაკუთრებით დიდ პლანტაციებზე, დიდია, სამუშაო საათის ფასი ზევით ავარდა. ზოგადად, წელს პოლონეთში სოფლის მეურნეობის შრომის ბაზარი მთლიანად შეიცვალა. უკრაინის ომის გამო უცხოელი მუშახელი ბევრად შემცირდა, თავად უკრაინელი ლტოლვილები კი, Sady Ogrody-ის ცნობით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებას არ ჩქარობენ.
ფერმერები იმედოვნებენ, რომ მაღალი ინფლაცია, სურსათის ფასებისა და კომუნალური გადასახადების ზრდა ზოგიერთ პოლონელს აიძულებს, დამატებითი სამუშაო მოიძიოს, რადგან, როგორც პორტალი წერს, წელს პოლონეთში მოსავლის ასაღებად უკრაინელებისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ მიზიდვას არ მოელიან.
წყარო: bpn.ge