„პირველად ცხოვრებაში მე არაფერი მითქვამს, რადგან იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, რომ დავიბენი“— ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. ბიზნესმენის განცხადებით, გიორგი გახარიასთან კონსტრქუციული და საინტერესო შეხვედრა შედგა.
„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი იყო მეგობრული, კარგი, კონსტრუქციული. ჩემდა გასაკვირად, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. სხვათა შორის, სერიოზულად, ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე. ბიზნესის მნიშვნელობა გაცილებით გაზრდილია და ურთიერთობაში თავის თავზე პირადად იღებს ბევრ ვალდებულებას, რომ ხელშეწყობილი იყოს და ჩქარი ტემპით განვითარდეს. ერთი სიტყვით, პირველად ცხოვრებაში მე არაფერი მითქვამს, რადგან იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, რომ დავიბენი“, – განაცხადა ჭყონიამ.
ჭყონიას თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი სახელმწიფოებრივ საკითხებზე უნდა იყოს.
„ჩემს თავს მე თავად მოვუვლი. ვფიქრობ, რომ ბიზნესმა თავის თავს უნდა მოუაროს. ჩვენ თუ ვისაუბრებთ, უნდა ვისაუბროთ, ერთობლივად რა შეგვიძლია, უფრო დიდი გავაკეთოთ სახელმწიფოსთვის, თორემ ბიზნესს, რომელიც თავის თავს ვერ უვლის, სახელმწიფო ვერ მოუვლის“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.