პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „მწვანე სკოლა“ 500 ლარით დააჯარიმა. ეს ინფორმაცია imedinews-ს თავად უწყებაში დაუდასტურეს. ამასთან, მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სკოლას რეკომენდაციები მისცა.
როგორც „მწვანე სკოლის“ დირექტორი კახა დავითური განმარტავს, დაჯარიმების საფუძველი მათი მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების სამართალდამცველებისთვის გადაცემა გახდა. საუბარია კამერების ჩანაწერებზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ დღეს განაცხადა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას.
ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს 20:10 საათზე გაუჩერდა გული.
გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავეს. საიას ინფორმაციით, მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ყინწვისის სპეცოპერაციის გამოძიებაშიც ფიგურირებს.
imedinews