ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატის პაციენტებზე გამოცდა დაიწყო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევაში მონაწილეობას 1 140 ადამიანი იღებს. კვლევის მონაწილეები პრეპარატ PF-07321332-ს „რიტონავირის“ დაბალ დოზასთან ერთად მიიღებენ.
კვლევების ამ ფაზაში უნდა შეფასდეს მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება „რიტონავირთან“ კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კორონავირუსი და ინფექციის გართულების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
პრეპარატი PF-07321332 შექმნილია იმისათვის, რომ ძირითადი ფერმენტის აქტივობა დაბლოკოს, რომელიც კორონავირუსის რეპლიკაციისთვისაა საჭირო.
ივლისში კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ თუ პრეპარატატი PF-07321332-ის ტესტირება წარმატებული იქნება, იგი მეოთხე კვარტალში პრეპარატის გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაციის მოპოვებას შეეცდება.
imedinews.ge