2021 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში პროდუქციის გამოშვება უმნიშვნელოდ 0.2%-ით 10.285 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ბევრ სფეროში ზრდა უფრო მაღალი იყო, თუმცა ზოგი მიმართულებით ორნიშნა ვარდნაც აღინიშნა.
პროცენტულად ყველაზე მეტად 16.4%-ით 482 მლნ-მდე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფროს გამოშვება გაიზარდა, თანხობრივად კი 339 მლნ-ით 3.329 მლრდ ლარამდე მრეწველობა. ფარდობითი ზრდა ამ შემთხვევაში 13.6%-ს შეადგენდა.
როგორც თანხობრივად, ასევე პროცენტულად ყველაზე მეტად სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულება დაზარალდა. სფეროს გამოშვების მოცულობა 1 წელიწადში 208 მლნ ლარით 233 მლნ-მდე შემცირდა, რაც 47%-იან ვარდნას უდრის. საქართველოში კოვიდის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დადასტურდა, მთელი 13 თვის განმავლობაში, 2021 წლის მარტის ჩათვლით ტურისტების რაოდენობა ორნიშნა ტემპით მცირდებოდა, რესტორნებიც ივნის-სექტემბრის გამოკლებით ან სულ დახურული იყო, ან შეზღუდვების რეჟიმში მუშაობდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვნად დაზარალებული სფერო ხელოვნება, გართობა და დასვენებაა, რომლის გამოშვებაც 114 მლნ-ით 332 მლნ-მდე შემცირდა. აღნიშნულის მიზეზი კაზინოებისა და ტოტალიზატორების დახურვაა.
სხვა სფეროებიდან გამოშვება გაზრდილია სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით, ხოლო კლება აღინიშნება მშენებლობის, ტრანსპორტირების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და ადმინისტრაციულ დამხმარე მომსახურების საქმიანობებში.