მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.3%-ით $125 მლნ-მდე შემცირდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მთელს ინვესტიციებში რეინვესტირების წილი 58%-ა.
#1 ინვესტორი $88 მლნ-ით დიდი ბრიტანეთია, $32 მლნ-ით რუსეთი მეორე ადგილზეა, სამეულს კი $25 მლნ-ით თურქეთი ასრულებს. საფულისხმოა, რომ ნომინალურად ინვესტიციებმა $212 მლნ-ს გადააჭარბა, თუმცა $87 მლნ-ის გადინების შემდეგ $125 მლნ-მდე შემცირდა.
სფეროების მიხედვით ყველაზე მეტი - $94 მლნ საფინანსო სექტორში ჩაიდო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს მხოლოდ $1 მლნ-ით ჩამორჩება. პირველ კვარტალში ინვესტიციებში საფინანსო სექტორის წილმა ¾-ს მიაღწია. მეორე ადგილზე $35.5 მლნ-ით ენერგეტიკაა, შარშან ამ დროს დარგში $20 მლნ-იანი გადინება დაფიქსირდა. თითქმის $28 მლნ-იანი ინვესტიცია განხორციელდა დამამუშავებელ მრეწველობაში, $24 მლნ-ზე მეტი უძრავ ქონებაში და $12 მლნ ჯანდაცვაში. მკვეთრად $9 მლნ-დან $1.7 მლნ-მდე შემცირდა ინვესტიცეიბის მოცულობა მშენებლობაში.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კლება 2018 წლიდან დაიწყო. 2020 წელს კი 15 წლიან მინიმუმამდე - $617 მლნ-მდე შემცირდა.