კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ გლობალური ბიოფარმაცევტული კომპანიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი ვარიანტი გაჩნდება, რომელიც ვაქცინისადმი მდგრადი იქნება.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი ვარიანტი ჩნდება მსოფლიოში, ჩვენი მეცნიერები მას იკვლევენ, რათა დაინახონ, შეძლებს თუ არა ეს ვარიანტი ჩვენი ვაქცინის დაცვის გარღვევას. ამგვარი ვარიანტი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ, ერთ დღეს გაჩნდება“, - აღნიშნა კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.
ალბერტ ბურლამ ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის შემაშფოთებელი ვარიანტის აღმოჩენიდან 3 თვეში Pfizer-ი ვაქცინის განახლებული ვერსიის შექმნას შეძლებს.
„ჩვენ შევქმენით პროცესი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის შემაშფოთებელი ვარიანტის გამოვლენიდან 95 დღის განმავლობაში აღნიშნულ ვარიანტზე მორგებული ვაქცინის მიღებას შევძლებთ“, - განაცხადა მან.
imedinews.ge